ეპისტოლე აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიათა პატრიარქებისა მართლმადიდებლური რწმენის შესახებ. კონსტანტინოპოლი ქრისტეს აქეთ 1723 წელი თვე სექტემბერი

უწმინდესი იერემია, ახლისა რომისა - კონსტანტინოპოლისა და მსოფლიო პატრიარქი,

უნეტარესი ათანასე, პატრიაქრი ღვთისა ქალაქისა ანტიოქიისა,

უნეტარესი ხრიზანთოსი, პატრიარქი წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა


და თანამდგომელნი ჩვენნი ყოვლადსამღვდელონი მღვდელმთავარნი, მიტროპოლიტნი, არქიეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ქრისტიანული აღმოსავლეთის ყოველი მორწმუნე მართლმადიდებელი. 

მოგმართავთ თქვენ, დიდ ბრიტანეთში მყოფნო ღირსნო და ქრისტეს მიერ საყვარელნო არქიეპისკოპოსნო, ეპისკოპოსნო და ყოველნო პატივდებულნო დასნო, და გისურვებთ ყოვლადსრულ მადლსა და ღვთისმიერ ცხონებას. 

მივიღეთ წერილი - მომცრო წიგნაკი, რომელშიც თქვენ, თქვენის მხრივ, მსჯელობთ ჩვენ მიერ თქვენდამი ადრე გამოგზავნილ პასუხებზე. მისგანვე შევიტყვეთ თქვენი კარგად ყოფნა. აგრეთვე - თქვენმიერი გულითადობა და პატივისცემა აღმოსავლეთის წმინდა ეკლესიისადმი. ერთობ გავიხარეთ, რადგან გვემცნო თქვენი კეთილი და ღვთისნიერი განზრახვა, ზრუნვა და გულმოდგინება ეკლესიათა ერთიანობისათვის. ამგვარი ერთიანობა განამტკიცებს მორწმუნეებს, ამიტომაც სათნოყოფს მას თვით ჩვენი უფალი და ღმერთი იესო ქრისტე, რომელმაც თავისთან ურთიერთკავშირის ნიშნად სამღვდელო მოწაფეებსა და მოციქულებს ამცნო ურთიერთსიყვარული, თანხმობა და ერთსულოვნება. 

ასე რომ, თანახმად თქვენი თხოვნისა, ამჯერად მოკლედ მოგახსენებთ:

ყურადღებით წავიკითხეთ თქვენი უკანასკნელი ეპისტოლე, ჩავწვდით მის აზრსა და ახლაც გავიმეორებთ, რაც ადრე გიამბეთ და გამცნეთ ჩვენი ანუ აღმოსავლეთის ეკლესიის რწენისა და მოძღვრების შესახებ - თქვენს მიერ ჩვენდამი შემოთავაზებული წინადადებების თაობაზე კვლავაც გეტყვით ადრე ნათქვამს, ე.ი. იმას, რომ ჩვენი დოგმატები და მოძღვრება აღმოსავლეთის ეკლესიისა ადრევეა ჩამოყალიბებული, მართებულად და კეთილად გამოძიებული და დამტკიცებული წმინდა და მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ. ამიტომაც, მათდამი რისიმე დამატება ან დაკლება დაუშვებელია. ხოლო მართლმადიდებლური რჯულის საღმრთო დოგმატებში ვისაც სურს თანადგომა ჩვენთან, თავმდაბლობით, ყურადღებით, ყოველგვარი განსჯა-გამოკვლევისა და ცნობისმოყვარეობის გარეშე უნდა მიენდოს და დაემორჩილოს ყოველივეს, რაც განსაზღვრული და დადგენილია წმ. მამების ძველი გადმოცემით, განმტკიცებულია წმიდა და მსოფლიო საეკლესიო კრებათაგან, მოციქულთა და მათ მონაცვლეთა, ჩვენი ეკლესიის ღმერთშემოსილ მამათა დროიდან. და თუმცა საკმარისი უნდა ყოფილიყო ჩვენი პასუხები ყოველივე იმის შესახებ, რაზეც თქვენ მოგვმართავდით, საბოლოო და უცილობელი საბუთიანობისათვის გიგზავნით განვრცობილ განმარტებას აღმოსავლეთის წმ. მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენისა. გულმოდგინედ გამოკვლევის შემდეგ იგი ჯერ კიდევ 1672 წელს დაამტკიცა იერუსალიმის კრებამ, ხოლო მისი შინაარსი ბერძნულ და ლათინურ ენებზე გამოქვეყნდა პარიზში 1675 წელს და, შესაძლებელია, იმხანად თქვენამდეც კი მოაღწია და ახლაც თქვენს ხელთაა.

შეგიძლიათ, მისმიერ გულისხმაყოთ და უფრო კარგად შეიმეცნოთ ჩვენი ეკლესიის ღვთისმოსავი და მართლმადიდებლური არსი. თუკი დაგვეთანხმებით ჩვენ, შეიწყნარებთ მოძღვრებას, რომელსაც ამჯერად გამცნებთ, ყოველმხრივ ვიქნებით გაერთიანებულნი და აღარავის ხელეწიფება ჩვენი გაყოფა. რაც შეეხება დანარჩენ ჩვეულებებსა და საეკლესიო წეს-განგებებს, ჟამისწირვის აღსრულების სახეს, ღვთის წყალობით ერთიანობის მიღწევის შემდეგ ამას ადვილად და მარჯვედ მოევლება, ვინაიდან, როგორც საეკლესიო-ისტორიული წიგნები გვამცნობს, ზოგიერთი ჩვეულება და წეს-განგება სხვადასხვა ადგილასა და სხვადასხვა ეკლესიაში ექვემდებარებოდა და დაექვემდებარება ცვალებადობის კანონს, ხოლო განუყოფლობა და ერთსულოვნება რწმენასა და დოგმატებში კი ჰგიებს უცვალებელად. 

დაე, მეუფემ და ყოვლისგანმგებელმა ღმერთმა, რომელსა ყოველთა კაცთა ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მისლვა (1ტიმ. 2,4), მოგვმადლოს, რომ ყოველი განბჭობა და გამოკვლევა წარიმართოს მისივე ღვთაებრივი ნების თანახმად, სულისმარგებლად და მაცხოვნებელი სარწმუნოების წიაღში დამამკვიდრებლად. 

აი, რა გვწამს და როგორ ვაზროვნებთ ჩვენ, აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ქრისტიანენი:

I

გვწამს ერთი ღმერთი, - ჭეშმარიტი, ყოვლისმპყრობელი და დაუსაბამო: მამა, ძე და სულიწმინდა. მამა - უშობელი; ძე - უწინარეს ყოველთა საუკუნეთა მამისაგან შობილი და თანაარსი მისი; სულიწმინდა, რომელი მამისაგან გამოვალს და მამისა თანა და ძისა თანა თანაარსია. სამივე პირს (იპოსტასს), არსებით ერთს, სახელვდებთ ყოვლადწმინდა სამებად, რომელიც ყოველი ქმნილებისაგან მარად კურთხეულიქმნების, იდიდების და თაყვანისიცემების. 

II

გვწამს, რომ საღმრთო და სამღვდელო წერილი ღვთის მიერაა შთაგონებული. ამიტომაც გვმართებს, ეჭვგარეშე ვირწმუნოთ იგი. ამასთანავე: არა ჩვენმიერი გააზრებით, არამედ ისე, როგორც გვამცნობს და გვიმარტავს კათოლიკე ეკლესია. თუმცა ამაოდმბრძნობი ერეტიკოსებიც არ უარყოფენ საღმრთო წერილს, მაგრამ აუკუღმართებენ მას: სარგებლობენ რა ქარაგმებით, იგავური გამონათქვამებითა და ადამიანისეული სიბრძნის ხრიკება-მანქანებით, ერთმანეთთან ათანხმებენ შეუთანხმებელს და ჩჩვილებრ ათამაშებენ ისეთ საგნებს, რომლებიც სალაღობოდ არ არიან შექმნილნი. ანდა: ყველას რომ ყოველდღიურად თავ-თავისებრ განემარტა საღმრთო წერილი, მაშინ კათოლიკე ეკლესია - ეს ჭეშმარიტი მადლი ქრისტესი - დღეს უკვე აღარ იქნებოდა ამგვარი: განუყოფელი რწმენით, მარადჟამიერ ერთსულოვანი და შეურყეველი. იგი უთვალავ ნაწილებად დაიშლებოდა ანუ განწუალდებოდა ერესებად; ეკლესიის წმიდა საყდარი ანუ სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა გარდაიქმნებოდა თვალთმაქცობის ტაძარ-საკრებულოდ, - იქნებოდა ეკლესია იმ მწვალებლებისა, რომლებიც ჯერ განისწავლებიან მისგან, შემდეგ კი მასვე უარყოფენ ურცხვად და უსჯულოდ. 

ამასთანავე გვჯერა, რომ კათოლიკე ეკლესიის მოწმობას არანაკლები ძალა აქვს, ვიდრე საღმრთო წერილს, ვინაიდან ორივეს საფუძველია სულიწმიდა. ამიტომაც თანაარსია: გვამცნობს საღმრთო წერილი თუ მსოფლიო ეკლესია. 

ადამიანი, რომელიც ლაპარაკობს თავით თვისით, შესაძლებელია სცოდავდეს, იტყუებოდეს ან ტყუვდებოდეს. მსოფლიო ეკლესია კი, რადგანაც არასდროს მეტყველებს თავით თვისით, არამედ მხოლოდ ღვთიური სული (განუხრელად რომ ახლავს და უკუნითი უკუნისამდე მასწავლებლად ეგულვება) შთააგონებს, - შეუძლებელია სცოდავდეს, ტყუოდეს, ანდა ტყუვდებოდეს. საღმრთო წერილის მსგავსად, იგი არის უმწიკვლო და მარადჟამიერ სანუკვარი.

III

გვწამს, რომ ყოვლადმოწყალე ღმერთმა დიდებისათვის წინასწარვე განკუთვნა ისინი, რომლებიც გამოარჩია მარადიოსბიდან. ხოლო ვინც უარყო, მისცა სასჯელს. ოღონდ არა იმიტომ, თითქოს ასე სურდა მას: გაემართლებიან ერთნი, სხვანი კი განეგდო და დაესაჯა უმიზეზოდ. არა! ეს არ გახლავთ ბუნება ღვთისა, ყველასათვის საერთო და მიუკერძოებელი მამისა, „რომელსა ყოველთა კაცთა ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მისვლა“ (I ტიმ. 2,4). ღმერთმა იმთავითვე განჭვრიტა, რომ ერთნი კეთილად ირგებენ თავისუფალ ნებას, მეორენი კი - ბოროტად. ამიტომ ზოგისთვის განკუთვნა დიდება, ზოგისთვის - სასჯელი. 

„თავისუფლებით სარგებლობაზე“ ჩვენ ვმსჯელობთ შემდეგნაირად: ღვთის წყალობამ დაგვასაჩუქრა ღვთაებრივი და განმანათლებელი მადლით, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ აგრეთვე წინამძღოლს. და სწორედ იგი, ვითარცა ნათელი, განანათლებს ბნელსა შინა მავალთ და გაუკვლევს გზას. ვინც თავისუფალი ნებით დაემორჩილება მას (მეძიებელთა და დამყოლთა შემწეს) და აღასრულებს ღვთის ბრძანებას, აუცილებელს ხსნისათვის, შეიმოსება განსაკუთრებული მადლით, რომელიც განგვამტკიცებს და მარად სრულგვყოფს ღვთისმიერი სიყვარულით, ე.ი. იმ სათნო საქმეთა აღსრულებისათვის, რომელთაც გვავალებს მხოლოდ ღვთიური მადლი და გვყოფს წინაგანჩინებულად. ისინი კი, რომელთაც არ სურთ მორჩილება და შედგომა მადლისა, არ იმარხავენ ღვთის მცნებებს, ხოლო მორჩილებენ სატანის შთაგონებებს, ბოროტად იყენებენ თავიანთ თავისუფლებას, ბოძებულს ღვთისაგან იმისათვის რათა ნებაყოფლობით იქმოდნენ მადლს, მიეცემიან საუკუნო სასჯელს. 

