წმ. იოანე ოქროპირი. წმიდათა საიდუმლოთათჳს და მოწყალებისათჳს.


და აწ ჩუენცა, მორწმუნენო, შევეხნეთ ფესუსა სამოსლისა მისისასა. და უფროჲსღა, უკუეთუ გუენებოს, ყოვლითურთ არს იგი ჩუენ შორის; რამეთუ  არა თუ სამოსელი მისი, არამედ ჴორცი და სისხლი მისი წინამდებარე არს ჩუენდა, არა შესახებელად ხოლო, არამედ საჭმლადცა და სასუმლად, უკუეთუ გუენებოს, მოუცემიეს ჩუენდა. მოუჴდეთ უკუე სარწმუნოებით, რაჲთა განიკურნენ ყოველნივე უძლურებანი  ჩუენნი. უკუეთუ რომელნი ფესუსა სამოსლისა მისისასა შეეხნეს, ესრეთ სარგებელ ეყო, რავდენ უმეტესად სარგებელ ეყოს რომელთა შეიწყნარონ იგი თავთა შორის თჳსთა, უკუეთუ ოდენ ღირს იქმნენ გულითა წმიდითა და სარწმუნოებითა შეუორგულებელითა შეწყნარებად. რამეთუ ჭეშმარიტად, მორწმუნენო, აწცა ქრისტესა მოუჴდებით, დაღაცათუ ჴმაჲ მისი არა გუესმის, და უფროჲსღა გუესმის ჴმაჲცა მისი დღითიდღე სახარებისა მიერ. აწ უკუე შეუორგულებელად გრწმენინ, ძმანო, ვითარმედ აწცა სერობაჲ იგი არს,
რომელსა შინა თავადი ინაჴით მჯდომარე იყო, და არაჲთა განყოფილ არს ესე მისგან. რამეთუ ვითარცა-იგი მაშინ მან შეჰმზადა, ეგრეთვე აწ ამას იგივე შეჰმზადებს. ამისთჳს გეტყჳ, საყუარელო, ოდეს იხილო, რომელ მღდელი გაზიარებდეს, ნუ ჰგონებ თუ მღდელი იგი მოგცემს შენ წმიდასა მას საიდუმლოსა, არამედ ჴელი ქრისტესი განმარტებულ არს მოცემად შენდა ჴორცსა და სისხლსა მისსა. რამეთუ ვითარცა-იგი ნათელ-იღებდე რაჲ, არა თუ მღდელი იგი ნათელ-გცემს, არამედ ღმერთსა უხილავად უპყრიეს თავი შენი, და არცა ანგელოზი, არცა მთავარანგელოზი, არცა სხუაჲ ვინიკადრებსმოახლებად, ეგრეთვე აქა, იგი არს, რომელი გაზიარებს წმიდათა მათ საიდუმლოთა. 

რამეთუ არა ანგელოზთადა ურწმუნებიეს ნიჭი ესე, არამედ თავადი ქრისტე არს განმყოფელი და მიმნიჭებელი; რამეთუ რომელმან უმეტესი ქმნა, უდარესიმცა უღირს-იჩინაა? რომელმან თავი თჳსი მოგუცა საჭმლად, ჴელითამცა თჳსითა არა ჯერ-იჩინაა განყოფად პატიოსნისა მის ჴორცისა და სისხლისა მისისა მოყუარეთა თჳსთა? 
ვისმინოთ უკუე მღდელთაცა და ყოველმან ერმან, ვითარსა პატივსა ღირსქმნილ ვართ. ვისმინოთ და შევძრწუნდეთ! წმიდისა ჴორცისა და სისხლისა მისისა ზიარ-მყვნა ჩუენ; თავი თჳსი დაკლული წინაშე დაგჳდვა. რაჲმე უკუე მიუგოთ, რომელნი ესევითარსა საიდუმლოსა ზიარქმნილ ვართ და ესრეთ წარმდებებით ვცოდავთ; რომელნი კრავსა მას ღმრთისასა მოვიღებთ და არა შევიკდიმეთ მგელთა მიმსგავსებად; რომელნი ტარიგსა მას მოვიქუამთ, ამხუმელსა ცოდვათა სოფლისათა, და ვართღა მჴეც მტაცებელ. ესე საიდუმლოჲ ნიჭი არს მშჳდობისაჲ, განმწმედელი ყოველთა ცოდვათაგან ღირსად მიმღებელთა მისთა. და არა ჰნებავს, რაჲთა ყოვლადვე უფლებულნი 
ვიყვნეთ ვნებათაგან, შურისა, გინა მტერობისა, გინა მტაცებლობისა, გინა ანგაჰრებისა, ანუ თუ გულისთქუმათაგან ბოროტთა.
