გევედრები შენ, ქრისტე, მაცხოვარო სოფლისაო, მოიხილე ჩემდა და შემიწყალე მე და მიხსენ მე მრავალთაგან უშჯულოებათა ჩემთა, რამეთუ ურჩ ვექმენ ყოველთა მათ კეთილთა, რომელ ჰქმენ ჩემ თანა, რამეთუ მე, უცები და უგუნური, მყავ ჭურ სავსე მეცნიერების და სიბრძნის. განმრავლდა ჩემ ზედა მადლი შენი და აღავსო შიმშილი ჩემი და წყურილისა ჩემისაგან განმისუენა მე და განანათლა დაბნელებული გონებაჲ ჩემი; შეკრიბნა შეცთომილნი გულის-სიტყუანი ჩემნი და აღავსნა წიაღნი ჩემნი ყოვლითა სიმდიდრითა და კეთილითა.
და აწ თაყუანის-გცემ და გლოცავ, შეგივრდები და გევედრები და აღგიარებ ჩემსა მას უძლურებასა, შენსა მაგას მრავალსა კაცთ-მოყუარებასა, განმისუენე მე ღელვათაგან მადლისა შენისათა, მომმადლენ მე პატიოსანნი იგი მარგალიტნი და დამიმარხენ იგინი საფასეთა შინა შენთა და მერმე უკუმომცენ იგინი დღესა მას დიდსა. აწ ნუ განჰრისხნები ჩემ ზედა, კაცთ-მოყუარეო, ნუუკუე ვერ დაუთმო სიმძაფრეთა მათ ღელვისა შენისათა. მისთვის გევედრები შენ კადნიერად, რამეთუ უფროის ზომისა ჩემ ზედა განმრავლდა, რამეთუ ენაჲ ჩემი მოუძლურდა და ვერ მისწუდა გამოუთქუმელსა, და გონებაიცა ჩემი განჰკრთა, რამეთუ ვერ იტვირთნა სიმრავლენი იგი ღელვათა მისთანი.
ხატ და ნათელ კურთხეულისა მამისაო, განმისუენე მე ღელვათაგან მისთა, რამეთუ, ვითარცა ცეცხლი, შესუწუავს თირკუმელთა ჩემთა, და მერმე მუნ მომეც მე იგი, მაცხოვნე მე სასუფეველსა შენსა და ნუ მოიხსენებ უშჯულოებათა ჩემთა, რამეთუ ვიკადრებ მე თხოვად შენგან, მომეც მე თხოვაჲ ჩემი და ყავ სადგური ჩემ თანა კურთხეულითურთ მამით შენით დღესა მას გამოცხადებისა შენისასა. მომმადლე მე, ქრისტე, ვედრებაჲ ჩემი, რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ მომცემელი ცხოვრებისაჲ. დაფარენ უშჯულოებანი ჩემნი ყოველთაგან მეცნიერთა ჩემთა და შეიწირენ ცრემლნი ჩემნი, და მიგეახლენ შენ ტირილი ჩემი. მოიხსენენ ცრემლნი ჩემნი, ვითარ-იგი ვცრემლოოდე წინაშე წმიდათა მარტვილთა შენთა, რაჲთა შევიწყალო მე ჟამსა მას ძრწოლისასა და რაითა დავეფარო ფრთეთა ქუეშე მადლისა შენისათა.
უკუეთუ გინდეს ყოფად ჩემდა უშჯულოებათა ჩემთაებრ, ვაი მე, უბადოსა ამას, რაჲ მე შემემთხვიოს. კაცთ-მოყუარეო და სახიერო, ლეგეონმან თვინიერ ცრემლთა გამოითხოვა კოლტი იგი ღორთაჲ, და მიეც მას, ხოლო მე ცრემლით და სულ-თქუმით ვევედრები კაცთ-მოყუარებასა შენსა, მიხსენ მე უშჯულოებათა ჩემთაგან და მომმადლე მე სასუფეველი შენი და გამოაჩინე ჩემ ზედა მიუწიფებელი შენი კაცთ-მოყუარებაჲ, მყავ მე თანა-მკვდრ ავაზაკისა მის, რომელ-იგი ერთითა სიტყვათა მკვიდრ იქმნა სამოთხისა, რომელ-იგი სრულთა მათ მართალთა შენთა აღუთქუ. მუნ მე შემიყვანე შენითა სახიერებითა, და დავემალო მე შორის ხეთა მათ მისთა და ვიხილო ადგილი იგი, სადა-იგი ადამ დაემალა დიდებითა და მხიარულებითა, სადა-იგი არქუ მას: ადამ, სადა ხარ, რაჲთა თაყუანის-ცემაი და დიდებაი შევწირო. რამეთუ შენ ისმინენ ლოცვანი ჩემნი და უშჯულოებანი არა იხილენ.
აწ დასხენ, უფალო, ცრემლნი ჩემნი წინაშე შენსა, ვითარცა აღმითქუ შენ, რაჲთა გარე-მიიცქეს მტერი ჩემი ჩემგან, შეშინდეს და შეძრწუნდეს, მიხილოს მე ოდეს ადგილსა მას, რომელ განმიმზადეს წყალობათა შენთა, რამეთუ ჰგონებდა იგი ხილვასა ჩემსა ადგილსა მას ბნელისასა. შეშინდეს და შეძრწუნდეს, რამეთუ ნებაჲ მისი არა იქმნა, არცაღა გულის-თქუმაი მისი შეგინებული აღესრულოს.
ჰე სახიერო, ჰე კაცთ-მოყუარეო, ჰე მხოლოო შეუცოდებელო, ჰე უხრწნელო და შეუგინებელო, მოავლინე ჩემ ზედა მიუწვდომლი იგი შენი კაცთ-მოყუარებაჲ და მომეც მე, რაჲთა მე და ყოველთა რომელთა შეგიყუარეს შენ, მკვიდრ ვიყუნეთ სასუფეველსა შენსა და ვიხილოთ დიდებაჲ შენი და თაყუანის-ვსცეთ სახიერებასა შენსა და ვთქუათ ერთბამად, ოდეს ღირს ვიქმნეთ ხილვად განუძღომელსა მას კეთილისა შენისასა: დიდებაჲ მამასა, რომელმან შეგუქმნნა ჩუენ, დიდებაჲ ძესა, რომელმან გუაცხოვნნა ჩუენ, დიდებაჲ წმიდასა სულსა, რომელმან განგუაახლნა ჩუენ აღსასრულამდე ჟამთა უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
სული ჩემი მელმის, საყუარელნო, და თქუენცა ჩემთანა გელმოდენ, ძმანო, მამანო კურთხეულნო. მოვედით და ისმინეთ. გოდებს სული ჩემი და ელმის თირკუმელთა ჩემთა. სადა არიან ცრემლნი, ანუ სადა არს ტირილი, რაითა დავიბანნე ხორცნი ჩემნი ცრემლითა და ტირილითა და სულ-თქუმითა?