ღვთისმგმობელი ერეტიკოსები ამბობენ, თითქოს ღმერთი ყოველივეს წინასწარ განსაზღვრავს და განსჯის ისე, რომ არც კი ითვალისწინებს წინასწარგანსჯილთა მომავალ საქმიანობას. ეს თვალსაზრისი ჩვენ მიგვაჩნია გონების სიშლეგედ და უკეთურებად, რადგან, ამ შემთხვევაში, საღმრთო წერილი თავად დაუპირისპირდებოდა თავის თავს. ბიბლიის თანახმად ამა თუ მორწმუნეს განამართლებს მხოლოდ სარწმუნოება და საქმენი თვისი. ამასთანავე ღმერთია ჩვენი ხსნის ერთადერთი საფუძველი. სწორედ იგი გვანიჭებს წინასწარ განმანათლებელ მადლს, რომლისაგანაც შევიძენთ ღვთაებრივი ჭეშმარიტების შემეცნების უნარს და სწავლა-მოძღვრებას, რათა შევიმოსოთ ხატება და მსგავსება ღვთისა (თუკი სურვილიც გვექნება ამისა). ამ მადლით ძალგვიძს ქმნა კეთილისა, რომელიც სათნოეყოფების ღმერთს და რომელიც მოგვმადლებს ხსნას, ოღონდ მოგვმადლებს იმგვარად, რომ არ დათრგუნავს ადამიანის თავისუფალ ნებას. იგი გვაძლევს არჩევანის თავისუფლებას: დავემორჩილოთ ან არ დავემორჩილოთ ღვთის განზრახვას. და ყოველივე ამის შემდეგ განა უაზრობა და უსაფუძვლო არ იქნება იმის მტკიცება, თითქოს მსჯავრდებულთა ხვედრი ღვთის სურვილია? და განა ეს ცილისწამება არ არის ღვთისადმი? ნიშნავს თუ არა ეს საშინელ უსამართლობას და გმობას ზეცისა? ღმერთი არ არის თანამდგომი არავითარი ბოროტებისა. მას ყოველი კაცის ხსნა თანაბრად სურს, მასთან არა აქვს ადგილი თვალღებას (მიკერძოებას). ამიტომაც ვაღიარებთ, რომ ღმერთი სამართლიანად სჯის მათ, ვინც დარჩენილა ცოდვის მორევში თავისივე გამრუდებული ნებითა და მოუნანიებელი გულით. არასდროს ვრაცხდით და არც შევრაცხთ სამუდამო სასჯელისა და ტანჯვის მიზეზად ღმერთს, მით უფრო - კაცთმოძულედ. მან ხომ თავად ბრძანა: სიხარული ისადგურებს ზეცად, ცოდვილთაგან ერთმაც რომ შეინანოსო. სხვაგვარ რწმენასა და ფიქრს ჩვენ არასდროს გავიკარებთ, სანამ ვაზროვნებთ. მათ კი, რომელებიც უკუღმართად ფიქრობენ და ქადაგებენ, ჩვენ გადავცემთ სამუდამო ანათემას და ვრაცხთ ურწმუნოთა შორის ურწმუნოდ.

IV

გვწამს, რომ სამჰიპოსტასიანი ღმერთი - მამა, ძე და სულიწმინდა - შემოქმედია ყოველივე ხილულისა. უხლილავ სამყაროდ ვრაცხთ ანგელოზთა დასებს, გონიერ სულებს და დემონებს (მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა დემონები შექმნა არა ისეთნი, როგორნიც შემდგომ გახდნენ საკუთარი ნებით). ხილულს ვეძახით ცასა და ყოველივეს ცისქვეშეთში. შემოქმედი თავისი არსებითა არის კეთილი: რაც კი მან შექმნა, კეთილად ქმნა. ბოროტისყოფა არასდროს და არავისთვის სურს. და თუკი ადამიანსა და დემონში (და არა თავად ბუნებაში) მაინც ბუდობს რაიმე ბოროტება, ე.ი. ცოდვა, ეს ღვთის ნების წინააღმდგომია. ეს ბოროტება გამომდინარეობს ან თვით ადამიანიდან, ანდა ეშმაკიდან. უდავოა და არავითარ ეჭვს არ იწვევს ის, რომ ღმერთი შეუძლებელია იყოს ბოროტების მიზეზი. სრული სამართლიანობა მოითხოვს, არ მივაწეროთ იგი ღმერთს. 

V

გვწამს, რომ ყოველივე არსებული, ხილული და უხილავი, ღვთის განგებით წარიმართება. ამასთანავე ბოროტებას, როგორც ასეთს, ღმერთი მხოლოდ წინასწარჭვრეტს და ნებაზე უშვებს, მაგრამ არა სათნოჰყოფს, რადგან, თვით არ შეუქმნია იგი. თუმცა წარმოშობილი ბოროტება მაინც მიემართება რაღაც სარგებლისაკენ უმაღლესი მადლის ძალით [იგულისხმება: თვით ბოროტებასაც კი მოაქვს რაღაც სარგებლობა, დგება სიკეთის სამსახურში გარკვეული თვალსაზრისით. გრიგოლ ნოსელის თქმით „ბოროტი არ არის უსაზღვრო, არამედ დადგენილ საზღვართა მიერ შემოწერილი, რის გამოც ბოროტების დასასრულს უცილობლად მოჰყვება მოქცევა კეთილისაკენ.“ (მთარგმ. შენ.)]. ეს მადლი, რა თქმა უნდა, თვითონ არ ქმნის ბოროტებას, არამედ, რამდენადაც შესაძლებელია, მხოლოდ წარმართავს მას უკეთესისაკენ. გვმართებს, რათა არა განვსცადოთ, არამედ მოკრძალებით მივენდოთ ღვთაებრივ განგებასა და მისმიერ მსჯავრს, იდუმალსა და მიუკვლეველს. ამასთანავე, ყველაფერი, რასაც გვამცნობს საღმრთო წერილი მარადიული ცხოვრების შესახებ, კეთილგონივრულად უნდა შევისწავლოთ და, როგორც უმთავრეს მოძღვრებას ღვთაებაზე, ვენდოთ ერთგულებით. 

VI

გვწამს, რომ პირველი ადამიანი, შექმნილი ღვთისაგან, დაეცა სამოთხეში მაშინ, ოდეს ეურჩა ღვთის მცნებას და აღასრულა გველის მზაკვრული რჩევა. სწორედ იქიდან გავრცელდა მემკვიდრეობითი წინაპართა ცოდვა შემდგომ თაობებზე. ასე რომ, არ არსებობს დაბადებულთაგან ძეხორციელი, თავისუფალი რომ იყოს ამ ტვირთისაგან და დღევანდელ ცხოვრებაში არ აჩნდეს პირველცოდვის დაღი. ამგვარ ტვირთად ანუ გადაცემის შედეგად ჩვენ მიგვაჩნია არა თვით ცოდვა, როგორიცაა, უპატიოსნება, ღვთის გმობა, მკვლელობა, მძულვარება და სხვა ამგვარი, რაც მომდინარეობს, ღვთის ნების საწინააღმდეგოდ, ადამიანის ბოროტი გულიდან და არა ბუნებიდან (რადგან ბევრი მამამთავარი, წინასწარმეტყველი და სხვა უამრავი წმინდანი ძველი და ახალი აღქმისა, აგრეთვე, ღვთის წინამორბედი და, უპირატესად, სიტყვისა ღვთისა მშობელი და ყოვლადწმინდა მარიამი არ იყვნენ თანამონაწილენი ამ და მსგავს ცოდვათა). ეს ტვირთი ანუ დაცემის შემდეგი არის მიდრეკილება ცოდვისაკენ და ის უბედურებანი, რაც ღვთის მართლმსაჯულებამ განუჩინა ადამიანს მისივე ურჩობის გამო, ესენია: მომქანცველი შრომა, მწუხარება, ფიზიკური უძლურება, სალმობანი შრომისა, განსაზღვრულ დრომდე ამ ქვეყნად ცხოვრება-ხეტიალი, ბოლოს კი ხორციელი სიკვდილი. 

VII

გვწამს, რომ ღვთის ძემ, ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, თავისთავი დაიმდაბლა, ე.ი. საკუთარი იპოსტასი შემოსა ადამიანური ხორცით; სულიწმიდის მიერ ჩაისახა ქალწული მარიამის საშოში და განკაცდა; იმავე ქალწულისაგან იშვა კვნესისა და ტკივილის გარეშე, ხოლო მშობელმა ქალწულება დაიმარხა; ივნო; დაეფლო, მაგრამ დიდებით აღდგა მესამესა დღეს თანახმად წერილისა; ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა; და კვლავაც მომავალ არს დიდებით განსჯად ცოცხალთა და მკვდართა. 

VIII

გვწამს, რომ უფალი იესო ქრისტე არის ერთადერთი მეოხი ჩვენთვის. მან გაწირა თავი თვისი, რათა გამოვესყიდეთ, ე.ი. საკუთარი სისხლის გაღებით ადამიანი შეარიგა ღმერთს. ვინც შეუდგება მის კვალს, მწედ და მფარველად, ცოდვათმიმტევებლად ექმნება იგი. ვაღიარებთ, აგრეთვე, რომ უფლისადმი ლოცვა-ვედრებით წმინდანები შუამდგომლობენ ჩვენთვის. ხოლო ყველაზე მეტად ყოვლადწმინდა მშობელი სიტყვისა ღვთისა, აგრეთვე: წმინდა ანგელოზნი, მფარველნი ჩვენნი; მოციქულნი წინასწარმეტყველნი; მარტვილნი; მართალნი და ყოველნი, რომელნიც მან, უფალმა განადიდა, ვითარცა ერთგულნი მსახურნი. მათ რიცხვს მივაკუთვნებთ ჩვენ აგრეთვე მღვდელმთავრებსა და მღვდლებს ანუ წმინდა ტრაპეზის მსახურთ, ასევე - მართალ ადამიანთ, კეთილშობილებით გასხივოსნებულთ. და, როგორც გვაუწყებს საღმრთო წერილი, საჭიროა ერთმანეთისათვის ლოცვა. ამასთანავე: მრავლისშემძლეა მართალთა ლოცვა და ღმერთიც ხომ მეტად მოუსმენს წმინდანთ, ვიდრე ჩაფლულთ ცოდვის მორევში? ვაღიარებთ აგრეთვე, რომ წმინდანნი მოწოდებულნი არიან ჩვენი მეოხებისა და შუამდგომლობისათვის ღმერთის წინაშე, თანაც არა მხოლოდ აქ, ოდეს იმქვეყნად ცხოვრობდნენ ისინი, არამედ, უფრო, სიკვდილის შემდეგ, რაჟამს ყოველგვარ მიწიერთაგან დახსნილნი (რაზეც მიგვანიშნებს მოციქული), მთელ სიცხადით ჭვრეტენ წმინდა სამებას და მის დაუსაბამო ნათელს. ჩვენ ეჭვიც არ გვეპარება, რომ წინასწარმეტყველნი, ჯერ კიდევ მოკვდავ სხეულში მყოფნი, ხედავენ ზეციურ საგნებს და ამიტომაც წინასწარმეტყველებდნენ მომავალს. ასევე: ჩვენ არამც თუ ეჭვი არ გვეპარება, არამედ მტკიცედ გვწამს და ვაღიარებთ, რომ ანგელოზები და წმინდანები, რომლებიც იქმნენ ანგელოზებად, ღვთის დაუვსებელ ნათელში ჭვრეტენ, თუ რაი გვიხმს. 

IX

გვწამს, რომ არავის ძალუძს ხსნა რწმენის გარეშე. რწმენად კი სახელვდებთ მართებულ წარმოდგენას ღმერთზე და ღვთიურ საგნებზე. თუკი წარმართებულია სიყვარულით, ანდა, რაც იგივეა, ღვთის მცნებათა სრულყოფით, ეგევე რწმენა გაგვამართლებს ჩვენ ქრისტეს მეშვეობით. მის გარეშე კი შეუძლებელია სათნოვეყოთ ღმერთს. 

