წმ. იოანე ოქროპირი. ხვალინდელი, საკვირაო სახარების განმარტების შემდგომ სწავლაჲ სიყუარულისათჳს და სიმშჳდისა .



სიყუარულისათჳს და სიმშჳდისა

გულისხმა-ვყვნეთ სიტყუანი ესე, ძმანო, ვიდრეღა გუაქუს ჟამი, და ვიზრუნოთ
ცხორებაჲ სულთა ჩუენთაჲ. მოვიგოთ ზეთი სანთელთა მათთჳს ჩუენთა,
განვამრავლოთ ტალანტი იგი მოცემული ღმრთისა მიერ. უკუეთუ უდებ და
უქმ ვიყვნეთ აქა, მუნ არავინ შეგჳწყალოს ჩუენ, რაოდენცა ვტიროდით.

აბრალა თავსა თჳსსა მანცა, რომელი სამოსლითა ხენეშითა შევიდა
ქორწილსა მას, არამედ არას ერგო; მისცა ქანქარიცა იგი ერთი დაუკლებელად
მონამან მან, არამედ და-ვე-ისაჯა; ევედრებოდეს სულელნიცა იგი
ქალწულნი და ჰრეკდეს კარსა, არამედ ცუდად შურებოდეს.

ვინაჲთგან უკუე ესე ყოველი უწყით, ნუ უდებ ვიქმნებით, არამედ ვისწრაფოთ
სარგებელ-ყოფად მოყუასთა საფასითაცა და ჴელის-აპყრობითა და თანამზრუნველობითა
და ყოვლითა სახითა. რამეთუ ესე არს ტალანტი და ესე
არს ქანქარი - კაცად-კაცადისა ძალი, რომელიცა აქუნდეს, გინა თუ საფასე,
გინა თუ სწავლაჲ, გინა თუ შეწევნაჲ, გინა თუ რომელიცა რაჲმე საქმჱ,
რომლითა აღეშენებოდის მოყუასი, გინა თუ სულიერად, გინა თუ ჴორციელად.
ნუვინ იტყჳს, თუ: ერთი ტალანტი მაქუს და ვერარას ვიქმ. ჴელ-გეწიფების,
კაცო, ერთისა მისცა განმრავლებაჲ, არა უგლახაკეს ხარ ქურივისა
მის, არა უსწავლელ ხარ უფროჲს პეტრეს და პავლესა, რომელნი-იგი
გლახაკცა იყვნეს და უსწავლელცა, არამედ, ვინაჲთგან გულსმოდგინებაჲ
აქუნდა [და] სიყუარული, და ისწრაფეს სარგებელ კაცთა ყოფად, ამისთჳს
ცადმდე ამაღლდეს. რამეთუ არარაჲ ესრეთ სათნო არს ღმრთისა, ვითარ
სარგებელ ძმათა ყოფაჲ ჩუენი. ამისთჳს მოუცემიეს ჩუენდა სიტყუაჲ და
ჴელნი და ფერჴნი და ძალი გუამისაჲ და გონებაჲ და მეცნიერებაჲ, რაჲთა
ესე ყოველი ცხოვრებადცა თავთა თჳსთა და მოყუასთა სარგებელად ვიჴმაროთ.
არა გალობად და მადლობად ოდენ საჴმარ არს ჩუენდა პირმეტყუელობაჲ,
არამედ სწავლადცა და ნუგეშინის-ცემად ძმათა. უკუეთუ ესრეთ
ვიჴმაროთ პირმეტყუელობაჲ, მობაძავ ვიქმნებით მეუფისა, ხოლო წინააღმდგომი
თუ ამისი მოვიგოთ, მობაძავ ვიქმნებით ეშმაკისა.

იხილეთ, ვითარ ოდეს-იგი მოციქულმან პეტრე ქრისტჱ აღიარა, ნეტარებაჲ
მიიღო, ვითარცა მამისა მიერ ზეცათაჲსა განათლებულმან. ხოლო ოდეს
ჯუარცუმისათჳს თქუა: "არა იყოს ესე", შეჰრისხნა მას უფალმან ძლიერად.
აწ უკუე ჩუენცა მარადის ესევითართამცა სიტყუათა ვიტყჳთ, რაჲთა

ცხად იყვნენ, ვითარმედ ქრისტეს მიერ არიან. რამეთუ არა თუ ოდეს ვთქუა,
თუ: "ენეა, აღდეგ და ვიდოდე", ანუ თუ ვთქუა: "ტაბითა, განიღჳძჱ",
მაშინ ოდენმცა იყვნეს ქრისტეს სიტყუანი, არამედ უკუეთუ ბოროტისმყოფელნი
ჩემნი ვაკურთხნე, უკუეთუ მდევართა ჩემთათჳს ვილოცო, უკუეთუ
ძმასა კეთილი რაჲმე ვასწავო, ქრისტეს სიტყუანი არიან ესევითარნი
ესე. უკუეთუ რაჲ ქრისტეს ჰნებავს მას ვზრახვიდეთ, იყოს ენაჲ ჩუენი
მისდად შერაცხილ. რაჲ-მე უკუე ჰნებავს მას?