ვინმცა განმიყვანა მე და მყო ადგილსა უდაბნოსა, სადა არა არს ყოვლადვე ხმაი ძეთა კაცთაჲ, სადა არს მშვიდობაჲ და ყუდროებაჲ დიდი, სადაც-იგი არა არს ჟღავილი დამაბრკოლებელი ცრემლითაჲ, არცაღა კუალად სიმრავლე დამაყდუნებელი ტირილისაჲ, რაჲთამცა აღვიმაღლე ხმაი და ვტიროდე ღმრთისა მიმართ მწარითა ცრემლითა და ვთქუმცა სულთ-ქუმით: მილხინე მე, უფალო, და მელხინოს, რამეთუ დიდად ელმის გულსა ჩემსა, და სულ-თქუმანი იგი მისნი არა მიტევებენ მე წუთ, რაჲთამცა განვისუენე.
ვხედავ, უფალო, რამეთუ წმიდათა შენთა, ვითარცა ოქროთა რჩეულთა, წარიყვანებ ამიერ სოფლით განსუენებად და ცხორებად, ვითარცა მუშაკმან ბრძენმან გონიერებით რაჟამს იხილნის ნაყოფნი კეთილად მომწიფებულნი, მოსთულნის იგინი ადრე, რაითა არავისგან ევნოს საქმისაგან მტერისა ნაყოფსა მას. ეგრეცა შენ, მაცხოვარ, შეჰკრებ რჩეულთა შენთა დამაშურალთა, რომელნი-იგი წმიდად ცხონდეს ამაოსა ამას სოფელსა, ხოლო ჩუენ, უდებნი და მედგარნი, თვისითა ნებითა დავადგერით ესრეთ სიფიცხლესა შინა დიდსა, და ნაყოფი ჩუენი მარადის ურგებ არს და დალპოლვილ და დადგრომილ ოდესვე და არა აქუს ნებაჲ, რაჲთამცა მომწიფნა კეთილად საქმითა კეთილითა, რაჲთამცა მოისთულო წმიდად და დაიდვა საუნჯეთა მათ ცხორებისათა.
არა ჰქონან ცრემლნი თუალთა ჩუენთა, რაჲთამცა დააცურინა ჰაერსა მას სიცხისასა; არცაღა ტირილი, რაჲთამცა აღმოსცენდა სულითა ცრემლისაითა; არცა სიმდაბლე, რაჲთა აგრილობდეს ზეგარდამო დიდსა მას სიცხესა; არცაღა სიგლახაკე ღმრთისათვის, რაითა არა დამძიმდეს მტერისაგან; არღაცა სიყუარული ღმრთისაჲ ძირ-მტკიცედ, რაითამცა იტვირთა ნაყოფი იგი კეთილი და შუენიერი; არცაღა უზრუნველობაი ქუეყანისა საქმეთაჲ, რომელნი არიედ ვითარცა მატლნი და შეშჭამედ ნაყოფსა უდებთა კაცთასა; არცაღა მღვიძარებაჲ, არცაღა გონებაჲ მღვიძარე და ფრთხილი ლოცვასა შინა ამის ყოვლისა კეთილისა წილ სათნოისა და სახიერისა გუქონან მტერობანი, რისხვაი დიდი და გულის-წყრომაი, რომელი დასთგუნავს ნაყოფსა სახმარსა და შუენიერსა, და ურვაჲ, რომელი დაამძიმებს მას, და წუხილი, რომელი გამოსწოვს ყოველსა მას სიპოხესსა მისსა. ესე ყოველნი შეემთხუევიან, ვითარ უტეონ ნაყოფსა მას დამწიფებად წმიდად, რაითა სახმარ ეყოს უფალსა სულთასა და წმიდასა ზეცისა მუშაკსა და მწყემსსა.
ვაი მე, ვაი მე, სულო ჩემო, გელმოდენ და ცრემლოოდე, სულთ-ითქუემდ და იგლოვდ შენისა მაგის უდებებისათვის უფროჲსღა აწ, რამეთუ დააკლდი მამათა მათ სრულთა და წმიდათა მონაზონთა და ბრძენთა! სადა არიან მამანი, ანუ სადა არიან სრულნი? სადა არიან წმიდანი, ანუ სადა არიან ღირსნი? სადა არიან მღვიძარენი, ანუ სადა არიან ფრთხილნი? სადა არიან მდაბალნი ანუ სადა არიან დაშნნი; სადა არიან დაგლახაკებულნი ღმრთისათვის, ანუ სადა არიან ყუდრონი? სადა არიან მმარხველნი, ანუ სადა არიან ღმრთის-მოყუარენი? სადა არიან სათნონი, ანუ სადა არიან მტირალნი, რომელნი დგანედ მარადის წინაშე ღმრთისა ლოცვასა შინა წმიდასა, ვითრაცა ანგელოზნი ღმრთისანი და დაალტობენ ქუეყანასა ტკბილითა მით ცრემლითა მათითა და ტირილითა? სადა არიან ღირსნი ღმრთის-მოყუარენი, სავსენი სიყუარულითა ღმრთისაჲთა? რომელთა არარაჲ მოიპოვეს ყოვლადვე განხრწნადი ქუეყანასა ზედა, არამედ აღიღეს ჯუარი მისი და შეუდგეს თვისსა უფალსა და ვიდოდეს კრძალულად გზასა მას იწროსა და ეკრძალებოდეს ჭეშმარიტად, ნუუკუე გარდააქციონ უგზოსა, ნუცაღა კუალად უდაბნოსა ცთომილნი ვიდოდიან, არამედ წრფელსა გზასა ჭეშმარიტად მცნებათა ღმრთისათა, რომელი სავსე არს ნათლითა და ბრძანებითა უფლისაჲთა.
ვიდოდეს გულს-მოდგინეთ და ჰმონებდეს ღმერთსა და აჭირვებდეს ხორცთა მათთა ცხორებასა ამას ამაოსა. ამისთვისცა შეიყუარნა იგინი ღმერთმან ფრიად და შეკრიბნა იგინი სადგურსა მას ცხორებისასა საუკუნესა მას სიხარულსა, რაჲთა მუნ იხარებდენ და იშუებდენ სამოთხესა მას ფუფუნებისასა სიძისა მის თანა უკუდავისა, ზეცისა უფლისა, რამეთუ სიხარულითა დიდითა წარვიდეს ამიერ ღმრთისა მიმართ წმიდისა და აქუნდეს სანთელნი მზანი ხელთა მათთა.