X

გვწამს ისე, როგორც ნამცნები გვაქვს სარწმუნოება, როგორადაც სახელდებულია, როგორიცაა ის თავის არსში, ე.ი. გვწამს წმიდა, მსოფლიო და სამოციქულო ეკლესია, რომელიც აერთიანებს ქრისტეს მორწმუნეებს, ვინც უნდა იყვნენ ისინი, - ყველას და ყველგანმყოფთ, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან მიწიერ გზაზე და ჯერაც არ დამკვიდრებულან მამისეულ სასუფეველში. მაგრამ ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ და არ უნდა გავაიგივოთ ეკლესია ამქვეყნიური და ეკლესია ზეციური, თუნდაც ისე, როგორც ფიქრობს ზოგიერთი ერეტიკოსი, რომ ერთიც და მეორეც თანაარსებობენ, რომ ისინი შეადგენენ ორ სამწყსოს ერთი და იმავე მწყემსმთავრისა - ღმრთისა, ნათელღებულნი არიან ერთი წმინდა სულით. ამგვარი აღრევა უადგილოა და შეუძლებელი, რადგან ერთი იბრძვის და გზად იმყოფება ჯერაც. მეორე კი უკვე ზეიმობს გამარჯვებას, რადგან მიაღწია მამულს და მიიღო ჯილდო მსოფლიო ეკლესიის საფერი. რადგან ადამიანი მოკვდავია და არ ძალუძს მუდმივი მეთაურობა ეკლესიისა, ჩვენს მეუფეს იესო ქრისტეს, როგორც მეთაურს, თავად უპყრია ეკლესიის მართვა-განმგებლობის საჭე და მართავს მას წმიდა მამების მეშვეობით. ამისათვის წმიდა სულმა თითოეულ ეკლესიას, დაარსებულს კანონიერად და კანონის საფუძველზევე აგებულს, განუწესა ეპისკოპოსები, როგორც ხელისუფალნი, მწყემსნი, თავნი და წინამძღვარნი, რომელბმაც თავიანთი არსება კანონიერებას უნდა დაუმორჩილონ და არა ბოროტებას, რათა მათ შორის გამოიკვეთოს წინამძღვრისა და ჩვენი მხსნელის სახე, რათა მორწმუნეთა საზოგადოება სწორედ მათივე წინამძღვრობით ეზიაროს ძალს ღვთისას. ამასთანავე, ერეტიკოსები სხვა ბიწიერ თვალსაზრისთა შორის იმასაც ამტკიცებენ, თითქოს რიგითი მღვდელი და მწყემსმთავარი თანასწორუფლებიანნი არიან, რომ მიზანშეწონილია ცხოვრება მწყემსმთავრის გარეშეც, რომ მღვდელსაც კი ხელეწიფება მართოს ეკლესია, რომ მღვდლად ხელდასხმა ძალუძს არა მხოლოდ მწყემსმთავარს, არამედ მღვდელსაც და რომ რამდენიმე მღვდელს შეუძლია ქიროტონია მღვდელმთავრისა… თანაც გაიძახიან, რომ თითქოს აღმოსავლური ეკლესიაც აღიარებს, მათთან ერთად, ამ ცდომილებას. მაგრამ ჩვენ, თანახმად იმ თვალსაზრისისა, რომელიც უძველესი დროიდან ბატონობს აღმოსავლეთის ეკლესიაში, ვამტკიცებთ: ეპისკოპოსის წოდება იმდენადაა აუცილებელი ეკლესიაში, რომ მის გარეშე ეკლესია არ არის ეკლესია, ხოლო ქრისტიანი - ქრისტიანი. არამცთუ არ არის, უბრალოდ, დარქმევაც კი შეუძლებელია, რადგან ეპისკოპოსი, როგორც მოციქულთა მემკვიდრე, ხელდასხმული და სულიწმიდის მიერაა მოწოდებული, რომელსაც ღვთისგან მემკვიდრეობით ემადლა ძალაუფლება განხსნისა და შეკვრისა. იგი არის ცოცხალი სახე ღვთისა ამქვეყნად და, სულიწმიდისაგან ბოძებული მღვდელმსახურების უნარით, წარმოადგენს დაუვსებელ წყაროს ყოველგვარი საეკლესიო საიდუმლოებისა, რომლისგანაც მოგვენიჭა ხსნა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეპისკოპოსი ისევე აუცილებელია ეკლესიისათვის, როგორც სუნთქვა ადამიანისათვის და მზე -ქვეყნიერებისათვის. ამიტომაც მოხდენილადაა ნათქვამი მღვდელმთავრული ხარისხის სადიდებლად: „როგორც ღმერთი თავსაკიდურია ზეციური ეკლესიისა, მზე - ქვეყნიერებისა, ასევეა ეპისკოპოსი საკუთარი მრევლისათვის. მან უნდა გაასხივოსნოს და გაათბოს სამწყსო, გარდაქმნას იგი ტაძრად ღვთისა“. ეპისკოპოსობის უდიდესმა საიდუმლომ და ხარისხმა ჩვენამდე რომ მემკვიდრეობით მოაღწია, სრულიად ნათელია, რადგან ღმერთმა თავად აღგვითქვა - თქვენთანა ვარ უკუნითი უკუნისამდე. და მართლაც, თუმცა ჩვენ შორის იგი სხვა ღვთიური და მადლმოსილი სახეებითაც სუფევს, სწორედ ეპისკოპოსის მიერ აღსრულებული მღვდელმსახურების წყალობით მოგვეახლება უფალი განსაკუთრებული სიცხადით, დაივანებს ჩვენს შორის და გვითვისებს ჩვენ წმინდა საიდუმლოს მეშვეობით, რომლის უპირველესი აღმასრულებელი და მღვდელმსახური სულიწმინდის მიერ არის ეპისკოპოსი. და ეს ფაქტი არ გვაძლევს უფლებას, ერესში გადავარდნისა. ამიტომ წმინდა იოანე დამასკელი თავის მე-4 წერილში აფრიკელებისადმი ამბობს, რომ პეტრეს მოსაყდრეებად მიიჩნევიან: პირველი ეპისკოპოსი რომში - კლიმენტი, ანტიოქიაში - ევლოგი, ალექსანდრიაში - მარკოზი, რომ წმ. ანდრიამ დაადგინა კონსტანტინოპოლის საყდარზე სტაქია, ხოლო წმ. ქალაქს, დიდ იერუსალიმს ღმერთმა განუჩინა ეპისკოპოსად იაკობი, რომელიც შეცვალა მემკვიდრემ, მემკვიდრე - მემკვიდრემ და ასე შემდეგ ვიდრე ჩვენამდე. სწორედ ამიტომ ტერტულიანე, პაპიანესადმი წერილში, ყველა ეპისკოპოსს მოციქულთა მოსაყდრედ სახელდებს. მათ მოციქულებრივ მემკვიდრეობას, ღირსებასა და ძალაუფლებას გვიდასტურებს აგრეთვე ევსევი პამფილელი და მამათაგან მრავალი, რომელთა ჩამოთვლაც იქნებოდა ზედმეტი. აგრეთვე, - მსოფლიო ეკლესიის საზოგადო და ძველი ტრადიცია. ცხადია აგრეთვე, რომ ხარისხი ეპისკოპოსისა განირჩევა ჩვეულებრივი მღვდლობისგან, რადგან მღვდელს აკურთხებს ეპისკოპოსი, ხოლო ეპისკოპოსს - არა მღვდელთაგანი, არამედ მოციქულთა კანონით, ორი ან სამი მღვდელმთავარი. ამასთანავე, მღვდელს გამოარჩევს და განაწესებს ეპისკოპოსი, ხოლო მღვდელმთავარს არა მღვდელთაგანი, ანდა პრესვიტერი, არცა საერო ხელისუფლება, არამედ უმაღლესი საეკლესიო კრება იმ ქვეყნისა, რომელსაც ეკუთვნის ქალაქი, მღვდელმთავარი რომ უნდა დაუდგინონ. შესაძლებელია აგრეთვე, უკიდურეს შემთხვევაში, საკუთარი ეპისკოპოსი გამოარჩიოს თვით საეკლესიო ოლქის ანუ ეპარქიის საგანგებო კრებამ. ზოგჯერ კი, სხვათა შორის, ამგვარი რამ საქალაქო კრებასაც ძალუძს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში შერჩეული კანდიდატი უსათუოდ უნდა წარუდგინონ უმაღლეს საეკლესიო კრებას და, თუ ეს არჩევანი აღმოჩნდება კანონის შესაბამისი, მღვდელმთავრად განმზადებულს, სულიწმინდის მოწოდებით, ხელთდაასხამენ ეპისკოპოსნი. გარდა ამისა: მღვდლობა - ძალაუფლება და მადლი მღვდელობისა - განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის (ე.ი. მღვდელისათვის). ეპისკოპოსს კი ძალუძს საკუთარი ხარისხისმიერი მადლი გადასცეს სხვებსაც. პირველს მხოლოდ ეპისკოპოსისაგან მიემადლება მღვდელობა, იგი აღასრულებს მხოლოდ წმინდა ნათლობას ლოცვებითურთ, სწირავს უსისხლო მსხვერპლს, აზიარებს ხალხს ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან, სცხებს მირონს ნათელღებულთ, ჯვარს სწერს კეთილად და კანონიერად შეუღლებულთ, ლოცვებს აღავლენს სნულთათვის, იღწვის ხალხის საცხონებელად და მოსამზადებლად ჭეშმარიტების შემეცნებისა, შესთხოვს უფალს მართლმადიდებელთა - ცოცხალთა და მკვდართა - შენდობასა და ცოდვათმიტევებას. და, ბოლოს, ვინაიდან ხუცესნი გამოირჩევიან ცოდნითა და ქველმოქმედებით, ისინი, ეპისკოპოსის მიერ ბოძებულნი უფლებით, მოძღვრავენ და შთააგონებენ იმ მართლმადიდებლებს, რომელბიც მიმართავენ მათ. სწორედ მღვდელი უჩვენებს სამწყსოს გზას, რათა ცხოვარნი ეზიარონ ციურ სასუფეველს, ღირსიქმნენ წმიდა სახარების ქადაგებისა. მღვდელმთავარი კი, იმის გარდა, რომ თავადაც აღასრულებს ყოველივე ზემონათქვამს (ვინაიდან, როგორც აღვნიშნეთ, იგი წარმოადგენს წყაროს ღვთიურ საიდუმლოთა, ვისაც მიმადლებია სულიწმინდისმიერი ძალა), არის ერთადერთი განმგებელი წმიდა მირონის კურთხევისა. მხოლოდ მას აქვს შეთვისებული ხელდასხმის აღსრულების წესი ყველა ხარისხსა და საეკლესიო თანამდებობაში. მას განსაკუთრებით და აღმატებით ხელეწიფება, რათა შეკრას და გადაწყვიტოს და შეადგინოს ღმრთის მცნებათა კვალობაზე ღვთისავე სათნო სასამართლო; ქადაგებს წმიდა სახარებას და მართლმადიდებელთა შორის განამტკიცებს სარწმუნოებას, ხოლო ურჩთ, როგორც წარმართებსა და ურჯულოებს, განკვეთს ეკლესიისაგან. ერეტიკოსებს კი შეაჩვენებს და ანათემას გადასცემს, და თავის სულს დადებს ცხოვართათვის. ამრიგად: უკვე აშკარაა, თუ რაოდენ განსხვავდება რიგითი მღვდელი ეპისკოპოსისაგან. ცხადია ისიც, რომ მთელს ქვეყანაზე არც ერთ მღვდელს არ შეუძლია მღვდელმთავრის გარეშე ღვთის ეკლესიის დამწყემსვა და სრულყოფილად მართვა. სამართლიანად აქვს აღნიშნული წმ. მამათაგან ერთ-ერთს, - ადვილი არ გახლავთ ერეტიკოსთა შორის მოძებნოთო გონებადამჯდარი შემდეგი მიზეზისა გამო: ზურგს აქცევენ რა ეკლესიას, ისინი რჩებიან სულიწმინდის გარეშე. ამიტომაც მათთან, ცოდნისა და ნათლის ნაცვლად, ისადგურებს ბნელეთი და სიჩლუნგე. და მართლაც, ასე რომ არ იყოს, ერეტიკოსები ალბათ ვერ უარყოფდნენ სიმართლეს, თანაც ისერიგად ცხადს, როგორიცაა, მაგალითად, დიადი და ჭეშმარიტი საიდუმლო ეპისკოპოსობისა, რომლის თაობაზეც გვამცნობს საღმრთო წერილი, გვაუწყებს საეკლესი ისტორია, გვიამბობენ წმინდანები და რაც მსოფლიო ეკლესიის მიერ ყოველთვის იყო აღიარებული და დადასტურებული.
XI

გვწამს, რომ კათოლიკე ეკლესიის წევრია ყველა მორწმუნე და მხოლოდ მორწმუნე, ე.ი ისინი, რომელებიც არიან ერთგულნი და მტკიცედ აღიარებენ იესო მაცხოვრის წმიდა სარწმუნოებას (თავად ქრისტემ, მოციქულებმა და მსოფლიო კრებებმა რომ მოგვმადლეს), მიუხედავად იმისა, რომ იმათგან ზოგი სხვადასხვა ცოდვის გამო არის დამძიმებული. და რომ ისინიც - ერთგულნი, მაგრამ ცოდვილნი - არ იყვნენ ეკლესიის წევრნი, არც დაექვემდებარებოდნენ მის სამსჯავროს. სწორედ ეკლესია ასამართლებს მათ, მოუწოდებს მონანიებისაკენ, უსახავს გზას მაცხოვნებელი მცნებებისაკენ და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვარდებიან ცოდვებში, თუკი არ განდგებიან და შეინარჩუნებენ კათოლიკე - მართლმადიდებლურ რწმენას, მაინც იქნებიან შერაცხილნი და აღიარებულნი კათოლიკე ეკლესიის წევრებად.