ყოველივე სიტყუაჲ სიტკბოებისა და სიმშჳდისაჲ ჰნებავს, ვითარცა-იგი
სახიერებით და სიმშჳდით ეტყოდა წინააღმდგომთა მისთა: "უკუეთუ ბოროტსა
ვიტყოდე, წამე ბოროტისათჳს, უკუეთუ კეთილსა, რაჲსა მცემ მე?" იხილეა
სიტყუაჲ ესე სიმშჳდისაჲ? დიდებაჲ აურაცხელსა სახიერებასა მისსა!
არა უბრძანა ქუეყანასა დანთქუმად ეშმაკეულისა მის ბოროტისა მონისა,
არა დაწუა ცეცხლითა, არამედ ეტყოდა: "რაჲსა მცემ მე?' საქმე, სავსე
შიშითა და ძრწოლითა! და მარადის ესრეთ ტკბილ და სახიერ იყო სიტყუაჲ
მისი და მარადის ასწავლიდა და უმჯობესსა შეაგონებდა.

აწ უკუე შენცა თუ ესრეთ ეტყოდი მბრძოლთა შენთა სიმშჳდით და
მოყუასთა - სარგებელად, მოიგო ენაჲ მობაძავი უფლისაჲ, რამეთუ თავადმან
თქუა: "რომელმან გამოიყვანოს პატიოსანი უპატიოჲსაგან, ვითარცა
პირი ჩემი იყოს". ხოლო ოდეს ენაჲ შენი იქმნეს მობაძავ ქრისტეს ენისა
და პირი შენი - ღმერთშემოსილ და გული შენი - ტაძარ სულისა წმიდისა,
რაჲღამცა იყო სწორ ამის პატივისა? უკუეთუმცა იყო ენაჲ შენი ოქროჲსაჲ
და ბაგენი შენნი მარგალიტისანი, არავე რაჲ არს ესე პატივსა ამას თანა
საღმრთოსა.

ჭეშმარიტად პატიოსან არს და საწადელ ენაჲ, რომელმან არა იცოდის
გინებაჲ, არამედ კურთხევაჲ. ხოლო უკუეთუ ვერ მოგიგიეს ჯერეთ ესე
საზომი, რაჲთა მწყევართა აკურთხევდე, მოიგე წუთ ერთ დუმილი, და
ძჳრსა ნუ იტყჳ, და მერმე წარემატო მასცა საზომსა და იქმნა საშინელ
ეშმაკთა. რამეთუ იხილოს თუ მან ბოროტმან შენ თანა ენაჲ ქრისტეს
მობაძავი, ივლტოდის შენგან, ვითარცა ცეცხლისაგან, რამეთუ იცნობს იგი
სახესა მას სამეუფოსა, უწყის საჭურველი იგი, რომლითა იძლია (ესე არს
სიმშჳდე და სახიერებაჲ), ოდეს მთასა ზედა მოუჴდა უფალსა, და უფალმან
დააკუეთა იგი და განჴადა; არა თუ გამოაჩინა თავი თჳსი, ვითარმედ
ქრისტე არს, და ესრეთ იოტა, არამედ სიტყჳთა სიმდაბლისა და სიმშჳდისაჲთა
მოინადირა.