არა არს ჩუენ თანა მათი იგი სათნოებაჲ და არა არს ჩუენ თანა მათი იგი მონაზონებაჲ; არა არს ჩუენ თანა მათი იგი ღმრთის-მოყუარებაი და არა არს ჩუენ თანა მათი იგი ყუდროებაჲ; და არა არს ჩუენ თანა მათი იგი ტირილი და არა არს ჩუენ თანა მათი იგი უპოვარებაჲ; არა არს ჩუენ თანა მათი იგი მღვიძარებაჲ და არა არს ჩუენ თანა მათი იგი სიყუარული ღმრთისაჲ; არა არს ჩუენ შორის სიყუარული ქრისტეს მიმართ და არა არს ჩუენ შორის მოწყალებაჲ ძმათა მიმართ; არა არს ჩუენ თანა მათი იგი მარხვაჲ და არა არს ჩუენ თანა მათი იგი წესიერებაჲ, არამედ ყოველნი ველურ და დაუმორჩილებელ ვართ და ყოვლადვე არა დავიჯერებთ ურთიერთას.
ისარნი განხურვებულნი არიან ენანი ჩუენნი, და დღითი-დღედ ძვირსა ვიტყვით ურთიერთას, ყოველნი პატივსა ვეძიებთ და ყოველთა გვიყუარს დიდებაჲ და ყოველნი ცუდად მზუაობარ ვართ, ყოველნი სიმდიდრის-მოყუარე ვართ, ყოველნი მიმომავალ ვართ, ყოველნი მოძილ ვართ, ყოველნი მედგარ ვართ და უდებ, ყოველნი ვართ გულ-მწყრალ და ყოველნი ვართ მცონარ და მაშინებელ, უხმარისა სიტყვისათვის სულ-გრძელ და ლოცვისათვის სულ-მოკლე, შინა-ჯდომისათვის უძლურ და მიმოსვლისათვის ძლიერ, შუებისათვის გულ-მოდგინე და მარხვისათვის მწუხარე, სიყუარულისათვის ცივ და სიძულილისათვის ტფილ, კეთილისათვის მცონარ და ბოროტისათვის მოსწრაფე.
ვინ არა ტიროდის, ანუ ვინ არა იგლოვდეს ჩუენსა ამას წესიერებასა, რომელი სავსე არს მედგრობითა? ხოლო იგი მამანი, მონანი ღმრთისანი და ჭეშმარიტნი ღმრთის-მოყუარენი, სახმარ ეყვნეს თვისსა უფალსა, აცხოვნნეს თავნი თვისნი და სხუანი მრავალნი, არა იყვნეს მცონარ, არცა ყოვლად განმცხრომელ, არღაცა ორითა გულის-სიტყვითა ვიდოდეს სადამე, არამედ ერთი გულის-სიტყუაჲ აქუნდა წმიდათა მათ, რაითამცა ცხონდეს, რამეთუ სარკე ეყვნეს და კეთილ ყოველთა, რომელნი ჰხედვიდეს მათ. ერთი იყო მათგანი შემძლებელ ღმრთისა ვედრებად მრავალთა კაცთათვის, და კუალად ორნი მათგანნი შემძლებელ იყვნეს წარდგომად წინაშე ღმრთისა ლოცვასა შინა მათსა წმიდასა გარე-მიქცევად რისხვისა, წარმართთა ზედა მოვლინებულისა.
ვაი მე, ვაი მე, ძმანო, რომელსა ჟამსა ვართ! ვაი მე, საყუარელნო ჩემნო, რომელთა ხენეშთა და ბოროტთა წელთა მოგუცალდა და არა გუნებავს ცნობაი, რომელთა ბოროტთა შინა ვცხონდებით მარადის. რამეთუ არა ფრთხილ არს თუალი იგი სულისაჲ დიდითა დაბრმობითა მისითა და განცხრომითა, ამისთვის ვერ შემძლებელ ვართ განცდად მომავალისა მის ჭირისა ამაოსა ამას სოფელსა. წმიდანი და მართალნი ესერა აწ გამოერჩევიან სადგურისა მისთვის ცხოველისა, რაითა არა იხილონ ჭირი, რომელი მომავალ არს ყოველთა ზედა ცოდვათა ჩუენთათვის. იგინი გამოერჩევიან, და ჩუენ გვრულის, იგინი შერკბებიან, და ჩუენ გუძინავს; იგინი აღიტაცებიან, და ჩუენ სოფელსა მას ამაოსა ვიქცევით; იგინი მივლენან განცხადებულებითა დიდითა ღმრთისა მიმართ წმიდისა, და ჩუენ ქუეყანასა ზედა განვსცხრებით; უფლისა მოსლვაჲ კართა ზედა გუადგს, და ჩუენ ორგულებთ; ზეცისაჲ იგი საყვირი მზა არს ხმობად ბრძანებითა ღმრთისაჲთა და შეძრვად ერთბამად ყოველთა შესაძრწუნებელითა ხმითა ღმრთისაითა და აღდგინებად ყოველთა, რომელნი საუკუნითგან დაძინებულ არიან, რაჲთა კაცად-კაცადსა მიეგოს საქმეთა მათთაებრ სამართალი საშჯელი, და ჩუენ უდებ ვართ და ფრიად შეურაცხ-გვიყოფიეს; ძალნი ცათანი მზად დგანან ბრძანებისათვის მისისა მოსლვად შიშით წინაშე სიძისა, რაჲთა მოვიდეს დიდებითა მამისაჲთა სოფლად განშჯად ცხოველთა და მკუდართა, და ჩუენ არა გურწამს.
რაი-მე იყოს ჩუენი, ძმანო, ანუ ვითარ წარვდგეთ მუნ წინაშე ქრისტესა, ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ უდებებისათვის ჩვენისა ცხო¬რებისა? მოვედით აწ და ვისწრაფოთ, საყუარელნო ძმანო, და ვტიროდით დაუცხრომელად და ვინანდეთ კეთილად მდაბლითა სულითა და ყუდროითა გონებითა; უკუეთუ არა, მუნ ურგებად ვტიროდით ჟამსა მას საშჯელისასა და განკითხვასა მას ყოველთა კაცთასა, რამეთუ ვიტყოდით კაცად-კაცადი მწარითა ცრემლითა: ვაი მე, ცოდვილსა ამას: რაი-ესე მყის იქმნა ჩემ ზედა უბადრუკისა, და ვითარ წარხდა ცხორებაჲ ჩემი მედგრობით, ვერ ვცან კრძალულად და არა გულისხმა-ვყავ სამართლად, ვითარ-იგი მიიპარნეს ჟამნი ჩემნი განმცხრომელისანი, ვერ გულისხმა-ვყავ ჭეშმარიტად.