XII

გვწამს, რომ თავად სულიწმინდა შთააგონებს კათოლიკე ეკლესიას. სწორედ იგია ის ჭეშმარიტი ნუგეშისმცემელი, რომელიც ქრისტეს მიერ გარდამოვა მამა ღმერთისაგან, რათა გვამცნოს ჭეშმარიტება და გაფანტოს ბნელეთი მორწმუნეთა გონებიდან. ამასთანავე, სულიწმინდა ეკლესიას შთააგონებს წმ. მამებისა და თვით კათოლიკე ეკლესიის მასწავლებელთა მეშვეობით. როგორც საღმრთო წერილი მთლიანად, რაც საყოველთაოდაა აღიარებული, არის სულიწმინდის სიტყვა, არა უშუალოდ, არამედ მოციქულთა და წინასწარმეტყველთა მეშვეობით წარმოთქმული, - ასევე: ეკლესიაც განისწავლება ცხოველმყოფელი სულის მიერ შუამდგომლობითა წმიდა მსოფლიო კრების მიერ და მათი უგულვებელყოფა ჩვენგან არ ეგების. სწორედ ამიტომ ჩვენ არა მხოლოდ დარწმუნებულნი ვართ, არამედ თამამად ვაღიარებთ როგორც უქცეველ ჭეშმარიტებას, რომ კათოლიკე ეკლესიას არ შეუძლია ცოდვაში ჩავარდნა: იგი არ ცდება და არ ამბობს ტყუილს ჭეშმარიტების წილ, რადგან სულიწმინდა, რომელიც მარად თავსევლება ჭეშმარიტმსახურ მამათა და მოძღვართა მეშვეობით, იმთავითვე ყოველგვარ ცდომილებათაგან იფარავს მას.

XIII

გვწამს, რომ ადამიანს გაამართლებს არა მხოლოდ სარწმუნოება, არამედ სიყვარულით წარმართებული სარწმუნოება, ე.ი. რწმენისა და საქმის ერთობლიობა. ვაღიარებთ აგრეთვე, რომ სრულიად შეუწყნარებელია აზრი, თითქოს რწმენა, საქმის ალაგას ჩანაცვლებული, მოგვანიჭებს გამართლებას ქრისტეს მიერ. ვინაიდან ამგვარი რწმენა შესაძლებელია გააჩნდეს ყველას, მაგრამ ცხადია, შეცდომა იქნება ვიფიქროთ, ამის გამო აღარავინ დარჩება ხსნის გარეშე. წინააღმდეგ ამისა ჩვენ გვწამს, რომ არა ოდენ რწმენის აჩრდილი, არამედ თავად რწმენა, გაცხადებული საქმით, გაგვამართლებს ქრისტეს მიერ. ხოლო თვით ეს საქმეები ჩვენ მიგვაჩნია არა მხოლოდ დასტურად იმისა, რომ ვდგავართ მოწოდების სიმაღლეზე, არამედ ნაყოფადაც, მოწამედ იმისა, რომ რწმენა გაგვიცხადებია მოღვაწებით, რომ ღვთაებრივი აღთქმის თანახმად, მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი, - მიეზღოს თითოეულს დამსახურებისამებრ სასყიდელი: კეთილი ანუ ბოროტი, - იმისდა მიხედვით, თუ რასა იქმოდა იგი გვამით თვისით.

XIV

გვწამს რომ ადამიანი, რომელიც დაეცა დანაშაულის გამო, დაემსგავსა პირუტყვს, ე.ი. დამდაბლდა ანუ დაკარგა სრულყოფილება და უბიწოება ვნებათაგან. თუმცა ის ბუნება და ძალა, რომლითაც შემოსა იგი ყოვლადკეთილმა ღმერთმა, კვლავაც შერჩა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ხომ გარდაიქმნებოდა უგონო არსებად, ე.ი. არაადამიანად. ასე რომ, მას დღესაც ამკობს ის ბუნება, რომლითაც შექმნილია, - მას ამკობს თანდაყოლილი ძალა - თავისუფალი, ცოცხალი, შემოქმედებითი. ამდენად, ადამიანს, თანხმად მისივე ბუნებისა, ძალუძს: გამოარჩიოს და ქმნას კეთილი, განერიდოს და უარყოს ბოროტება. ადამიანს რომ ბუნებით შესწევს უნარი სიკეთის ქმნისა, მიგვანიშნებს თავად უფალი, როდესაც ამბობს: წარმართებსაც უყვართო თავიანთი მოყვასი. უფრო ცხადად ამასვე გვამცნობს მოციქული პავლე ეპისტოლეში რომაელთა მიმართ (1,19). განსაკუთრებით იქ, სადაც ამბობს: „წარმართთა, რომელთა შჯული არა აქუნ… ბუნებითსა მას შჯულსა ჰყოფდეს“ (რომ. 2,14). აქედან აშკარაა, რომ ადამიანის მიერ ქმნილი სიკეთე არ შეიძლება იყოს ცოდვა, ვინაიდან სიკეთე შეუძლებელია იყოს ბოროტება. სიკეთე ანუ ქველმოქმედება, თუკი ნებისაებრ-ბუნებითია იგი, შეიქმს ადამიანს მხოლოდ მშვინვიერს. და არა სულიერს. და მხოლოდ მას (სიკეთის ქმნას), არსებულს რწმენის გარეშე, არ შეუძლია არც ხსნა და, მაშასადამე, ცხადია, არც დასჯა, რადგან სიკეთე, როგორც ასეთი, შეუძლებელია იყოს ბოროტების მიზეზი. ხოლო მადლით ძლევამოსილი სიკეთე, მადლითვე აღორძინებულთა შორის, მიაღწევს სრულყოფილებას და გახდის ადამიანს ხსნის ღირსად. თუმცა შესაძლებელია ისიც, რომ ადამიანი, საკუთარი ბუნების წყალობით, ამგვარ აღორძინებამდეც იყოს მიდრეკილი სიკეთისადმი: ამოირჩიოს და ქმნას ზნეობრივი სიკეთე. მაგრამ რომ აღორძინდეს და შეეძლოს სულიერი სიკეთის ქმნა (რწმენისეული საქმეები, - არიან რა ხსნის მიზეზნი, განსრულებულნი ზებუნებრივი მადლით, - ჩვეულებრივ იწოდებიან სულიერად, სულიერ სიკეთედ) საჭიროა მადლი წინამსწრობი და წინამძღოლი (როგორც ეს ნათქვამია შერაცხილთა შესახებ). ასე რომ, მას (ადამიანს) თავისთავად არ შეუძლია მოიმუშაკოს ქრისტესმიერი ცხოვრების ღირსი საქმენი, ხელეწიფება მხოლოდ, რომ ჰქონდეს ან არ ჰქონდეს

XV

გვწამს, რომ ეკლესია ფლობს სახარებისეულ საიდუმლოებებს, რიცხვით შვიდს. არც მეტს და არც ნაკლებს - გარდა ამ რაოდენობისა, ეკლესია არ ცნობს. განსხვავებული რაოდენობა, შვიდზე მეტი, გამოგონილია უგუნური ერეტიკოსების მიერ. საიდუმლოთა ეს შვიდეული კი, მართლმადიდებლური რწმენის სხვა დოგმის მსგავსად, დაფუძნებულია საღმრთო წერილზე. სახელდობრ:

წმიდა ნათლობა გვამცნო ჩვენ უფალმა ამ სიტყვებით: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს-ჰსცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“ (მათე 25,19): „რომელსა ჰრწმენის და ნათელიღოს, ჰსცხონდეს, ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს“ (მარკ. 16,16).

წმიდა მირონის ანუ მირონცხების საიდუმლო დაფუძნებულია აგრეთვე მაცხოვრის სიტყვებზე: „ხოლო თქუენ დაჰსხედით ქალაქსა ამას შინა იერუსალიმსა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მადლით“ (ლუკა 24,49). სწორედ ამ ძალით აღიჭურვნენ მოციქულნი სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ და სწორედ ეგევე ძალა წარმოჩინდება მირონცხების საიდუმლოს მეოხებით, რის შესახებაც მსჯელობს მოციქული პავლე (2 კორ. 1,21-24): აგრეთვე „…რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა, და რომელი განხსნა ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა“ (მათე 16,19). 

უსისხლო მსხვერპლს გვამცნობს შემდეგი: „მიიღეთ და ჭამეთ; ესე არს ხორცი ჩემი… ესე სასუმელი ახალი სჯული არს სისხლისა ჩემისა“ (I კორ. 11,24-25); „უკუეთუ არა ჭამოთ ხორცი ძისა კაცისა, და სუათ სისხლის მისი, არა გაქუნდეს ცხორება თავთა შორის თქვენთა“ (იოანე 6,5-8). 

ქორწინების საიდუმლო საფუძველია თავად ღვთის მიერ წარმოთქმული სიტყვები, რასაც გვამცნობს ძველი აღთქმა (შესაქმე 2,24) და რომელიც კვლავ დაადასტურა იესო ქრისტემ, ოდეს ბრძანა: „რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებნ“ (მათე 19,6). ასევე: მოციქული პავლე ქორწინებას უწოდებს დიდ საიდუმლოს (ეფ. 5,32).

სინანული, რომელთანაც ერთიანდება აღსარების საიდუმლო, ეფუძნება საღმრთო წერილის ამ სიტყვებს: „უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ, და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნენ, შეპყრობილ იყუნენ“ (ინ. 20,23). აგრეთვე: უკუეთუ არა შეინანოთ, ეგრევე სახედ ყოველნი წარსწყმდეთ“ (ლუკ. 13,3).

წმიდა ზეთისცხების საიდუმლოზე ანუ ზეთისცხების ლოცვაზე მიგვანიშნებს მახარებელი მარკოზი, ხოლო გარკვევით ადასტურებს იაკობი, ძმა უფლისა (5,14-15).

