ბესარიონი მოღვაწეობს ჯერ დავით გარეჯის უდაბნოში, ხოლო შემდეგ 1724 წლიდან 1737 წლამდე იგი ქართლის ეკლესიას მეთაურობდა.
ბესარიონ ორბელიშვილის ლიტერატურული ინტერესები გარეჯაში გამოიკვეთა. აქ მისი მასწავლებელი ყოფილა არაგვის ერისთვისშვილი ხუცესმონაზონი იოსები, რომელიც 10 წლის ასაკიდან იზრდებოდა მონასტერში. ბესარიონს ახლო ურთიერთობა ჰქონია მაქსიმე ბოვნელთან, რომელსაც იგი სულერ ძმას ეძახდა და მისთვის საგანგებოდ ხელნაწერიც გადაუწერია.
ბესარიონი დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლის შესანიშნავი წარმომადგენელია. იმდროინდელ აღმოსავლეთ საქართველოში დავითგარეჯა იყო ქართული ლიტერატურული ცხოვრების უმთავრესი კერა, აქ არ შემწყდარა ლიტერატურული საქმიანობა თვით ყველაზე მძიმე წლებშიც. ბესარიონი ერთდროულად წარმოგვიდგება როგორც დამკვეთი, მეცენატი, გადამწერი და ხელნაწერთა შემკაზმელი. მას გაუვლია საკმაოდ საინტერესო გზა მწიგნობრობისა მანამ, სანამ საკუთარ შემოქმედებას წარუდგენდა იმდროინდელ საზოგადოებას.
შემორჩენილია ბესარიონის მიერ გადაწერილი ხელნაწერები. აღსანიშნავია, რომ მას იზიდავდა ასკეტურ-დოგმატური ხასიათის თხზულებები. 1697 წლამდე მას გადაუწერია ,, ლავსაიკონი” და ეფრემ ასურის თხზულებანი. 1695 წლამდე გადაწერილი აქვს ჟამის წირვა, 1697 წელს იგი წერს იოანე სინელის კლემაქსს. 1715 წელს კი დაწერა ,, ცხოვრებაი და მოქალაქეობაი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენსა გრიგოლი ჰრომისა პაპისაი”.
აღსანიშნავია რომ ბესარიონის ყველა ხელნაწერს თან ახლავს ბესარიონისვე ანდერძი.
ბესარიონი დავით გარეჯის ლიტერატორთა შორის სარგებლობდა საერთო ავტორიტეტითა და პოპულარობით. იგი, სანიშნავი მქადაგებელიც ყოფილა, _ ანტონ კათალიკოსი მას პავლეს ადარებს. მის ირგვლივ თავს იყრიდნენ ლიტერატურით დაინტერესებული ახალგაზრდა ბერები, რომელთაც ბესარიონი წრთვნიდა და გზას უჩვენებდა. არსებობს ვარაუდი, რომ იგი ტიმოთე გაბაშვილის მოძღვარიც იყო. ამის დასტურად მიიჩნევა ტიმოთეს მიერ ბესარიონის ,,გრდემლის” გადაწერა.
ქართული საეკლესიო მწერლობის ისტორიაში ბესარიონი თვალსაჩინო ფიგურაა. Mმას დიდი დამსახურება მიუძღვის ქართულ აგიოგრაფიულ კრებულის სრულყოფაში. იმდროინდელი მოწინავე ქართველი საზოგადოება ეროვნული თვითშეგნების ასამაღლებლად უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ეროვნული უცხო გავლენებისაგან თავისუფალი მწერლობის განვითარებას. ამ დროს დიდი აღმავლობა განიცადა ქართული საეკლესიო მწერლობის ტრადიციულმა დარგმა -აგიოგრაფიამ. იქმნება უკვე არსებული აგიოგრაფიული თხზულებების მეტაფრასული (განვრცობილი) რედაქციები, იწერება ახლები, გაჩნდა ქართველ წმინდანთა აგიოგრაფიული კორპუსის შექმნის საჭიროება. აგიოგრაფია იყო საშუალება ეროვნული ისტორიის გააზრებისა მისი უშუალო გმირების ცხოვრების მაგალითების ჩვენებით. ინიციატივა ქართული კრებულის შედგენისა ეკუთვნის დომენტი IV კათალიკოსს, თუმცა მის მიერ შედგენილი კრებული არ იყო სრული. ბესარიონ კათალიკოსმა იგი საკუთარი თხზულებებით განასრულა. მან თავისი ცხოვრების ოცი წელი მოანდომა რაჟდენ პირველმოწამის, არჩილ მეფის, ლუარსაბ მეფის, ბიძინა ჩოლაყაშვილის, ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავების მეტაფრასული წამებების აღწერას, მასვე აღუწერია ისე წილკნელის ცხოვრება. ამ თხზულებებში მღელვარედ, უდიდესი გულისტკივილით არის მოთხრობილი რეალურად მომხდარი ტრაგიკული ამბები, რომლებიც მკითხველსა თუ მსმენელში აღვივებდნენ პატრიოტულ სულისკვეთებას.
ბესარიონ კათალიკოსის სახელი ქართული მწერლობის ისტორიაში მაინც უმთავრესად დაკავშირებულია პოლემიკურ ნაშრომთან - ,,გრდემლი”, რომელიც ავტორს დავით გარეჯის უდაბნოში დაუწერია. ამ ნაწარმოების შექმნისაკენ ავტორს უბიძგა საქართველოში კათოლიკობის პროპაგანდის გაძლიერებამ. კათოლიკე მისიონერებს საერო ხელისუფალნი კარგად იღებდნენ და ხელს უწყობდნენ მოსახლეობისათვის სასარგებლო საქმიანობაში, ხშირად დესპანებადაც იყენებდნენ დასავლეთ ევროპის ხელისუფლებთან, მაგრამ ქართველი სამღვდელოება კათოლიციზმით გატაცებაში საფრთხეს ხედავდა ეროვნული თვითმყოფადობისათვის, საფრთხეს ხედავდნენ ისინი ქართული ენისათვისაც, რადგან ვატიკანი მხოლოდ ლათინურ ენას და ლათინურ ლიტურგიეს ცნობდა. საზოგადოებისათვის ამ საფრთხეების შესაცნობად არის დაწერილი "გრდემლი”. ბესარიონი კარგად იცნობს კათოლიკობისა და მართლმადიდებლობის დაპირისპირების ისტორიას, აყალიბებს ძირითად დოგმატურ განსხვავებებს, რომლებიც საბოლოოოდ გაფორმდა ე.წ. ფლორენციის კრებაზე. ბესარიონი საგანგებოდ განიხილავს კათოლიკურ დოგმატებს და მათ განსაქიქებლად იმოწმებს ძალზე ფართო სპექტრის საღვთისმეტყველო ლიტერატურას.
ძველ საქართველოში ,,გრდემლი” დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ანტონ I კატალიკოსი თავის განთქმულ "წყობილსიტყვაობაში” განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს ბესარიონის, როგორც პოლემისტის, სიტყვის ძალას და ინტელექტს:
ბესარიონმან, კაცმან მარალ გონებამ,
მონაზონებრთა, ჰშრომათაგან ნეტარმან,
მწყსა ეკლესია ქრისტესი წესიერად,
სიტყვით მგელთაგან, სიტყვითა ჰსცვიდა სამწყსოს.
No comments:
Post a Comment