რამეთუ უკუეთუ მან
ცხორებისათჳს სულთა ჩუენთაჲსა არა ჰრიდა თავსა თჳსსა სიკუდილად მიცემად, ჩუენ ვითარ უგულებელს-ვჰყოფთ ცხორებასა ჩუენსა? ჰურიათა მისცნა წლითი-წლად დღესასწაულნი საჴსენებელად ქველის მოქმედებათა მისთა, ხოლო ჩუენდა დღითი-დღე მოუცემიეს საჴსენებელი ესე, ვითარცა იტყჳს მოციქული: "რავდენგზის სჭამდეთ პურსა ამას და ჰსუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდეთ", რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან: "ამას ჰყოფდითო მოსაჴსენებელად ჩემდა". და ნანდჳლვე ესე არს თავი ქველისმოქმედებათა მისთაჲ, ჴსენებაჲ სიკუდილისა მისისაჲ. რამეთუ უკუეთუ ვთქუა, თუ: ცანი გარდაართხნა და ქუეყანაჲ დაამტკიცა, ზღუანი განჰფინნა, მნათობნი დაჰბადნა, და ამისა პირველ მჴედრობანი ანგელოზთანი შექმნნა, სხუანი იგი ყოველნი თუ საკჳრველებანი მისნი წარმოვთქუნე, ვერარას ვიტყჳ სწორსა ამისსა, რომელ თავი თჳსი მისცა ჩუენთჳს სიკუდილად, რაჲთა უცხოქმნილნი ესე და წარწყმედილნი მონანი მომიძინეს და შვილ ღმრთისა მყვნეს. ესე არს თავი ყოველთა კეთილთაჲ. ესე არს საიდუმლოჲ დიდებული, რომელი საუკუნითგან დაფარულ იყო და აწ გამოგჳჩნდა ჩუენ. სურვილით 
უკუე და სარწმუნოებით მოუჴდებოდით წმიდასა მას და შესაძრწუნებელსა ტრაპეზსა. გარნა ნუმცა ვინ მოუჴდების სამოსლითა ხენეშითა, რაჲთა არა გარე განვარდეს. 
ნუმცა ვინ არს იუდა, ნუმცა ვინ არს სიმონ მოგჳ, რამეთუ ესე ორნივე ვეცხლისმოყუარებითა წარწყმდეს. ვივლტოდით უკუე ჩუენცა ბოროტისა ამის ვნებისაგან, განვეშორნეთ მოხუეჭისაგან გლახაკთაჲსა და ტყუენვისაგან დავრდომილთაჲსა. არიან ვიეთნიმე, რომელნი იტაცებენ გლახაკთაგან და შეიკრებენ საფასეთა, და მერმე იქმან ბარძიმ-ფეშხუემებსა ოქროჲსასა, 
შემკობილსა თუალითა და მარგალიტითა, და შესწირვენ ეკლესიათა. ეგრეთვე სტავრაებსა ოქროქსოილებსა და სხუასა მრავალსა, საფასითა დიდძალითა მოგებულსა. აწ უკუე იტყჳს უფალი, არა ესევითარი შესაწირავი გამოვირჩიეო. ჰგონება, კაცო, თუმცა ესევითარი ძღუენი სთნდა უფალსა? ნუ იყოფინ! უკუეთუ გნებავს პატივ-ცემაჲ შესაწირავისაჲ მის, სული შენი ქმენ ოქროჲსა უბრწყინვალეს, რომლისათჳსცა დაიკლა ქრისტე, და შეწირე იგი ძღუნად მისა. ხოლო უკუეთუ იგი იყოს ბრპენისა და თიჴისა უხენეშეს, რაჲ არს სარგებელი ჭურჭელთაგან ოქროჲსა და ვეცხლისათა? 