სადა არიან დღენი იგი სულ-დაღებულნი, რომელთა მე თანა-წარვჰხედ უდებებითა ამით დიდითა, რაითამცა შევინანე ძაძითა და ნაცრითა? რამეთუ არარაი სარგებელ გეყვნენ შენ მრავალნი სიტყუანი მას ჟამსა შინა. მერმე კუალად ოდეს ვიხილნეთ წმიდანი ღრუბლითა ჰაერთა შინა, რამეთუ მიეგებვოდიან ქრისტესა, მეუფესა დიდებისასა, ხოლო თავთა თვისთა ვხედვიდეთ დიდსა შინა ჭირსა, რაჲ-მე ვყოთ, ანუ რასა-მე ვიქმოდით? ვინ-მე იტვირთნეს ეგოდენნი იგი სირცხვილნი და მრავალნი ყუედრებანი? განვიფრთხოთ, ძმანო საყუარელნო, განვიფრთხოთ, მოყუარენო ღმრთისანო, განვიფრთხოთ, მონანო ქრისტესნო, შვილნო საყუარელნო ღმრთისაგან მაცხოვრისა.
მოვედით აწ და შევეწინეთ თავთა თვისთა და შევიკრიბნეთ თვისნი იგი გულის-სიტყუანი ამის სოფლისაგან ამაოჲსა, შეუვრდეთ ღმერთსა მრავლითა ცრემლითა და ვევედრებოდით მას დღითი-დღედ სულ-თქუმითა გულისაითა, რაითა გვხსნეს ჩუენ ცეცხლისაგან საუკუნოისა და მწარისაგან სატანჯველისა. თუმცა განვეშორებით ტკბილსა უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომელმან მისცა თავი თვისი ჩუენთვის. ყოველთა თქუენ გევედრები და ყოველთა მე შეგივრდები, ცოდვილი ესე და არა ღირსი მონაი, დასთხიენით ცრემლნი ჩემთვის უდებისა ლოცვასა შინა თქუენსა, მსახურნო ქრისტესნო, რაჲთა მეცა თქუენ თანა ვტიროდი ცრემლით, და განათლდეს მცირედ დაბნელებული გული ჩემი, და მოვიძიო მაცხოვარი წმიდაჲ, რაჲთა მომმადლოს მე გულს-მოდგინებაი მცირედ და ვინანდე სწრაფით, ვიდრე ჟამი ესე არსღა შევიწვად სინანულისა, და თქუენ თანა ვიყო სამოთხესა მას ფუფუნებისასა ნათელსა მას საუკუნესა.
ესე, საყუარელნო, მიიღეთ ქენებაჲ ესე ჩემი სიყუარულისათვის ღმრთისა; ჰე, ასონო ქრისტესნო, მიიღეთ ვედრებაჲ ჩემი, უდებისა ძმისა თქუენისაჲ, და ვისწრაფოთ ყოველთა ღმრთისა მიმართ წმიდისა, რაითა მლხინებელ გუეყოს, ვიდრე გუქონანღა ჟამნი ესე. აჰა ესერა კართა დგას უფალი აღსრულებად ამაოისა ამის სოფლისა. ამისთვის მადლი მივსცეთ ქრისტესა, დიდებასა შინა მყოფსა, რამეთუ მისი არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
* * *
ძმანო, არა ვითარმცა ვგუემენ ხორცნი ეგე თქუენნი მახვილითა, არამედ გაწუევ თქუენ, საყუარელნო, რაჲთა ვახარო სულთა თქუენთა მოძღურებითა ქრისტესითა. ვიწრაფით ჩუენ, ძმანო, რამეთუ საჭმელმან ჩუენმან განასუქნის ხორცნი და ღვინომან ფეროვან ქმნის ფერი პირისაჲ. ამან უმეტეს გესლოვან ქმნის გონებაჲ, რაჲთა არა განწმინდნეს, და შეაშთვის სული იგი შიმშილითა გულის თქუმისაჲთა.
და ვითარ სახედ მოგუეახლნიან ჩვენ მარხვანი, მოგუეცნიან ჩუენ გონებანი ანგელოზთანი, რამეთუ ამით მიზეზითა ვჰმსახურებდით უფალსა ქუეყანასა ზედა, ვითარცა-იგი რამეთუ ამის მიზეზითა ვჰმსახურებდით უფალსა საჭმელმან და სასმელმან დაამდაბლიან კაცი და მიაწიიან სახესა პირუტყვუთასა, რომელნი დაკლებულ არიან სასოებისაგან აღდგომისაჲსა.
უწყით თქუენცა, საყუარელნო, რამეთუ სასოებაჲ პირუტყუთაჲ მუცელი მათი არს და აღსასრული მათი დღე სიკუდილისა მათისაჲ. და ყოვლისათვის, რომელი მსგავს არს მათა, ესრე თქუა პავლე მოციქულმან, ვითარმედ: რომელთაჲ ღმერთ მუცელი მათი არს და დიდებად სირცხვილი მათი. ხოლო ჩუენ არა ესრეთ ვისწავეთ ქრისტესგან, არამედ ესრეთ გურქუა ჩუენ, ვითარმედ: ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდის და სწყუროდის სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღენ.
უკუეთუმცა არა გუაუწყა ჩუენ საუკუნისა ცეცხლისათვის, ვინ უწყის, ვჰგონებდითმცა, ვითარმედ ყვიან მათ, რომელთა არა დაიდვიან უღელი მარხვისაჲ სიტყვისა მისებრ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ვსუათ და ვჭამოთ, რამეთუ ხვალე სიკუდილდ ვართ. ვითარმედ არცა ამას სოფელსა სარგებელ არს ნაყროვანებაჲ და სიმთვრალე, რომელთა მოიპოვიან იგი, რამეთუ ნაყროვანებამან შეამძიმნის ხორცნი და აურვებნ ასოთა, აჭირებნ სტომაქსა და აღაგზნის აღძრვანი გონებათანი.
და რამეთუ მრავალ არიან საცთურნი მთრვალთანი, ვითარცა გარდასცთის კაცი ღვინითა, უფროის პირტუყვისა უგუნურ იქმნის, რამეთუ პირუტყუმან იცნის მომგებელი თვისი, ხოლო მთრვალმან არა იცნის მეზობელი თვისი.