ეგრეთვე შენ იქმოდე, ძმაო, ოდეს იხილო კაცი ეშმაკისა მიმსგავსებული,

ეგრეთვე მძლე ექმნენ. მოუცემიეს უფალსა ჴელმწიფებაჲ ბაძვად მისა ძალისაებრ
ჩუენისა. ნუ გეშინინ ამის სიტყჳსაგან, უფროჲსად გეშინოდენ არაბაძვად
მისა, რომელი-იგი ამისთჳს მოვიდა, რაჲთა ყოვლისა სათნოებისა
სახე მოგუცეს ჩუენ. მიემსგავსე მისთა სიტყუათა და იქმნე მობაძავ მისა.
ესე უაღრეს არს წინაჲსწარმეტყუელებისა; რამეთუ წინაჲსწარმეტყუელე/ბაჲ
მადლი არს ღმრთისა მიერ, ხოლო ესე ყოვლითურთ შრომათა და
ოფლთა შენთაგან იქმნების. ასწავე სულსა შენსა გამოსახვად შენ შორის
ენასა ქრისტეს მიმსგავსებულსა, ჴელ-ეწიფების, უნდეს თუ მისი გამოსახვაჲ.
და ვითარ-მე გამოისახვის იგი, რომლითა ნივთითა ანუ რომლითა წამლითა?
- ნივთითა და წამლითა არცა ერთითა, არამედ სათნოებითა და
სიმდაბლითა. რამეთუ გინებათა მიერ და წყევათა, ძჳრისზრახვათა და
ცილფიცებათა მიერ გამოისახვის ენაჲ ეშმაკისაჲ. ოდეს ყოველსა ვინ მისა
ზრახვიდეს, მისი ენაჲ აქუნდეს. დიდი უკუე საშჯელი მოიწიოს ჩუენ ზედა,
უკუეთუ ენაჲ იგი, რომლითა ღირს ვიქმნენით მოღებად ჴორცსა და სისხლსა
ქრისტესსა, ვყოთ იგი მობაძავ ეშმაკისა. ხოლო უკუეთუ ყოველივე ბორო/ტი
მოვსპოთ ჩუენგან და მარადის კეთილსა ვიტყოდით, მაშინ გამოისახვის
პირსა ჩუენსა ენაჲ ქრისტეს მობაძავი. უკუეთუ ესევითარი მოვიგოთ ენაჲ,
კადნიერებით ვეტყოდით ღმერთსა, დაჯდეს რაჲ საყდართა ზედა, და ისმი/ნოს
ჩუენი. ხოლო ესევითარი თუ ენაჲ არა გუაქუნდეს, არა ისმინოს ჩუენი,
ვითარცა მსაჯულმან, სხჳთა ენითა მზრახვალმან, არა ისმინოს უცხო-თესლისა
ვისმე ენაჲ. ვისწაოთ უკუე სიტყუად წესისაებრ მეუფისა ჩუენისა:
უკუეთუ გლოასა შთაჰვარდე, ეკრძალე, რაჲთა არა მიდრკეს ენაჲ შენი
უწესოებად, არამედ იტყოდე, ვითარცა ქრისტესგან ისწავე, რამეთუ იგიცა
ცრემლოდა ლაზარესთჳს; უკუეთუ შიშსა შთაჰვარდე, იგივე წესი მოიგე,
ვითარცა ქრისტესგან ისწავე, რამეთუ იგიცა ოდესმე შიშსა მიეცა ჩუენთჳს
ბუნებითა მით კაცობრივითა; თქუ შენცა: "არა ვითარ-იგი მე მნებავსო,
არამედ ვითარცა შენ გნებავს"; უკუეთუ სცრემლოდი, ესრეთ მდუმრიად
ცრემლოდი, ვითარცა იგი. უკუეთუ მწუხარებასა შთაჰვარდე, იგივე წესი
იპყარ. ისმინე, ვითარ იტყოდა: "შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილდმდე".
რამეთუ ყოველსავე ზედა სახჱ მოგცა, რაჲთა ჰბაძვიდე მას. ესრეთ
თუ სცხონდებოდი, ნეტარ იყოს შენდა; უკუეთუ მის მიერ დადებული წესი
დაიმარხო ჟამსა მწუხარებისასა, ჟამსა ურვისასა, ჟამსა გლოვისასა და
ყოველსავე საქმესა შინა.

იტყჳს უფალი: "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა,
და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ". უკუეთუ იქმნა მშჳდ და

მდაბალ, მეგობარ იყო ქრისტესა, ვითარცა წერილ არს მოსესთჳს, ვითარ
"იყო უმშჳდეს ყოველთა კაცთა". ამისთჳს ეწოდა მსახურ და მონა ღმრთისა,
და "ეტყოდა მას ღმერთი პირისპირ, ვითარცა ვინ ეტყჳნ მეგობარსა
თჳსსა". უკუეთუ ესე წესი მოიგო, ამასცა სოფელსა სანატრელ იყო და
საუკუნეთა მათ სატანჯველთა პირი არა იხილო, არამედ კადნიერებით
წარსდგე საშინელსა მას სამშჯავროსა და ზეცისა სასუფეველსა მკჳდრ
იქმნა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა
უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ დიდებაჲ არს
თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,
ამენ.


http://titus.uni-frankfurt.de/texte/etcs/cauc/ageo/johchrys/mttargm3/mttart.htm

No comments:

Post a Comment