აწ უკუე რომელსა გნებავს შეწირვაჲ ძღუენთაჲ ეკლესიად, პირველად სული შენი წმიდა-ყავ ცოდვათაგან და შეწირე. ესე არს ძღუენი ყოველთა ძღუენთა უპატიოსნესი. ხოლო გნებავს თუ ხილულისაცა ძღუნისა შეწირვად, ეგევითარი ქმენ ძღუენი იგი, რაჲთა ყოვლადვე არა ერთოს ანგაჰრებისა ანუ მონახუეჭისაგან ნაწილი. რამეთუ არა თუ ეკლესიაჲ საოქროჲსმჭედლოჲ არს, რაჲთამცა ოქროსა ხოლო და ვეცხლსა ეძიებდა. სიწმიდე სულთაჲ საჴმარ არს და რაჲ-იგი სიწმიდით მოგებულ იყოს, მას შეიწირავს 
ღმერთი. არა იყო მაშინ ტაბლაჲ იგი ვეცხლისაჲ, არცა ბარძიმი იგი ოქროჲსაჲ, რომლითა აზიარა ქრისტემან მოწაფეთა, გარნა პატიოსნებაჲ და ბრწყინვალებაჲ მისი შესაძრწუნებელ იყო და თუალთშეუდგამ, რამეთუ სავსე იყო სულითა წმიდითა. გნებავსა ქრისტეს საიდუმლოთა პატივ-ცემაჲ? ნუ უგულებელს-ჰყოფ მას, რაჟამს იხილო მშიერი გინა წყურიელი, გინა თუ შიშუელი. რაჲ სარგებელი არს ეკლესიასა სტავრათა მრავალსასყიდლისათა შეწირვაჲ, და გარე ხილვაჲ მისი სიცივესა შინა და სიშიშულესა და უგულებელსყოფაჲ. არა უწყია, რამეთუ რომელმან თქუა: "ესე არს ჴორცი ჩემი" და საქმითა სიტყუაჲ დაამტკიცა, მანვე თქუა: "მიხილეთ მე მშიერი და არა მეცით ჭამადი; შიშუელ ვიყავ და არა შემმოსეთ მე. რამეთუ რავდენსა არა უყავთ ერთსა მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ". ვისწაოთ უკუე პატივ-ცემაჲ ქრისტესი ესრეთ, ვითარცა მას ჰნებავს, ნუ ვითარცა ჩუენ. რამეთუ პატივი წმიდათა საიდუმლოთაჲ ესე არს, რაჲთა სულითა განწმედილითა ცოდვისაგან 
ვეზიარებოდით. რამეთუ არა ჭურჭელნი ეჴმარებიან ღმერთსა ოქროჲსანი, არამედ სულნი ოქროჲსა უწმიდესნი. ხოლო ოქროჲ და ვეცხლი გლახაკთა ზედა წარაგე. და ამას ვიტყჳ, არა თუ ვაყენებ სამკაულთა ეკლესიისათა შემზადებად, არამედ ამას ვიტყჳ, ვითარმედ: პირველ ყოვლისა გლახაკთა მოღუაწებაჲმცა არს საძიებელ ჩუენდა. რამეთუ ეკლესიისაცა შესაწირავთა, რომელნი წმიდა იყვნენ ყოვლისავე მონახუეჭისაგან, შეიწირავს ღმერთი, გარნა მოწყალებასა ფრიად უმეტესად შეიწირავს და სათნო-იჩინებს. რამეთუ რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ საკურთხეველი სავსე იყოს ოქროჲთა და ვეცხლითა და სამოსლითა ოქროქსოილითა, და თავადი დგეს გარე 
მშიერი და წყურიელი და შიშუელი. პირველად იგი იღუაწე საზრდელითა და სამოსლითა, და მერმე ნამეტნავისაგან ეკლესიაჲცა შეამკვე. რამეთუ მითხარღა, უკუეთუ იხილო ვინმე მშიერი და წყურიელი და შიშუელი, ჭირვეული, და არა სცე პური, არცა ასუა სასუმელი, არცა შეჰმოსო 
სამოსელი, არამედ შეიყვანო ტაძარსა ოქროლესულსა და უჩუენო ტაბლაჲ ქანდაკებული, მადლიერმცა გექმნაა? ნუ იყოფინ! ეგრეთვე ქრისტესთჳს გულისჴმა-ყავ: ოდეს იგი უცხოჲ და ჭირვეული მიმოვიდოდის, და შენ დაუტეო შეწყნარებაჲ მისი და ტაძართა ამკობდე მარმარიონითა და სუეტებითა, და ოქროჲთა და ვეცხლითა და სტავრაებითა, არარაჲ არს სარგებელ შენდა; არამედ იგი შეიწყნარე პირველად, იგი იღუაწე, და მერმე უკუეთუ ესეცა ჰქმნა, კეთილ არს. არაქმნისათჳს ოქროჲსა და ვეცხლისა ბარძიმ-ფეშჴუემთაჲსა და სხჳსა ესევითარისა, არავინ სადა ბრალებულ არს, ხოლო უდებებისათჳს გლახაკთა 