აწ უკუე რომელი-მე ვნებაი არს, რომლი არა შეაბს სიმთვრალესა? თავი ალმვის შეტევებითა ღვინისაითა, და სლვანი ფერხთანი შეურღვინის, და აცთუნებნ სიტყუათა პირისა მისისათა, და უქცევნ წრფელად ხედვასა გუგათასა, და შთააგდის მთრვალი მღვიმესა დღისი, და წარმოუდგინნის სიზმრად ღამე საყუარელნი თვისნი, და დაჰხსნის გონებანი სიმტკიცისაგან, მოუღის სირცხვილი მორცხვნეთაგან, და განეფინის სულთა ზედა ვითარცა ნისლი საცთურებაი, და ჰგავნ იგი განმრყუნელსა მას დევსა. და იქმან მთრვალნი, რომელი მათ არა უნებნ.
ხოლო სიმტკიცე მარხვათაჲ განმტკიცებულ არს მათა მიმართ, რომელთა მოიგნეს იგი, რამეთუ წარჰმართის სტუანვაი სახიერთა თუალთაჲ, და აღვირ-ასხნის წამ-წამ სიდაშნისათვის, და აღუხუნის ყურნი მოძღურებასა ქრისტესსა, და განწმიდის ენაიცა სალხინებელი ცოდვათაჲ, და განაღვიძის გონებაჲ ლოცვისათვის, და ასწავის სულთა სიყუარლისათვის ღმრთისაისა, ხელთა ასწავის გლახაკთა ღუწოლაჲ, და ფერხთა ასწავის სლვაჲ და ხილვაჲ სნეულთაჲ.
და რამეთუ დაღათუ კაცი არნ, ხოლო შრომითა მის ანგელოზ იქმნის, რამეთუ ხორცნი ასხენედ ძესა მას ადამისსა, ხოლო ხატი სულიერთაი შთაუცუამს მათ, რამეთუ ესე ყოველი შესძინიან მარხვათა, რომელთა მოიპოვიან იგი, და ესემლევანითა კეთილითა ნაყოფითა აღივსნიან საუნჯენი სულთა მათთანი.
ჭეშმარიტად მმარხველთათვის ვიტყვი, რომელნი იმარხვენ პურისაგან და წყლისა ხორცთა განკაფისათვის და დაყენებულ არიან უნასისაგან ბოროტისა სულთა სარგებელისათვის. ხოლო არიან ჰურიანიცა, რომელნი იმარხვენ პურისათვისცა და ღვინისა და მთვრალ არიან შურითა გონებანი მათნი და სილაღითა. და არაინ რომელნიმე, არა ჭამედ ჭამიდთა, ხოლო შეშჭამენ კბილითა ანგაჰრებისა მათისაითა ობოლთა და ქურივთა. და რომელნი ესემლევან არიედ, ისმინედ მათ, რამეთუ არა სასყიდელი ხოლო მარხვისაჲ არა მიიღონ მათ, არამედ თანა-მდებცა არიან იგინი დასასრულსა ჯოჯოხეთისასა, რამეთუ მარხვანი რომელ არიან შესაძინებლნი კეთილთანი, მის გამო აღიკიდიან ტვირთი ბოროტი. ხოლო გლოცავ თქუენ, საყუარელნო, ვიმარხოთ საჭმლისაგან, რაითა არა შთახდენ მუცელთა ჩუენთა სავნებელად. და ვეკრძალნეთ ბოროტისაგანცა, რაითა არა გამოხდენ გულისა ჩუენისაგან მრავალთა სავნებელნი.
ვიმარხვიდეთ ფარულად და ცხადად მისა, რომელი-იგი ხედავს გარეშესა ხატსა ჩუენსა და უწყის შინაგანი ზრახვაი ჩუენი, და ყავნ ქველის მოქმედმან უფალმან წყალობითა თვისითა, ვითარცა-იგი განისუენა მარხვასა შინა მართალთასა და წმიდათა მისთასა, ეგრე განისუენენ თქუენსა მარხვასა და ლოცვასა და მოგეცინ სასყიდელი სრული წმიდათა და უბიწოთა მარხვათა თქუენთათვის, რაჟამს მოვიდეს დიდებითა თვისითა და განუყოფდეს მარჯუენითა თვისითა. და აღმოვთქუათ ერთობით ჩუენ და თქუენ: დიდებაჲ მამისაჲ და ძისაჲ და წმიდისა სულისაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
* * *
მარხვანი განცხადებულნი ფარულითა მარხვითა აღესრულებიან, დაყენებაი ჭამადთაჲ დაყენებითა ხორცთაჲთა აღესრულების, რამეთუ არა ერთსა ასოსა შეუმოსიეს ყოველი ხორცი, არცა ერთითა ქვითა აღეშენის ყოველი ნაშენები. ხოლო რომელთა იგი კეთილად იმარხიან, ყოვლისაგან ბოროტისა შემოკლდიან, კეთილსა მიეახლნიან; და რომელნი ბოროტსა განეშორნიან, ღმერთსა მიეახლნიან, ეზიარნიან და მშვიდობით ამაღლდიან.
მოსე რომელმან კეთილად იმარხა, აეროვან იქმნა პირი მისი და გარდამოართუა შჯული ერსა თვისსა; ელია შემდგომად მარხვისა თვისისა იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ და აცხოვნა მკუდარი იგი და აღიტაცა ეტლითა ცეცხლისაჲთა მაღლად; და დანიელიცა და რომელთა იმარხეს, განერნეს ცეცხლისაგან დაწუვისა და ლომთაგან და ღირს იქმნენ, რამეთუ გამოეცხადა მათ ღმერთი.
მარხვანი სარწმუნოებით დაშრეტენ ალსა ცეცხლისასა და დაუყვნეს პირნი ლომთანი; მარხვანი სიქადულ არიან წინასწარმეტყუელთა და საყუარელ მოციქულთა და ზღუდე წმიდათა; მარხვანი საჭურველ არიან კეთილთა და ფარ არიან ბოროტთა.
* * *
ძმანო ჩემნო საყუარელნო და ნეტარებასა ჩინებულნო, ძმად ქრისტესა და ნაშობად ღმრთისა წოდებულნო, მადლობაჲ გვიღირს მარადის მამისა, რომელმან-იგი გვიჩინნა, და წინა-დაუპყრნეთ თავნი ჩუენნი ღირსად მჩინებელსა მას ჩუენსა. არა თუ ვითარცა მონანი სათნო-ვეყვნეთ უფალსა, არამედ ვითარცა ნაშობნი თანა-მკვიდრ ვექმნეთ მას, რამეთ გვიწოდნა ჩუენ ნაშობად და მოგუმადლა ჩუენ შვილებაჲ და ღირს გუყვნა ჩუენ ზიარებად ძისა თვისისა. სიწმიდითა და სიყუარულითა დიდითა ვჰმონოთ მას და ვიყუნეთ განმზადებულ ყოფად ყოვლისა სიმართლისა.