საეკლესიო საიდუმლონი არა მხოლოდ ნიშანნი არიან ღვთიური აღთქმისა, არამედ მოიცავენ ბუნებრივსა და ზებუნებრივს. ვაღიარებთ, რომ ისინი არიან საჭურველნი, რომელთა მეოხებითაც უსათუოდ შეიმოსებიან მადლით მათდამი შევრდომილნი, მაგრამ უარვყოფთ იმ აზრს, შეუთავსებელს ქრისტიანულ მოძღვრებასთან, რომ საიდუმლო სრულყოფილია მხოლოდ მიწიერი საგნების, - თვით ამ საიდუმლოს მიერ კურთხეულ საგნების, - პრაქტიკულად გამოყენების ჟამს (მაგ. ტრაპეზობა-პურობისას და სხვა მისთანა): რომ თითქოს საიდუმლოს მიერ კურთხეული საგნები მოხმარების გარეშე ანუ შემდგომ კურთხევისა რჩებიან ლიტონ საგნებად. ამგვარი რამ ეწინააღმდეგება ზიარების საიდუმლოს, რომელიც, - დაფუძნებულია რა ყოველთა საუკუნეთა უწინარეს არსებული სიტყვის მიერ და კურთხეული სულიწმიდის მოწოდებით, აღესრულება შერაცხილის ანუ ქრისტეს სისხლისა და ხორცის მუნმყოფობით. ამ საიდუმლოს აღსრულება, როგორც აუცილებელი, არის წინამძღვარი ანუ საშუალება ერთიანობა-ზიარებისა და მართლაც, თვით ზიარებამდე რომ არ აღსრულებულიყო ეს საიდუმლო, უღირსად მზიარებელნიც არ შეჭამდნენ და არ შესვამდნენ დასასჯელად თავიანთი თავისა (I კორ. 11,29), რადგან, იმგვარ შემთხვევაში, ისინი ეზიარებოდნენ ჩვეულებრივ პურსა და ღვინოს. აწ კი, - ეზირებიან რა უღირსნი, თავიანთი თავის დასასჯელად ჭამენ და სვამენ. ზემოთქმულის თანახმად, ევქარისტიის საიდუმლო აღესრულება არა საკუთრივ ზიარების დროს, არამედ მანამდე, წინაუძღვის ამ ფაქტს. ამასთანავე: ჩვენ მიგვაჩნია უკიდურესად მცდარად და უწმინდურად ის თვალსაზრისი, რომ მცირედმორწმუნეობის გამო თითქოს ირღვევა საიდუმლოს მთლიანობა და სრულყოფილება. თვით ერეტიკოსებსაც კი შეიწყნარებს ეკლესია, როდესაც ისინი უარყოფენ მწვალებლობას და შეუდგებიან მსოფლიო ეკლესიას, მათ მიემადლებათ სრულყოფილი ნათლისღება, თუმცა გააჩნიათ არასრულყოფილი რწმენა, და რაჟამს სრულყოფილი სარწმუნოებით საბოლოოდ შეიმოსებიან ისინი, ხელახლა აღარ მონათლავენ.

XVI

გვწამს რომ ნათლისღება-ნათლობა, რომელიც ნამცნებია უფლის მიერ და აღესრულება წმიდა სამების სახელით, აუცილებელია. მის გარეშე ცხონება არავის შეუძლია, და როგორც ბრძანებს უფალი, „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფევლისა ღმრთისასა“ (იოანე 3,5). ამიტომ სჭირდებათ იგი ბავშვებსაც კი, რადგან მათაც ამძიმებთ თანშობილი ცოდვა და ნათლობის გარეშე არ შეუძლიათ მისგან განთავისუფლება. და ღმერთმა, როდესაც მიგვითითა ამაზე, გვითხრა მარტივად, ყველას გასაგონად: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ…“ ე.ი. , ვისაც ქრისტე მაცხოვრის მეორედ მოსვლისას ნებავს ციურ სასუფეველში დამკვიდრება, უნდა აღორძინდეს და განახლდეს, - იშვას ხელმეორედ. და რადგან ყრმებიც საჭიროებენ ცხონებას, საჭიროებენ ნათლობასაც. ხოლო თუკი არ აღორძინდებიან და არ განახლდებიან, წინაპართა ცოდვებიც არ წარიხოცება მათგან. ამიტომაც, ცხადია, დაექვემდებარებიან ისინი ხსენებულ ცოდვათა გამო მოწევნულ საუკუნო სასჯელს და, მაშასადამე, ვერც ცხონდებიან. ასე რომ, აუცილებელია ყრმების მონათვლა. ყრმანი ცხონდებიან, როგორც ამბობს მახარებელი მათე, მაგრამ მოუნათლავნი ვერ ცხონდებიან. ამიტომაც, ვიმეორებთ, ყრმანი უსათუოდ უნდა მოვნათლოთ. „მოციქულთა საქმეშიც“ ნათქვამია, რომ „ნათელიღო მან (საპყრობილის მცველმა) და მისთა ყოველთა“, ე.ი. მთელმა სახლეულმა (16,33). ცხადია, ბავშვებმაც. ამასვე გვიმოწმებენ ნათლად ეკლესიის ძველი მამები. სახელდობრ, დიონისე წიგნში „საეკლესიო იერარქიისათვის“ ამბობს: „ნათლისღების წყალობით ყრმანი ღირსიქმნებიან და მიირქვამენ მომნათლავთა სარწმუნოების მადლს“. ავგუსტინეც ადასტურებს აგრეთვე: „არსებობს მოციქულებრივი გადმოცემა, რომ ყრმანი ცხონდებიან ნათლისღებით“. სხვა ალაგას კი - „ეკლესია ყრმებს შესძენს მეორე ფერხს, რათა იარონ; გულს, რათა იწამონ; ენას, რათა აღსარებაყონ“. კვლავაც: დედა ეკლესია უნერგავს მათ დედობრივ გულს“. რაც შეეხება ნათლისღების საიდუმლოს ნივთიერებას, ის არ შეიძლება იყოს რომელიმე სხვა სითხე, გარდა სუფთა წყლისა. ამასთანავე, იგი (წმ. ნათლობა) აღესრულება მღვდლის მიერ. მხოლოდ გაჭირვების შემთხვევაშია შესაწყნარებელი, რომ ეს საქმე თავსიდოს რიგითმა მოქალაქემ, ოღონდ მართლმადიდებლმა, რომელსაც ღრმად აქვს შემეცნებულ-გაცნობიერებული ღვთაებრივი ნათლისღების მნიშვნელობა. ამ საიდუმლოს მოქმედების არსი ორიოდე სიტყვით ამგვარად უნდა ჩამოვაყალიბოთ: მისგან, პირველ რიგში, გვეწყალობება წინაპართა ცოდვების აღხოცვა, აგრეთვე ყველა იმ ცოდვისაც, რომელიც თავად ნათელღებულს ჩაუდენია ნათლობამდე; მეორე, ნათელღებული თავისუფლდება სამუდამო სასჯელისგან, რომელსაც ექვემდებარება ყველა და რომელიც მოწევნილია თანდაყოლილ-თანაშობილ და, კიდევ, საკუთარ, მაგრამ მომაკვდინებელ, ცოდვათა გამო; მესამე, ნათლობა მოგვამადლებს სანატრელ უკვდავებას: რადგან გვათავისუფლებს წინანდელი ცოდვებისგან, სწორედ იგი გარდაგვქმნის ღვთის ტაძრად. შეუწყნარებელია ამგვარი მსჯელობა: ნათლისღება როდი შეგვინდობს ყველა ადრინდელ ცოდვას, ისინი მაინც რჩებიან, თუმცა უკვე აღარ გააჩნიათ სათანადო ძალა. ამგვარი თვალსაზრისი არის უკიდურესად მიწიერი: არა რწმენის აღსარება, არამედ უარყოფა უნდა დავარქვათ მას. წინააღმდეგ ამისა, გვწამს, რომ ნათლისღების მადლით ყოველი ცოდვა: წარსული თუ აწმყო, - რომელიც არსებობს, ანდა არსებობდა ნათლობამდე, - ისპობა და ლამის არარსებულად, არასდროს არსებულად მიიჩნევა. ამაზე მიგვანიშნებს ის, რომ ყოველი ხატი, რომელიც წარმოგვიდგენს ნათლისღებას, განასახოვნებს მის განმწმენდ ძალას. თვით საღმრთო წერილიც, სადაც კი საუბარია ნათისღების შესახებ, შთაგვაგონებს, რომ სწორედ ამ საიდუმლოს მიერ მოგვენიჭება სრულყოფილი განწმენდა, რაც ჩანს თვით სახელიდან -ნათლისღება. და თუ ნათლისღება არის ნათლისცემა სულითა და ცეცხლით, მაშინ, ცხადია, მისგან აუცილებლად მოგვენიჭება განწმენდა, რადგან სული განგვწმენდს სრულყოფილად; და თუ ის არის აღორძინება, მის წინაშე ყოველივე ძველი განქარდება. ხოლო ეს „ძველი“ სხვა არაფერია, თუ არა ცოდვა; და თუ ნათელღებული განეძარცვება ძველსა მას კაცსა, განეძარცვება ცოდვასა; და თუ შეიმოსავს ქრისტეს, მართლაც რომ უცოდველ კაცად გარდაიქმნება იგი სწორედ ნათლისღების მეშვეობით. დიახ, ღმერთი განშორებულია ცოდვილთაგან, მაგრამ ამის თაობაზე პავლე მოციქული გარკვევით ამბობს: „რამეთუ ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისა ურჩებითა ცოდვილნი შემოხდეს მრავალნი, ეგრეცა ერთისა მის კაცისა მორჩილებითა მართალნი შემოვიდენ მრავალნი“ (რომ. 5,19). ვინც მართალია, ის თავისუფალიცაა ცოდვისაგან, რადგან ერთსა და იმავე ადამიანში სიცოცხლისა და სიკვდილის თანაარსებობა შეუძლებელია. და თუ ქრისტე ჭეშმარიტად მოკვდა, მაშინ სულიწმიდის მიერ ცოდვათა შენდობა ჭეშმარიტებაა. 

აქედან ცხადია, რომ ბავშვები, რომლებიც გარდაიცვლებიან ნათლისღების შემდეგ, უეჭველად ცხონდებიან სწორედ იესო ქრისტეს სიკვდილის მეშვეობით. მართლაც: ვინაიდან უკვე უმანკონი არიან ისინი და აღარ ამძიმებთ ცოდვა, - არც საზოგადო (რომელიც საღმრთო ნათლობამ განაქარვა მათ შორის) და არც პირადი (რომელიც, როგორც ჩვილებს, თავისუფალი ნების ჯერაც არმქონეთ, არ გააჩნიათ) - მათი ხსნა და ცხონება ეჭვგარეშეა. ნათლისღება გვანიჭებს წარუშლელ ბეჭედს. ამიტომაც: ამ საიდუმლოს აღსრულების შემდგომ ამა თუ იმ პიროვნებამ ათასი ცოდვა რომ ჩაიდინოს და, გნებავთ, რჯულიც უარყოს, უკვე კანონიერად მონათლულის ხელმეორედ მონათვლა შეუძლებელია, მათ მხოლოდ სინანულის საიდუმლოს მეოხებით ძალუძთ დაუბრუნდნენ ღმერთს და აღადგინონ მამაშვილური კავშირი მასთან.

XVII

გვწამს, რომ ყოვლადწმინდა საიდუმლო - წმინდა ევქარისტია, რომელიც ზემოთ, საიდუმლოთა შორის, მეოთხე ადგილზე მოვიხსენიეთ, თავად უფლის მიერაა ნამცნები იმ ღამეს, როდესაც მან გაწირა თავი თვისი მსოფლიოს ხსნისა და გადარჩენისათვის. მან სწორედ იმ ღამეს განკვეთა პური, აკურთხა, გაუნაწილა მოწაფეებსა და მოციქულებს და თქვა: „მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი“. შემდეგ თასი თვისი აღიპყრა, აღავლინა ქება-დიდება და ბრძანა: „სვით ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა.“ 

გვწამს, რომ ამ მღვდელმსახურებაში თანამყოფობს ჩვენი უფალი იესო ქრისტე. თანაც. თანამყოფობს არა სიმბოლურად, არა სახეობრივარ, არა მარტოოდენ მადლის სისავსით, როგორც ეს დანარჩენ საიდუმლოებებშია, არა მხოლოდ მოფენით, როგორც ზოგიერთი მამა ამბობდა ამას ნათლისღების შესახებ, არა პურის განმსჭვალვით, ე.ი. არა ლუთერის მიმდევართა საკმაოდ უხეში და უღირსი განმარტებისებრ, რომ ევქარისტიისათვის განკუთვნილ პურს თითქოს მხოლოდ სიტყვის ღვთიურობა მოიცავს მტკიცედ, არამედ ჭეშმარიტად და რეალურად. ასე რომ, პურისა და ღვინის კურთხევით პური გარდაიქმნება, გარდაარსდება თავად ღვთის ჭეშმარიტ ხორცად, რომელიც ბეთლემს იშვა ქალწულისაგან, ნათელიღო იორდანეში, ივნო, დაეფლა, აღდგა, ამაღლდა, მხდომარე არს მარჯვენით მამისა და გამოჩნდება ზეციურ ღრუბელთა ზედა. ღვინო კი გარდაიქმნება და გარდაარსდება ღვთის ჭეშმარიტ სისხლად, რომელიც ჯვარზე ვნების დროს დაიღვარა ცხოვრებისათვის ქვეყნისა. კვლავაც გვწამს, რომ კურთხევის შემდეგ პური და ღვინო ჩვეულებრივ პურად და ღვინოდ კი არ რჩებიან, არამედ გარდაიქმნებიან ღვთის ხორცად და სისხლად, ოღონდ პურისა და ღვინის ფორმითა და სახით. 