წყალობისა ჯოჯოხეთი განმზადებულ არს, ცეცხლი უშრეტი და ეშმაკთა თანა დასჯაჲ. აწ უკუე ნუ იქმ ამას, რაჲთა ტაძარსა მას ამკობდე და ძმაჲ ჭირვეული 
უგულებელს-ჰყო. რამეთუ ესე ტაძარი მისა უპატიოსნეს არს. ესე სამკაულნი ნუუკუე წარიტაცნენ მეფეთა ურწმუნოთა ანუ მპარავთა და ავაზაკთა, ხოლო რაოდენიცა ჰქმნე ძმასა თანა მშიერსა და შიშუელსა და უცხოსა, 
წარუპარველად ეგოს უკუნისამდე. ვერცა თუ ყოველნი კრებულნი ეშმაკთანი შეითქუნენ, ჴელ-ეწიფების წარტაცებად იგი. ხოლო მეტყჳან ვიეთნიმე, ვითარ თქუა უფალმანო: "გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ?" მეცა, ძმანო, ამისთჳს ვიტყჳ, თუ: ჯერ-არს მოსწრაფებით და წადიერად ქმნად მოწყალებისა, რამეთუ არა ვჰპოებთ მას მარადის მშიერსა, არამედ ამას ხოლო საწუთროსა, და ესე არს ჟამი წყალობისაჲ. ხოლო უკუეთუ გნებავს ცნობად ყოვლითურთ ძალი სიტყჳსაჲ მის, ისმინეთ, ვითარმედ: სიტყუაჲ ესე არა მოწაფეთა მიმართ თქუმულ არს, დაღაცათუ ესრეთ ჩანს, არამედ უძლურებისა მიმართ დედაკაცისა მის. რამეთუ ვინაჲთგან იგი უმეცარი იყო და უძლური, ხოლო იგინი აბრალებდეს, ინება უფალმან ნუგეშინის-ცემაჲ მისი, და ამისთჳს თქუა სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: "რასა შრომასა შეამთხუევთ დედაკაცსა მაგას? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემდამო". ჰხედავა, რამეთუ ნუგეშინისცემისა მისისათჳს თქუა, თუ: "მე არა მარადის თქუენ თანა ვარ". რამეთუ საცნაურ არს, ვითარმედ მარადის ჩუენ თანა არს, ვითარცა იტყჳს თავადი, ვითარმედ: "აჰა, ესერა, მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა". 
ამის ყოვლისაგან ცხად არს, ვითარმედ ესე იყო პირი სიტყუათა მისთაჲ, რაჲთა სარწმუნოებაჲ დედაკაცისაჲ მის, მაშინ აღმოცენებული, არა განაჴმოს შერისხვამან მოწაფეთამან. ხოლო ჩუენ ნუ შემოვიღებთ შორის სიტყუათა ამათ, რომელნი განგებულებითა რომლითამე თქუმულ არიან; არამედ, რომელნი-იგი შჯულად და წესად მოცემულ არიან მორწმუნეთადა, ახალსაცა შინა რჩულსა და ძუელსაცა, მოწყალებისათჳს, იგინი აღმოვიკითხნეთ, 
და ფრიადი მოსწრაფებაჲ ვაჩუენოთ ამას საქმესა ზედა, რამეთუ განმწმედელი არს ცოდვათაჲ საქმე ესე, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: "მიეცით მოწყალებაჲ და ყოველივე წმიდა იყოს თქუენდა". ესე უაღრეს მსხუერპლებისა არს, ვითარცა იტყჳს: "წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი". ესე ცათა განახუამს, ვითარცა იტყჳს: "ლოცვანი ეგე 
შენნი და ქველისსაქმენი აღვიდეს საჴსენებელად შენდა წინაშე ღმრთისა". ესე უაღრეს არს ქალწულებისაცა, რამეთუ ქალწულთა, რომელთა არა აქუნდა ესე, განითხინეს სასძლოჲსა მისგან, და რომელთა აქუნდა, ბრწყინვალედ შევიდეს. ვინაჲთგან უკუე ესე ყოველი ესრეთ არს, ვიღუაწოთ, ძმანო, თესვად წყალობისა, რაჲთა წყალობაჲცა მოვიმკოთ და საუკუნეთა მათ კეთილთა 
მივემთხჳნეთ, მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდითურთ დიდებაჲ, პატივი და სუფევაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ. 

No comments:

Post a Comment