გუსუროდენ ცხოვრებისათვის საუკუნოისა. შემკულმცა ვართ სიწმიდითა. ვეცხლისა მოყუარებაჲ ნუ იყოფინ ჩუენ თანა, მცნებათა ღმრთისათა ვეკრძალნეთ, ლოცვასა და გალობასა წმიდასა ღმრთისასა შევეყვნეთ, გარდავცვალნეთ თავნი ჩუენნი ამის სოფლისაგან და დავივიწყოთ ქუეყანისაჲ ამის საწუთროჲსა სიყუარული, ვსძლოთ კეთილითა მით ბოროტსა, ნუმცა ვის ბოროტისა წილ ბოროტსა მივაგებთ, არა შეურაცხნეთ თავნი თვისნი, ვითარცა ქუეყანის-მყოფთა, არამედ ვითარცა ანგელოზთა თანა ზეცას მყოფ ვიყვნეთ და საყდართა ზეცისა მეუფისათა მივეახლნეთ.
ესე არს წმიდათა წინასწარმეტყუელთა სწავლაჲ ჩუენდა მომართ, ესე არს ნეტართა მოციქულთა მცნებაჲ ამისთვის უფალმან ჩუენმან ქრისტემან აღთქუმაჲ აღგვითქუა ჩუენ. უკვირდინ სოფელსა ღმრთისა მიმართ სათნოებაჲ ჩუენი, ჰრცხუენოდენ ჰურიათა, ჰხედვიდენ რაჲ ახალსა და რჩეულსა ერსა, ვითარ-იგი შუენიერად სულითა წმიდითა შემკულ არიან, რავდენითა ბრწყინვალებითა ჰნათობენ სოფელსა. ამისთვის წარმართთა შორის ადრეულად დაგვიტევნა ჩუენ ღმერთმან, რაჲთა ვჩნდეთ, ვითარცა მთიებნი სოფელსა შინა, და რაითა ვიყუნეთ თესლ ცხორების და მოვაქცევდეთ ყოველთა, რომელნი გუხედვიდენ ჩუენ და შეგუემთხუეოდიან.
ვეკრძალნეთ, ნუუკუე ჩუენ გამო ვინმე გმოს ღმერთი. ქებად და დიდებად ჯერ-არს უფალი ჩუენ მიერ, რომელმან-იგი გვიჩინნა ჩუენ და გუაცხოვნნა, განგუწმიდნა და განგუათავისუფლნა ჩუენ ცოდვათაგან. გინა თუ ვინმე მძლავრობით და ხელმწიფებით აღყოს ჩუენ ზედა ხელი, უკვირსმცა სიმდაბლე ჩუენი და უპოვარებაი.
მაგინებელი ჩუენი იკურთხეოდენ ჩუენგან, რაჲთა ჰრცხუენოდის და დამშვიდნეს. და თუ ვინმე ცილსა შეგუწამებდეს და უნდა მიღების რაისმე ჩუენგან, ისწავებსმცა ჩუენგან და რაითა ეშინოდის სახელის-დებად უჯეროდ სახელსა ღმრთისასა, ნუმცა ვინ ჰპოებს მიზეზსა ჩუენ თანა მონაგებისათვის ქუეყანისაისა, ეგრე შეგურაცხენინ ჩუენ კაცმან, ვითარცა ზეცისანი.
და თუ ვინმე მოქენებასა საცემელისათვის ჰგონებდეს ჩუენგან, გუპოვებსმცა ჩუენ მტკიცედ. თუმცა რაჲ ვისი გვიხმს რაჲთურთით. მოსურნე ვიყუნეთ სიწმიდით ცხორებასა და არა მიდევნებულ ვიყუნეთ მუცლისა მაძღრობასა, რაჲთა ცნან მრავალთა, ვითარ შემძლებელ არს სულისა წმიდისა დამკვიდრებაჲ და სძლევს ბუნებასა ხორცთასა, და ვიყუნეთ ესრე სახე ყოველთათვის, რომელნი გუხედვიდენ ჩუენ ყოველსა შინა საქმესა, რაჲთა ვიყუნეთ ცომ კეთილ და, ვითარცა ცომნი, შევეზავნეთ ცხორებისათვის სოფელსა ამას. და მრავალსამცა ნაყოფსა ჩუენსა დამარხულად ჰპოვებს ჩუენ თანა უფალი ღმერთი ჩუენი, მსგავსად სიტყვისა მის უფლისა, რომელ თქუა: ამით იხარებდეს მამაჲ ჩემი, რაჟამს თქუენ ნაყოფი მრავალი გამოიღოთ და იყვნეთ ჩემდა მოწაფე. ხოლო რაჟამს დიდებულ იყოს ღმერთი ჩუენგან, გუადიდნეს ჩუენცა დიდებითა მით საუკუნოითა, რამეთუ მისა შუენის დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
* * *
მას შინა დღესა პირველსა, კეთილსა და გამოჩინებულსა, აღესრულებიან საიდუმლონი მხოლოდ-შობილნი. რავდენთა ქრისტესა გსურის, ქებით ვღაღადებდეთ გალობასა ეკლესიასა შინა, რომელ-იგი არს სძალი ქრისტესი, და ვქადაგებდეთ სიმხნესა მას წმიდათა მამათასა, რომელთა-იგი სურვიელად ინებეს. ქებასა ვგალობდეთ, რომელნი-იგი სოფელსა განეშორნეს სარგებელ ყოფისათვის ყოველთა ამათ მსმენელთაისა. დაღათუ შორს ვინმე იპოოს, აქა მყოფთა ამათ თანა ზიარ ყავნ, ლოცვითა წმიდათა ამათ მამათაჲთა ცხონდინ, რომელი გულის-მოდგინე ჰყოფდეს მოყუასსა ლოცვითა ამით მსმენელთაჲთა.