კვლავაც გვწამს, რომ ეს პატიოსანი ხორცი და სისხლი ღვთისა ნაწილდება და შთადის მზიარებელთა პირსა და ნაწლავში, - სულერთია: ღვთისმოსავი იქნება იგი თუ უღმრთო, ოღონდ: ვინც მადლითა და ღირსებით იგემებს მას, სწორედ მისგან ეწყალობება ცოდვათა შენდობა და მარადიული ცხოვრება, ხოლო თუკი ბიწიერი და უღირსნი ხელყოფენ მას, მის მიერვე მიეცემიან სასჯელსა და დაუსრულებელ სატანჯველს. 

კვლავაც გვწამს, რომ უფლის სისხლი და ხორცი, თუმცა განიყოფება, ნაწილდება, მაგრამ ზიარების საიდუმლოში ყოველივე ეს აღესრულება მხოლოდ პურისა და ღვინის სახით, რომლებშიც შეგვიძლია დავინახოთ და განვიცადოთ სისხლი და ხორცი უფლისა - არსებით ყოვლადმთელი და განუყოფელი. აი, რატომ ღაღადებს მსოფლიო ეკლესია: „განიტეხების და განიყოფის (ტარიგი ღვთისა) განტეხადი და არა განყოფადი, ყოვლადვე ჭამადი და არა განლევადი, არამედ მზიარებელთა (იგულისხმება - ღირსეულთა) წმინდამყოფი“.

კვლავაც გვწამს, რომ გარდაქმნილ-განმზადებული პურისა და ღვინის ყოველი ნაწილი, სულ პატარა ნამცეც-ნამუსრევიც კი, არის უფლის სისხლისა და ხორცის არა რომელიმე ნაწილი, არამედ ქრისტეს სხეული, - ყოველთვის მთლიანი, რომლის თითოეული ნაწილი ერთი და იგივეა. მასში თანამყოფობს უფალი ქრისტე საკუთარი არსით, ე.ი. სულითა და ღვთაებით, ვითარცა სრული ღმერთი და სრული კაცი. ამასთანავე, თუმცა ერთსა და იმავე დროს მსოფლიოში მრავალი მღვდელმსახურება აღესრულება, ერთი და იგივე ქრისტე, - ერთი და იმავე სხეულით: სისხლითა და ხორცით, - სუფევს ყველგან, მორწმუნეთა ნებისმიერ ეკლესიაში - ჭეშმარიტად და რეალურად. ოღონდ, ყოველივე ეს ხდება არა იმის გამო, რომ ზეცად მყოფი ქრისტეს სხეული თითქოს გარდამოვა საკურთხეველზე, არამედ ამიტომ: ზიარებისათვის განკუთვნილი პური, სხვადასხვა ტაძარში ცალ-ცალკე დამზადებული, ხოლო კურთხევის შემდეგ გარდაქმნილი და გარდაარსებული, შეიქმს იმავე სხეულად, - ქრისტეს სისხლად და ხორცად, რომელი ჰგიებს ცათა შინა. და რადგან არამრავალი (გნებავთ, მრავალნაირი), არამედ ერთი და იგივე სხეული აქვს უფალ მარად და ყველგან, ეს საიდუმლო, საყოველთაო აზრის თანახმად, არის ყველაზე მეტად სასწაულებრივი. მხოლოდ რწმენით თუ შევიმეცნებთ მას, ვინაიდან ადამიანური ბრძნადმეტყველება ამაოდ და შეუგნებლად გამოიძიებს ხოლმე ღმერთთან დაკავშირებულ საგნებს. ამიტომაც თვით ეს სიწმინდე (ზიარება) და ზეცად ჩვენთვისვე განჩინებული მსხვერპლი აქარწყლებს მას - ადამიანური გონების გამომძიებლობას. 

კვლავაც გვწამს, რომ უფლის სისხლსა და ხორცს - ევქარისტულთ - უნდა მივაგოთ განსაკუთრებული პატივი და ღვთის საფერი თაყვანისცემა; რაოდენი თაყვანისცემაც გვმართებს თავად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესადმი, იგივე - უფლის სისხლისა და ხორცისადმი. 

კვლავაც გვწამს, რომ სწორედ იგია ჭეშმარიტი და შემარიგებელი მსხვერპლი, რომელიც გაღებულ იქნა ყველა მართლმორწმუნისათვის: ცოცხალია თუ გარდაცვლილთათვის და, როგორადაცაა ეს ნათქვამი ამ საიდუმლოს ლოცვებში, უფლის ბრძანებით მოციქულებმა რომ ამცნეს ეკლესიას - „საცხოვნებლად ყოველთა“. 

კვლავაც გვწამს, რომ ეს მსხვერპლი, რომელიც საიდუმლოს აღსრულების შემდგომ წმიდა ჭურჭელშია დაცული მომაკვდავთა განტევებისათვის, არის ისეთივე ჭეშმარიტი სხეული ქრისტესი, როგორიც იყო კურთხევისთანავე - საიდუმლოს აღსრულების ჟამს, და არაფრით განსხვავდება მისგან, ასე რომ ევქარისტული პური და ღვინო ყოველთვის, - კურთხევის გარეშე შემდგომ მის მიღებამდე, მიღებისას და მიღების მერმეც, - რჩება უფლის ჭეშმარიტ სხეულად. 

კვლავაც გვწამს, რომ სიტყვით - გარდმოარსება - პურისა და ღვინის უფლის სისხლადა და ხორცად გარდაქმნის საიდუმლო ვერ განიმარტება. ამის შემეცნება, გარდა თავად ღმერთისა, არავის ძალუძს და მსურველთა ყოველივე ცდა, ჩაწვდნენ მის (ზიარების საიდუმლოს) სიღრმეს [იგულისხმება გონებით გაიაზრონ და შეიმეცნონ ანუ გამოიძიონ ინტელექტუალურად (მთარგმ.)], უნდა მივიჩნიოთ უგუნურებისა და უსჯულოების შედეგად. ხსენებული სიტყვა მიგვანიშნებს მხოლოდ, რომ პური და ღვინო კურთხევის შემდეგ გარდაიქმნება უფლის ხორცად და სისხლად, არა სახეობრივად, არა სიმბოლურად, არა მხოლოდ მადლის სისავსით, არა მხოლოდშობილის ერთიანი ღვთაებრიობის გარდამოცემით, ანდა მოფენით, არც რაიმე შემთხვევითი თვისების გამო გარდაიქმნება პური და ღვინო ასეთსავე შემთხვევით თვისებაში ქრისტეს სისხლისა და ხორცისა (რაღაცნაირი შეცვლითა თუ აღრევით), - არამედ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჭეშმარიტად, რეალურად და არსობრივად პური შეიქმს თვით ჭეშმარიტ ხორცად უფლისა, ხოლო ღვინო - სისხლად უფლისა. 

კვლავაც გვწამს, რომ საიდუმლო წმიდა ევქარისტიისა უნდა აღასრულოს არა ნებისმიერმა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ღვთისმოშიშმა მღვდელმსახურმა, ვისაც მღვდლობა კეთილმსახური და კანონიერი ეპისკოპოსის მიერ მიმადლებია. 

აი, მსოფლიო ეკლესიის მოკლე მოძღვრება ევქარისტიის საიდუმლოს შესახებ.

აი, ჭეშმარიტი აღსარება და ძველთაძველი გადმოცემა, რომელიც ხსნისა და ცხონების მსურველებმა, აგრეთვე ახლანდელი მწვალებლების საძაგელი ცრუსიბრძნის უარმყოფელებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეცვალონ. პირიქით, - ვალდებულნი არიან, რათა დაიცვან სრულყოფილად და შეურყვნელად ეს კანონიერი გადმოცემა. იმათ კი, რომლებიც ამახინჯებენ მას, ქრისტეს კათოლიკე ეკლესია უარყოფს და შეაჩვენებს.

XVIII

გვწამს, რომ გარდაცვლილთა სულები თავიანთი ნამუშაკევის შესაბამისად ნეტარებენ ან იტანჯებიან. განშორდებიან რა სხეულს, ისინი იმთავითვე მიიქცევიან ან სიხარულად, ანდა მწუხარებად და გლოვად, თუმცა არ გრძნობენ არც სრულ ნეტარებას და არც სრულ ტანჯვას, ვინაიდან სრულ ნეტარებასა თუ სრულ ტანჯვას თითოეული საყოველთაო აღდგომის მერე იგემებს, ოდეს სული შეუერთდება სხეულს, რომელშიც ცხოვრობდა კეთილად ან ბოროტად. სულები იმ ადამიანებისა, რომლებიც ამქვეყნად სასიკვდილო ცოდვებში ჩაეფლენ, მაგრამ გარდაცვალების წინ როდი მოიცვა სასოწარკვეთამ, არამედ წუთისოფლისდან გასვლამდე მიეცნენ სინანულს, თუმცა ვერ მოასწრეს ამ სინანულის ვერავითარი ნაყოფის მომკა, როგორცაა: ლოცვები, ცრემლები, მუხლთმოდრეკანი, ვედრებასთან ერთად, - გულშემუსვრა, ნუგეშისცემა საბრალოთა და ღვთისა და მოყვასის სიყვარულის საქმით გამჟღავნება, რასაც კათოლიკე ეკლესია დასაბამიდანვე მიიჩნევდა და მიიჩნევს ღვთისსათნოდ და კეთილწარსაგებელად, ჩადიან სასჯელს თავიანთი ცოდვებისათვის, მაგრამ, ამავე დროს, არ კარგავენ შვებისას. 

და ეს შვება მიემადლება მათ უსაზღვრო სათნოების წყალობით: მღვდელმსახურთა ლოცვებითა და მიცვალებულთა სულის საოხად აღსრულებული კეთილმოღვაწებით. განსაკუთრებით კი უსისხლო მსხვერპლის ძალით, რომელსაც დროდადრო აღასრულებს მღვდელმსახური თავისი სამრევლოს ნებისმიერი წევრისათვის. ხოლო ყოველთა და ყოვლისათვის მარადის ვედრებასა შესწირვის კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია.

ზოგიერთი კითხვა და პასუხი


კითხვა 1. უნდა კითხულობდეს თუ არა ყოველი ქრისტიანი საღმრთო წერილს?

- ჩვენ ვიცით, რომ მთელი წერილი ღვთივშთაგონებულია, მარგებელია და იმდენად აუცილებელი, რომ მის გარეშე შეუძლებელია ვიყოთ ღვთისმსახური. ოღონდ მისი კითხვა ხელეწიფება არა ყველას, არამედ მხოლოდ მათ, რომელთაც იციან, თუ როგორ უნდა განიცადონ და შეიმეცნონ წერილი, - შეისწავლონ და მართებულად გაიგონ იგი. ამრიგად, თუმცა ნებისმიერ ღვთისმოსავს შეუძლია წერილის მოსმენა, რათა გულით ირწმუნოს და ბაგით ჰქადაგოს ჭეშმარიტება საცხონებლად, მაგრამ ყველას როდი აქვს უფლება ხელმძღვანელობის გარეშე იკითხოს ბიბლიის რამდენიმე ნაწილი, განსაკუთრებით კი - ძველი აღთქმისა. გამოუცდელებს განურჩევლად რომ მივცეთ ნება საღმრთო წერილის კითხვისა, ნიშნავს იგივეს, რომ თოთო ბავშვს საზრდელად მყიფე საჭმელი მივაწოდოთ. 