აწ უკუე მომიპყრენით სასმენელნი, რაჲთა გითხრა ცხორებაი მამათაჲ, უდაბნოს გარე მყოფთაჲ. შევიკრძალნეთ გონებანი ჩუენნი, სახენი გამოვიწერნეთ კეთილნი და განსაკვირვებელნი მათისა მის ცხორებისანი და მივიდეთ და ვიხილნეთ საყოფელნი მათნი და ვითარ-იგი სხენან, ვითარცა მკუდარნი საფლავთა შინა; წარვიდეთ და ვიხილნეთ ხურელნი მათნი, ვითარ მარადის უხარის, მკვდარ რაი არიან მათ შინა; მივიდეთ და ვიხილნეთ, რომელთა-იგი სოფელი მოიძულეს და უფროისღა სურვიელ იქმნეს უდაბნოს გარე ყოფად; წარვიდეთ და ვიხილოთ უცხოი იგი კაცთაი მათ ხატი, რომელნი-იგი მოელიან წოდებასა სახიერისა უფლისასა; წარვიდეთ და ვიხილნეთ ძაძანი მათნი, ვითარ-იგი ლოცვითა მათითა მარადის განწმიდნებიან; მივიდეთ და ვიხილნეთ პირნი მათნი, ვითარ-იგი მწუხარებითა სულთაგან იშუებენ; წარვიდეთ და ვიხილნეთ ზეცისანი იგი, რომელნი მათ თანა აქებენ და უგალობენ მათსა მას გვირგვინოსან მყოფელსა; წარვიდეთ და ვიხილნეს ტაბლანი მათნი, ვითარ-იგი მუხლთა მათთა ზედა დგანან ჭამასა მათსა; მოვედით და ვიხილოთ ლოდი იგი იაკობისა, ვითარ-იგი არს მისაყრდნობელ თავისა; მივიდეთ და მოვიღოთ უფლისა მისგან წმიდათაჲსა, რაჲთა იყოს მარადის საცო.
ავაზაკმან თუ იხილნის იგინი, მეყსეულად მოაქციის ავაზაკობრივისაგან სახისა; ლომმან თუ იხილნის იგინი, მუნქუესვე მომდოვრდის, რამეთუ ჯუარი შეუმოსიეს მარადის. რაჟამს მხეცთა ველურთა ძაძანი მათნი იხილნიან, მსწრაფლ განეშორნიან, რამეთუ საკვირველი დიდი იხილიან, ყოველსა ქუეწარმავალსა დასთრგუნვენ ფერხითა მათითა, რამეთუ შეუსხმიედ სარწმუნოებისა ფერხთ-შესასხმელნი. რაჟამს იხილნის იგინი ეშმაკმან, მუნქუესვე ზარი განჰხდის, მეყსეულად ღაღად-ყვის მაღლად და უჩინო იქმნის, რამეთუ შემუსრნის ბევრეულნი საფრხენი მისნი, უკუანა კერძო მათსა დგან და ვერ შეუძლის ვნებად მართალთა მათ, რამეთუ შეურაცხ-ყვნეს ყოველთა შინა სანადირონი მისნი და არა შეიშინეს მანქანებათაგან მისთა.
სიმდიდრე თუ უჩუენის მათ, არად შეჰრაცხიან, არამედ შეურაცხ-ყვიან იგი და, ვითარცა თივასა, დასთრგუნვენ, და ღათუ შენებულებაჲ უჩუენის მათ, ვითარცა არა არნ წინაშე მათსა, რამეთუ თქვან მისა მიმართ უფლისა იგი ხმაჲ. შიმშილი მათ არა ურვებნ, რამეთუ სურვილითა სავსე არიედ და მარადის ეზიარებიედ სიყუარულითა ქრისტესითა. ეგრევე მსგავსად წყურვილი მათ არა შესწუავნ, რამეთუ თავისა მათისა თანა აქუნ ქრისტე, ცხოველი იგი წყაროი; ვერ შეაძრწუნის ერთისა მათგანისა გულის-სიტყუაი, რამეთუ კლდესა მას ზედა დადვეს საფუძველი. მკვიდრ არიან ქუებთა შინა, ვითარცა სამეუფოთა შინა, ეგრევე მსგავსად ხურელთა შინა, ვითარცა ტაძართა შინა; ხოლო მთანი და ბორცუნი, რომელ გარემოის მათსა არიან, ეგრეთ სურვიელად ჰქონან, ვითარცა ზღუდენი მაღალნი.
ტაბლად მათა არს მწუანვილი მთასა გარე, ეგრევე სერად მდელოჲ ველური; დიდად მათდა არს სასუმლად წყალი მდინარისაი, ხოლო ღვინოდ ეგრევე მსგავსად ნაპრალისაგან კლდეთაჲსა; ეკლესიად აქუს ენაჲ თვისი, რომლითა გალობედ და ილოცვედ განმარტებულად. ათორმეტნი ჟამნი ვითარცა ჰქონან დღესა, მათი არიან სალოცველ მათისა მის მიმართ უფლისა; გალობასა რომელ მთათა გარე და ქუებთა შინა იტყოდეს ქებით, მსხუერპლად სათნოდ შეიწირვის ღმრთისა, ხოლო ლოცვანი მათნი, ვითარცა ყოვლად-შესაწირავნი, შეარცხილ არიან წინაშე შემოქმედისა და უფლისა ყოველთაჲსა.
იგინი არიან მღვდელნი და მკურნალნი სათნონი, რომელნი ჰკურნებენ ლოცვითა მათითა სალმობათა. დაფარულსა შინა ილოცვედ ღმრთისა მიმართ ჩუენთვის, რამეთუ მარადის დგანედ მეოხად ხორციელთათვის. არა მას ზრახვენ მაღალსა გინა თუ ზემოჯდომასა, რამეთუ სიქადულ მათა არს ქრისტე. არა სცეს თავთა თვისთა განსუენებაჲ სოფელსა შინა, რამეთუ ჰსუროდა მცნებათა მიმართ ქრისტესთა; არა მიეახლნიან ადგილსა, სადა აწყინებედ კაცნი, არცაღა მიეახლნიან, სადა სოფელი შენებულ არნ.
ელიას შეაურვეს ქალაქთა დამკვიდრებულთა, ხოლო მასვე განუსუენეს მთათა და უდაბნოთა; მოსე ეგვიპტეს შინა მცირედღა და ჭირსამცა ვიდრემე შევარდა, ხოლო უდაბნოდ რაჲ მიიწია, მუნ მანანაჲ ჭამა; დავით ქალაქთა შინა საულისგან იდევნებოდა, ხოლო უდაბნოდ რაჲ მიივლტოდა, მუნ განერა; იოვანე მკალსა ჭამდა უდაბნოს გარე და ეგრევე სახედ თაფლსა, ვითარცა წერილი იტყვის, ხოლო რაჟამს უდაბნოით ქალაქად შევიდა, თვინიერ რომლისავე ბრალისათვის თავი მოეკუეთა; ეგრევე მსგავსად სოლომონცა უფსკრული იყო სიბრძნისაჲ, ხოლო კაცთა თანა ყოფითა დედათაგან იძლია და წარწყმიდა ყოველივე სიბრძნე მისი. რაჲღა ხამს მრავალი თქუმად, რამეთუ თავადი უფალი ჩუენი, რომელმან მშვიდობაჲ ყო ცასა შინა და ქუეყანასა ზედა, ქალაქთა შინა ყოფითა ებრაელთა და ნაშობთაგან ჯუარსა დამოეკიდა, ვითარცა ერთი ძვრის-მოქმედი. ესე უწყოდეს პატიოსანთა მათ მამათა და ივლტოდეს სოფლისაგან, რაითა უდაბნოს განერნენ.