კითხვა 2. ყოველი ქრისტიანი, რომელიც კითხულობს საღმრთო წერილს, გულისხმაყოფს თუ არა მას? 

- ყოველი ქრისტიანი მკითხველისათვის გასაგები რომ ყოფილიყო საღმრთო წერილი, უფალი აღარ უბრძანებდა ცხონების მსურველთ - განიცადეთო იგი. წმინდა პავლეც ამაოდ იტყოდა, განსწავლის ნიჭი ღვთის მიერ ებოძაო ეკლესიას. არც პეტრე ბრძანებდა: პავლეს ეპისტოლეებში არისო რამ ძნელადშესამეცნებელი. და რადგან ცხადია, რომ წერილი შეიცავს აზრების სიღრმესა და სიმაღლეს, საჭირო არიან ადამიანები - გამოცდილნი და ღვთივგანათლებულნი - მისი განცდისათვის, ჭეშმარიტად გააზრებისათვის, მართებულად გულისხმისყოფისათვის თანახმად მთელი ბიბლიისა და მისი შემოქმედისა - სულისა წმიდისა. თუმცა აღორძინებულთათვის ცნობილია რჯულის მოძღვრება სამებაზე, ღვთის ძის განკაცებაზე, მის ვნებაზე, აღდგომასა და ზეცად ამაღლებაზე, - ამა სწავლისათვის ბევრმა სიკვდილიც კი დაითმინდა, მაგრამ არ არის აუცილებლობა ან, უკეთ, შეუძლებელია მთლიანი მიწვდომა იმისა, რასაც სულიწმიდა გამოუცხადებს მხოლოდ სრულყოფილთ სიბრძნითა და სიწმიდით. 

კითხვა 3. როგორ უნდა გავიაზროთ წმიდა ხატებისა და წმინდანთა თაყვანისცემა? 

- რადგანაც არსებობენ წმინდანები და კათოლიკე ეკლესია აღიარებს მათ მეოხად სულისა ჩვენისა ღვთის წინაშე, ამიტომაც გვმართებს თაყვანისცემა მათდამი - ღვთის მეგობართადმი, რომლებიც ლოცულობენ და შუამდგომლობენ ღმერთთან თითოეული ჩვენგანისათვის. მაგრამ ჩვენ მიერ პატივისცემა წმინდანთადმი ორგვარია: ერთი ეხება ღვთის სიტყვის მშობელს, რომელსაც ვეთაყვანებით არა ისე, როგორც ღვთის მხევალს, ვინაიდან: ღვთისმშობელი, თუმცა იყო ჭეშმარიტი მხევალი მხოლოი ღმრთისა, მაგრამ, - ამასთანავე, - დედა, რომელმაც ხორციელად შვა სამების ერთ-ერთი წევრი. ამიტომაც შეუდარებლად, ყოველ ანგელოზსა თუ წმინდანზე აღმატებით განვადიდებთ მას და თაყვანსვცემთ მეტად, ვიდრე ეს შეეფერება ღვთის მხევალს. სხვაა სახე თაყვანისცემისა, - ღვთის მონათა შესაფერი, - წმინდა ანგელოზების, მოციქულების, წინასწარმეტყველების, მოწამეებისა და, საზოგადოდ, ყოველი წმინდანისა. გარდა ამისა, ჩვენ კიდევ პატივს მივაგებთ და თაყვანსვცემთ პატიოსანსა ძელს ანუ ცხოველმყოფელსა ჯვარსა, რომელზედაც ჩვენმა მხსნელმა ივნო ცხოვრებისათვის ქვეყნისა. ამასთანავე: თვით ცხოველმყოფელი ჯვრის ნიშს, ბეთლემის ბაგას, რომლის მეშვეობითაც გამოვიხსენით უტყვებისაგან, გოლგლოთის სანახებს, ცხოვრებისმომცემელ საფლავს და დანარჩენ წმიდა ადგილებს. აგრეთვე, - წმიდა სახარებას, წმიდა ჭურჭლებს, რომლითაც აღესრულება უსისხლო მსხვერპლშეწირვა. პატივსვცემთ და ვადიდებთ წმინდანებს მათდამი ყოველდღიური მოსახსენიებლებით, საყოველთაო დღესასწაულებით, წმიდა ტაძრების აღმართვით და შესაწირავებით. ვეთაყვანებით აგრეთვე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს, ყოვლადწმინდა მარიამისა თუ ყოველი წმინდანის ხატებს, პატივს მივაგებთ მათ და ვეამბორებით. აგრეთვე - წმიდა ანგელოზების ისეთ გამოსახულებებს, როგორადაც ეცხადებოდნენ ისინი ზოგიერთ მამამთავარსა და წინასწარმეტყველს. გამოვსახავთ კიდევ ყოვლადწმინდა სულს, როგორადაც ცხადიქმნა იგი, - სახედ მტრედისა. 

- და თუკი ზოგ-ზოგნი წმიდა ხატებისადმი თაყვანისცემის გამო გვაბრალებენ კერპთაყვანისმცემლობას, ჩვენ ამგვარ ბრალდებას ვუწოდებთ უსაფუძვლოს და უმართებულოს, ვინაიდან ჩვენ სხვას არავის ვემსახურებით გარდა მხოლოისა ღმერთისა, რომელიც ერთადერთია სამებაში. წმინდანთ პატივსვცემთ ორკეც: პირველ რიგში - ღმრთისადმი მიმართებით, რამეთუ სწორედ მის (ღმრთის) გამო შევნატრით წმინდანთ, მეორედ - საკუთრივ წმინდანებისადმი მიმართებით, რამდენადაც ისინი არიან ღვთის ცხოველი ხატტნი. ამასთანავე, პატივსვცემთ რა წმინდანთ, ვითარცა ღვთის მონებს, ამის შესაბამისად ვეთაყვანებით წმინდა ხატებს. ხატთაყვანი დაკავშირებულია პირველსახესთან, ვინც თაყვანსსცემს ხატს, სწორედ ამ ხატის მეშვეობით სცემს თაყვანს პირველსახეს. ასე რომ, ყოვლად დაუშვებელია ხატთაყვანი გავმიჯნოთ იმისადმი თაყვანისცემისაგან, ვინც მასზეა გამოსახული - ისინი ჰგიებენ ერთობით ანუ ამგვარად: პატივი, რომელსაც მიაგებენ მეფის დესპანს, განუყოფელია დიდებისაგან, თავად ხელმწიფეს რომ აღუვლენენ. 

ბიბლიის ის მონაკვეთები, რითაც ჩვენი მოწინააღმდეგენი თავიანთ ცდომილებათა დასაბუთებას ლამობენ, მათთვის არცთუ ისე ხელსაყრელია, როგორც ფიქრობენ. პირიქით - სავსებით ეთანხმებიან ჩვენს აზრს, ვინაიდან: როდესაც ვეცნობით საღმრთო წერილს, ჩვენ განვიცდით დროს, სახეს, მაგალიტებსა და მიზეზებს. ამიტომაც, მართალია, ვკითხულობთ, რომ ერთი და იგივე ღმერთი გარკვეულ ალაგას ამბობს: არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, არცა თაყვანისცე მათ და არც მსახურებდე მათ, სხვაგან კი ბრძანებს ქერუბიმების შექმნას და ჩვენც, ამასთანავე, ვხედავთ ტაძრებში კუროებსა და ლომების გამოსახულებებს, მაგრამ ყოველივე ამას არ აღვიქვამთ ისე, როგორც ცრუმორწმუნეები (რამეთუ ცრუმორწმუნეობა არ არის რწმენა), არამედ, როგორც ვთქვით, დროისა და სხვა გარემოებათა შესაბამისად, ვაღწევთ მართებულ შემეცნებას. სიტყვები: არა ქმნა თავისა შენისა კერპი და არცა ყოველივე მსგავსი, ჩვენი თვალსაზრისით, იმასვე აღნიშნავს, რასაც სიტყვები: არა თაყვანისცე უცხო ღმერთებს, ნუ ემსახურები კერპებს. ამრიგად, წეს-ჩვეულება წმიდა ხატთადმი თაყვანებისა, რომელიც უპყრია ეკლესიას მოციქულთა დროიდან, და მსახურება, მხოლოსა ღმერთსა რომ შეჰფერის, ჰგიებს განუხრელად. თანაც, ღმერთი წინააღმდეგობაში როდია საკუთარ სიტყვებთან. და ჩვენი მოწინააღმდეგეები თუმცა იმოწმებენ წმინდა მამებს, რომლებიც თითქოს ამბობენ: უმართებულოაო ხატებისადმი თაყვანისცემა, სინამდვილეში კი სწორედ ისინი - წმიდა კაცნი - ჩვენ მეტად გვიმართავენ ხელს, ვინაიდან თავიანთი სიტყვისგებებში წინაღუდგებიან მათ, რომლებიც წმიდა ხატებს მიაგებსნ ღვთის სადარ თაყვანს, ანდა ჰკიდებენ ტაძრებში თავიანთი მიცვალებული ნათესავების გამოსახულებებს. ამგვარ თაყვანისმცემლებს ანათემაქმნილყოფენ, მაგრამ როდი გმობენ მართებულ პატივგებას წმინდანებისა თუ წმიდა ხატებისადმი, პატიოსანი ჯვრისადმი და ყოველივე ზემოჩამოთვლილთადმი. და რომ წმიდა ხატები ტაძრებში თვით მოციქულთა დროიდან არსებობენ და მორწმუნენი თაყვანსსცემდნენ მათ, დიახაც მრავალი ფაქტით დასტურდება. მათ შორის თვით მე-7 მსოფლიო კრება არცხვინებს ერეტიკულ ლიზღობას. 

სწორედ ეს კრება შთაგვაგონებს ყველაზე ცხადად, თუ როგორ უნდა ვცემდეთ თაყვანს წმიდა ხატებს. სწორედ იგი შეაჩვენებს და განკვეთს მათ, რომლებიც მიაგებენ ხატებს ღვთის დარ პატივს და მათაც, რომლებიც მართლმადიდებლურ ხატთაყვანს უწოდებენ კერპთმსახურებას. ამის გამო ჩვენს ანათემაქმნილვყოფთ მათ, რომლებიც ან წმინდანს, ან ანგელოზს, ან ხატს, ან ჯვარს, ან პატიოსან ჭურჭელს, ან სახარებას, ანდა ყოველს, რაოდენი არს ცათა შინა ზე და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა და ზღვათა შინა ქვე, მიაგებენ იმგვარ პატივს, როგორიც მართებს მხოლოსა ერთარსებასამება ღმერთსა. ასევე შევაჩვენებთ მათ, რომლებიც ხატთადმი თაყვანისცემას ხატმსახურებას უწოდებენ. ამიტომაც არა თაყვანისსცემენ მათ და არცა პატივდებენ ჯვარსა და წმინდანებსა ისე, როგორც გვამცნობს ეკლესია. 

როგორც აღვნიშნეთ, წმინდანებსა და წმიდა ხატებს თაყვანსა ვცემთ და გამოვსახავთ შესამკობლად ტაძართა, რათა გაუმართონ ხელი უწიგნურებს წიგნის მაგიერ, ჰყონ მიმბაძველნი წმინდანთა სათნოებათა, მომხსენებელნი მათი, შეეწიონ განსადიდებლად სიყვარულისა, განამხნეონ მარადის მოსახმობელად უფალისა, ვით მეუფისა და მამისა, და წმინდანებისა, როგორც ღვთის მონა-მსახურთა, ჩვენდა შემწეთა და შუამდგომელთა. 

მაგრამ, ერეტიკოსები უარყოფენ თვით იმ ლოცვასაც, რომელსაც ღვთისმსახურნი აღუვლენენ ღმერთს. არ გვესმის, რატომ ჰგმობენ ისინი განსაკუთრებით ბერმონაზონთა ლოცვებს. ჩვენ კი - პირიქით, - დარწმუნებულნი ვართ, რომ ლოცვა არის საუბარი ღმერთთან, სათანადო მადლის გამოთხოვა მისგან, ვისდამიც გვივის სასოება, რათა მოგვანიჭოს მადლი. ლოცვა არსებობს ორგვარი: ან ოდენ გონებისმიერი, ან, ერთდროულად, გონებისმიერიცა და ბაგისმიერიც. ლოცვისას ჩვენ ვჭვრეტთ ღვთის მადლსა და წყალობას, ვგრძნობთ ჩვენს შეურაცხადებას, ვიმსჭვალებით მადლიერების გრძნობით, ვდებთ აღთქმას ღვთის წინაშემორჩილებისა. ლოცვა განამტკიცებს რწმენას და იმედს, გვასწავლის მოთმინებას, მცნებათა აღსრულებას, განსაკუთრებით კი ზეციური მადლის გამოთხოვას. იგი გამოიღებს მრავალ ნაყოფს, რომელთა აღნუსხვა ზედმეტია. ლოცვა უნდა აღესრულოს მარადჟამს ზედგომით ან მუხლმოდრეკით. იმდენად დიდია სარგებელი ლოცვისა, რომ იგი შეადგენს სულის საზრდოსა და ცხოვრებას. 

ყოველივე ზემოთქმული დაფუძნებულია საღმრთო წერილზე, ამიტომაც: ვინც მოითხოვს ამა ყოველის დამტკიცებას, მსგავსია უგუნურისა ანუ ბრმისა, თვით ნათელ დღესაც რომ ეეჭვება მზის სხივების რეალობა.

მაგრამ მწვალებლები, რომელთა სურთ, გადააფასონ ყოველივე ნამცნები, ეხებიან ლოცვასაც. თუმცა, რცხვენიათ რა ასე აშკარად თავიანთი ურჯულობის გამოვლენა, მთლიანად როდი უარყოფენ ლოცვას. სამაგიეროდ გამოდიან ბერმონაზვნური ლოცვის წინააღმდეგ. ყოველივე ამას კი ჩადიან იმ მიზნით, რომ გულუბრყვილოთა შორის გააღვივონ სიძულვილი ბერებისადმი, წარმოსახონ ისინი აუტანელ ადამიანებად, ლამის უვარგის და რაღაც ახლის შემომღებლებადაც კი, რათა არავის გაუჩნდეს სურვილი, ისწავლოს მათგან მართლმადიდებლური სარწმუნოების ღვთისმსახურებრივი დოგმატები. 

ვინაიდან წინააღმდგომი მტერი ზაკულია ბოროტსა ზედა და გამობრძმედილი ამაო საქმეებში, ამიტომაც მის მიმდევრებს (ხოლო ერეტიკოსები ნამდვილად მისი მიმდევრები არიან) არა აქვთ სურვილი იქმოდნენ ღვთისმსახურებრივ საქმეებს იმგვარი თავგამოდებით, რაოდენი ერთგულებითაც მიისწრაფვიან სიბოროტის უფსკრულისაკენ და დაინთქმებიან იმ ადგილებში, სადაც არ გარდამოიხილავს ღმერთი. 

ამის შემდეგ უნდა ვკითხოთ ერეტიკოსებს, რას იტყვიან ისინი ბერების ლოცვის შესახებ? თუკი დაამტკიცებენ, რომ ბერები მართლაც წარმოადგენენ რაღაც შეუსაბამობას ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებასთან, მაშინ ჩვენ დავეთანხმებით მათ: ასეთ შემთხვევაში ბერებს არამცთუ ბერები არ უნდა ვუწოდოთ, არამედ - ქრისტიანებიც კი. მაგრამ თუ ბერები თავიანთი თავის სრული უარყოფით გვამცნობენ ღვთის დიდებულებასა და საკვირველებას, წარსთქვამენ წერილის სიტყვებს, ანუ სათანადო ჰიმნებს საღმრთო წერილისა, რომელთაც შეარჩევენ თავად წერილსა შინა, ანდა თვითონ სრულჰყოფენ შესაბამისად იმავე წერილისა, მაშინ ისინი, ჩვენი აზრით, აღასრულებენ მოციქულთა, წინასწარმეტყველთა და, უკეთ, - თვით ღვთის საქმეს. 

ამიტომ ჩვენც, როდესაც ტრიოდიონსა და თვენიდან ვგალობთ ნუგეშინისმცემელ საგალობლებს, არა ვიქმთ არაფერს ისეთს, რაც არ შეჰფერით ქრისტიანებს, ვინაიდან ყველა ამგვარი წიგნი შეიცავს საღსა და ჭეშმარიტ ღვთისმეტყველებას და აერთიანებს ჰიმნებს, რომლებიც ან გამოკრებილნი არიან საღმრთო წერილიდან, ანდა შექმნილნი სულიწმიდის შთაგონებით. ასე რომ, ჩვენი საგალობლები მხოლოდ სხვა სიტყვებით გვამცნობს იმას, რასაც თავად საღმრთო წერილი, და ჩვენც ფაქტიურად იგივეს ვგალობთ, რასაც - წერილი. ჩვენი ჰიმნები რომ შედგენილნი არიან წერილის სიტყვათაგან, ცხადყოფს შემდეგი: ყოველი, ეგრეთ წოდებული, ტროპარი შეიცავს ბიბლიის მუხლებს. თუკი ჩვენ ამათ გარდა წარვთქვამთ ძველ მამათაგან შედგენილ ლოცვებს. დაე, ერეტიოსებმა გვიბრძანონ: შეუმჩნევიათ კი რამ ღვთისგმობა და უკეთურება ხსენებული მამებისათვის? მაშინ ერეტიკოსებთან ერთად ჩვენც წინააღვუდგებით მათ. და თუ ერეტიკოსები, გარდა ამისა, უთითებენ მარადისსა და მოუკლებელ ლოცვაზე, - მოაქვს კი ვნება ამგვარ ლოცვას ან მათთვის, ან ჩვენთვის? დაე, ისინი წინააღუდგნენ (როგორც იქცევიან სინამდვილეშიც) ქრისტეს, რომელმაც იგავი უსამართლო მსაჯულის შესახებ სწორედ იმისთვის თქვა, რომ დაედასტურებინა აუცილებლობა მოუკლებლად ლოცვისა. სწორედ ამ იგავით გვამცნო მან სიმხნე და ლოცვა, რათა თავიდან ავიშოროთ წარწყმედა, ხოლო წარვდგეთ წინაშე ძისა კაცისა. დაე, წინააღუდგნენ ისინი პავლე მოციქულის სიტყვებს, წარმოთქმულთ თესალონიკელთა მიმართ პირველ ეპისტოლის მე-5 თავში და საღმრთო წერილის ბევრ სხვა მონაკვეთს. არ მიგვაჩნია საჭიროდ, რომ ყოველივე ამისა დასამტკიცებლად მივმართოთ მოწმობებს კათოლიკე ეკლესიის საღმრთო მასწავლებელთა, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქრისტეს დროიდან ვიდრე ჩვენამდე, ვინაიდან შესარცხვენელად ერეტიკოსებისა საკმარისია დავიმოწმო პატრიარქთა, მოციქულთა და წინასწარმეტყველთა მძლეთამძლე ლოცვები. 

და ამრიგად: თუკი ბერმონაზვნები მიბაძავენ მოციქულებს, წინასწარმეტყველებს, წმიდა მამებსა და მამამთავრებს - თვით ქრისტეს წინაპრებს, მაშინ, რა თქმა უნდა, მათი ლოცვები იქნება ნაყოფი სულიწმიდის ნიჭისა. რაც შეეხება ერეტიკოსებს: რადგან ისინი თხზავენ საგმობელს ღმრთისა და ყოველივე ღვთაებრივისა, ყალბად განმარტავენ, ამახინჯებენ და შეურაცხყოფენ საღმრთო წერილს, ცხადია მათი შენათხზი არის ზაკვა და მანქანება ეშმაკისა. უსუსურია ის აზრიც, რომ თითქოს შეუძლებელია ვუბრძანოთ ეკლესიას (იგულისხმება: მორწმუნეებს) მარხვა ამა თუ იმ საჭმლისაგან იძულებისა და ძალდატანების გარეშე. და ეკლესიამაც ერთობ კარგი გააკეთა, როდესაც ხორცისა და ვნებების მოკვდინებისათვის ყოვლადვე გულმოდგინებით დააკანონა ლოცვა და მარხვა, რომლის დამცველად და მაგალიტებად მოგვევლინენ წმინდანები. სწორედ მათი მეოხებით, ზეციური მადლის თანადგომით შეიმუსრა ჩვენი მტერი და მოძულე ეშმაკი ყოველი მისი ლეგიონითა და ძალით, ხოლო ღვთისმოსავებს სავალი გზა გაუადვილდებათ. 

ამგვარად, მსოფლიო ეკლესია, გულისხმობს რა ყოველივე ამას, ძალდატანებისა და ძალადობის გარეშე, მოგვიხმობს, შეგვაგონებს, გვიქადაგებს და სულიწმიდის მადლით გვარწმუნებს იმას, რაც საღმრთო წერილისმიერია.


კონსტანტინოპოლი
ქრისტეს აქეთ 1723 წელი
თვე სექტემბერი

ი ე რ ე მ ი ა, წყალობითა ღვთისა, არქიეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახლისა რომისა, და მსოფლიო პატრიარქი, ხელს ვაწერ, ვადასტურებნ და ვაღიარებ, რომ ესე არს მართლმადიდებლური სარწმუნოება ჩვენი: ქრისტიანული, სამოციქულო, კათოლიკე და აღმოსავლური ეკლესიისა.

ა თ ა ნ ა ს ე, წყალობითა ღვთისა, პატრიარქი დიდისა ღვთისა ქალაქისა ანტიოქიისა, ხელს ვაწერ, ვადასტურებნ და ვაღიარებ, რომ ესე არს მართლმადიდებლური სარწმუნოება ჩვენი: ქრისტიანული, სამოციქულო, კათოლიკე და აღმოსავლური ეკლესიისა.

ხ რ ი ზ ა ნ თ ო ს ი, წყალობითა ღვთისა, პატრიარქი ქმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა, ხელს ვაწერ, ვადასტურებნ და ვაღიარებ, რომ ესე არს მართლმადიდებლური სარწმუნოება ჩვენი: ქრისტიანული, სამოციქულო, კათოლიკე და აღმოსავლური ეკლესიისა.

კ ა ლ ი ნ ი კ ე ჰერაკლელი, ხელს ვაწერ, გულით და ბაგით თანამდგომ ვარ ზემოხსენებული წმიდა პატრიარქებისა და ვაღიარებ ამას კიდევაც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.

ა ნ ტ ო ნ ი კიზიკორელი, ვაღიარებ, რომ ესე არს სარწმუნოება კათოლიკე და აღმოსავლეთის ეკლესიისა.

პ ა ნ ს ო ფ ი ნიკომიდიელი, ვაღიარებ, რომ ესე არს სარწმუნოება კათოლიკე და აღმოსავლეთის ეკლესიისა.

ჰ ა ი ს ი ნიკომიდიელი, ვაღიარებ, რომ ესე არს სარწმუნოება კათოლიკე და აღმოსავლეთის ეკლესიისა.

გ ე რ ა ს ი მ ე ნიკეელი, ვაღიარებ, რომ ესე არს სარწმუნოება კათოლიკე და აღმოსავლეთის ეკლესიისა.

პ ა ხ ო მ ი ქალკედონელი, ვაღიარებ, რომ ესე არს სარწმუნოება კათოლიკე და აღმოსავლეთის ეკლესიისა.

ი გ ნ ა ტ ი თესალონიკელი, ვაღიარებ, რომ ესე არს სარწმუნოება კათოლიკე და აღმოსავლეთის ეკლესიისა.

ა ნ ფ ი მ ე ფილიპოპოლელი, ვაღიარებ, რომ ესე არს სარწმუნოება კათოლიკე და აღმოსავლეთის ეკლესიისა.

კ ა ლ ი ნ ი კ ე ბარბარნელი, ხელს ვაწერ, ვაღიარებ, რომ ესე არს სარწმუნოება კათოლიკე და აღმოსავლეთის ეკლესიისა.


No comments:

Post a Comment