არა შორს არიან ჩუენგან წმიდანი იგი მამანი, რამეთუ სულითა მარადის ჩუენ თანა არიან. თუმცა განვიშორებთ მათ, ვითარცა უცხოთა, ჩუენგან, რამეთუ მთათაგანსა ესოდენ იდიდების ღმერთი, ვითარცა სიმრავლისაგან დიდისა. და კუალად ორნი რაჲ გალობად მუნთა მათ შინა ღელეთა ვითარცა სიმრავლისაგან ათასეულისა და ბევრეულისა; სამნი რაჲ ერთად შეკრბიან, სამებაჲ გამოისახის; და მეოთხეღა შეერთის, მცველსა მას მიემსგავსის სამთა ყრმათასა, რომელი იყო სახუმილსა მას შინა; უკუეთუ მეხუთე და მეექუსეცა შეერთიან, გინა მეშვიდე, სახე გამოიწერიან ათორმეტთაი მათ მოწაფეთაი მოძღურითურთ და უფლით მათით. არა აქუს გამოჩინებული საყოფელი ქუეყანასა ზედა, რამეთუ საყოფელნი მათნი ედემს შინა არიან. სადაცა დაუღამნის დღე, მუნცა დაადგრიან; ვიდრეცა მიეყვის დღე, მუნცა სავანე-ყვიან; საფლავისასა არას ზრუნვენ და სამარხისათვის არას იღუწიან, რამეთუ ცხოვლივე მკუდარ არიან სურვილითა ქრისტესითა, რამეთუ რომელსაცა ადგილსა აღასრულა თითოეულმან მათგანმან მარხვაჲ თვისი, მუნცა ექმნა მას ადგილი იგი სამარხო.
მრავალნი მათგანნი, რომელთა მოიდრიკნეს მუხლნი მათნი ლოცვად ღმრთისა მიმართ, და ლოცვასა შინა განისუენეს დაყუდებულად წინაშე ღმრთისა; სხუანი კლდესა ზედა განისუენებდეს და სულნი შეჰვედრნეს თვისსა უფალსა; სხუამან სლვასა შინა მთასა გარე სული აღმოუტევა და ექმნა ადგილი იგი დამფლველ; სხუაჲ დაფარა ღელესა შინა თოვლმან, და ექმნა მას ადგილი იგი საფლავ თოვლითურთ.
იყო ვინმე მათგანი, რომელმან შეიმოსა თავი თვისი და დაიფლა თავი თვისი შეწევნითა უფლისაჲთა; სხუაჲ კუალად ძოვდა მდელოსა გინა მწუანესა, მიერულა და სული განუტევა თვისსა ზედა ტაბლასა; სხუაჲ კუალად დგა და უგალობდა ღმერთსა, მიეღო ხმაი სულისა მისისაი; სხუასა კუალად ლოცვასა შინა მეყსეულად მოუხდა სიკუდილი და დაჰბეჭდა ლოცვასა მას მისსა, და მოელიან ხმასა მას აღმადგინებელისა თვისისა და ყუავიან, ვითარცა შროშანნი, და სულნელად ფშვიან.
რაჟამს მოუხდენ ქუეყანასა სალმობანი შობად, მეყსეულად ყოველნივე იგი აღმოსცენდნენ, ვითარცა შროშანნი. რაჟამს მთანი აღეხუნენ ბრძანებითა ღმრთისაჲთა, მაშინ ძუალნი მათნი რიცხვით შეიკრიბნენ; ოდეს დაჰხსნდებოდიან მთანი ბორცუთა თანა, მაშინ ასოები მათი ყოვლით კერძო შეკრბებოდიან; რაჟამს დაჭნეს სიკეთე, რომელიცა მოიძულეს, მაშინ შეიმოსონ მათ სიკეთე იგი ზეცისაჲ, და რაჟამს აღიფხურნენ საფუძველნი ქუეყანისანი, მაშინ აღდგენ იგინი დიდებითა და პატივითა; რაჟამს შეიმუსრნენ სახსველნი იგი ჯოჯოხეთისანი, მაშინ აღმოესხმოდის; ოდეს ყოველი დაჰხსნდეს, მაშინ აღდგენ დიდებითა, განიცდიდეს ჯოჯოხეთი გუამთა მათთა, ნუუკუე აქუნდეს რაიმე ბიწი, და გებულნი გამოსცნეს იგინი და ვერ შეიპყრას ფრჩხილიცა ერთისა მათგანისაჲ, ხოლო თმისა მათისა წილ, რომელ შეემოსა, მოსცეს მათ ქრისტემან გვირგვინები შეთხზული შუენიერი, შეიწიროს მონაზონებაჲ იგი მათი, რომელსა გულს-მოდგინედ მონაზონებდეს, და მოსცეს მის წილ საშუებელი იგი სამოთხისაჲ; და რამეთუ იყოფოდეს უდაბნოთა ადგილთა, სასუენებელად შეიყვანნეს იგინი და მუნ იშუებდენ. ამისთვის, რამეთუ გამოირჩიეს სოფელსა ამას ჭირი, ახაროს მათ ღვინითა მით ზეცისაჲთა.
ანგელოზთა გული ეტყვის პატივისა მისთვის კაცთაჲსა და ითხოვედ, რაჲთა მსგავსად მათსა აქუნდეს დიდებაჲ, და განმზადებულ არიან თქუმად, ვითარმედ: ნეტარ ხართ, წმიდანო ქრისტესნო, რამეთუ გულს-მოდგინებითა თქუენითა აქა მოიწიენით და კეთილად თავით თვისით წარიმართეთ და აღძრვისა მისგან დიდისა ღელვისა განერენით და თვისითა ხელოვნებითა და მოწრაფებითა, რომელ-იგი გაქუნდა, აქა მოიწიენით აწ ნავთსადგურსა მას ცხოვრებისასა სულისა წმიდისა თქუენდა წინამძღურებითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ საუკუნეთა საუკუნეთასა. ამენ.
"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა". VI ტომი.
No comments:
Post a Comment