... Наш рассказ о номинализме –
важен не для узкого круга философов,
а для каждого человека.
Именно софистика номинализма
готовила почву для атеизма и материализма.
|
''ამისთვის სიტყვამან ღმრთისამან დაიმდაბლა თავი თვისი, და კაც იქმნა,რაითა მოყვარენი და მადიდებელნი სახელისა მისისანი ღმერთ ყვნეს''.
წმ.მაქსიმე აღმსარებელი
ერთხელ, სიყმაწვილეში ჭადრაკის თამაშისას, მეგობარმა უცნაური იდეა მომაწოდა. წარმოიდგინე – მითხრა მან, რონ შენ თავად ხარ ერთ–ერთი ფიგურა დაფაზე, რომ შენს სიცოცხლეს, შენს მეფეს, დედოფალს, მეგობრებს შეიძლება დაემუქროს საფრთხე, რომ ყველა შენს გადაწყვეტილებაზე და ქმედებაზე სასიცოცხლო პასუხისმგებლობა თავად გეკისრება და არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც შეიძლება საბედისწერო ზიანი მიაყენო. მოკლედ ეს უბრალო გართობა კი არა, შენი ცხოვრებაა და შენი პიროვნების რეალიზაციაა. ასეთი გააზრებით, ჭადრაკი მართლაც ბევრად საინტერესოა.
ასეა ქრისტიანობაშიც. ცხოვნება ანუ მადლით განღმრთობა, არის, ჩვენი შეგნებული, გააზრებული სრულყოფა ღმერთთან ცოცხალ ურთიერთობაში, ამიტომაც საღმრთო დოგმატები, ანუ გამოცხადებითი სიბრძნე, რომელიც უმჭიდროეს კავშირშია ჩვენს სულიერ ფერისცვალებასთან, უნდა იყოს მყარად დაკავშირებული ჩვენსავე პირად, შინაგან, სულიერ გამოცდილებასთან და არ უნდა დარჩეს აუხსნელ, მიუწვდომელ საიდუმლოდ.
დიახ, ასეა, თუ ქრისტიანობას, მხოლოდ ფორმალურად, ნომინალურად მიუდგებით, ანუ ღმერთის,როგორც ბატონის წინაშე ერთგვარ ქულების დაგროვებამდე დავიყვანთ. კერძოდ კი შემოვიფარგლებით გარეგნული რიტუალებით, მათი საკრალური შინაარსის ცოდნისა და აღქმის გარეშე, თუ ჩვენთვის საეკლესიო დღესასწაულები მხოლოდ ისტორიული თარიღებისა და მოვლენების გახსენება, ანდა წმინდანთა დაბადებისა და გარდაცვალების დღეების აღნიშვნა იქნება, მათ ხატებთან, როგორც პორტრეტებთან სანთლის დანთების და ჩვენი ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრის თხოვნით ლოცვაში, რაც თავისთავად, სავსებით ბუნებრივია, თუმცა ქრისტე და მისი მოძღვრება ბევრად უფრო დიდი სიმაღლეებისკენ გვიხმობს.
''ღმერთი განკაცდა, რათა კაცნი განაღმრთოს'', აი, ერთადერთი და უმთავრესი იდეა ქრისტეანობაში, რომელიც მასში შემოღწეულმა ნომინალიზმის ბაცილამ სრულიად მიჩქმალა და მიმალა მორწმუნეთა ყოველდღიური რელიგიური ცხოვრებიდან. თავად ნომინალიზმი დასავლეთის თეოლოგიურ აზროვნებაში, იურიდიზმისა და სქოლასტიზმის საფუძველზე აღმოსცენდა, ანუ ღმერთსა და მორწმუნეს შორის ერთგვარი იურიდიული(შეთანხმებითი,ხელშეკრულებითი) ურთიერთობის თეოლოგიზაცია და თავად თეოლოგიაში მისტიურის, გამოცხადებითის, წმინდანთა პირადი რელიგიური გამოცდილების ჩანაცვლება, ფილოსოფიური კატეგორიებით და სილოგიზმებით, საღმრთო საიდუმლოთა(დოგმატთა) შემეცნებისა და წვდომის საქმეში.
მოკლედ ეკლესიური ნომინალიზმი,რომელიც რამდენიმე საუკუნეა დომინირებს უკვე აღმოსავლეთშიც, ასწავლის რომ ეკლესიაში მხოლოდ სიმბოლოებია, ანალოგიებია, მინიშნებებია, რომელსაც მხოლოდ ადამიანის გონებაში აქვს თავისი მოქმედების არეალი; და არა თავად სულიერი უნივერსალიები, ანუ საღმრთო მადლი(უქმნელი ენერგიები), რომელიც ქრისტეს ეკლესიაში(მის სხეულში) ყველაფერში გამოვლინდება და ყოველივეშია დავანებული. ანუ, ღვთაებრივს, ტრანსცენდენტურს, არსით მიუწვდომელს, ეკლესია თავის ყველა ქმედებაში მისაწვდომს, იმანენტურს, ხელშესახებს ხდის სარწმუნოებითა და უანგარო სიყვარულით მის მაძიებელთათვის. სწორედ ამისთვის განკაცდა ქრისტე და დააფუძნა თავისი ეკლესია, რათა ეს ჩატეხილი ხიდი აღდგენილიყო, კაცთათვის დაწყვეტილი საღმრთო მადლის წყარო, რომელიც მოუკლებლივ გარდამოიღვრება ღვთის არსებიდან, მოსულიყო ადამიანებამდე და მათი მეგობრობისა,თანამშრომლობის შემთხვევაში, მათთვის მადლით განღმრთობის საწინდარი გამხდარიყო.
სქოლასტურმა რაციონალიზმმა დანერგა სწავლება ბუნებრივი თეოლოგიის შესახებ, ანუ თითქოსდა ადამიანს შეუძლია ღვთის ბუნების შემეცნება თავისი აზროვნების საშუალებით. ამით, სქოლასტიციზმმა გაანადგურა კავშირი ეკლესიასა და ღვთისშემეცნებას შორის, და ღმერთის ბუნება, ადამიანური რაციონალიზაციის საგნად აქცია, თითქოსდა ღმერთი რაიმე ქმნილება ყოფილიყოს. ზუსტად ისევე, როგორც ადამიანს ძალუძს შეისწავლოს ბუნება თავისი გონებით, ისევე მას ძალუძს შეისწავლოს ღმერთი, ეკლესიის მიღმა.
ამას მოჰყვა რეაქცია ნომინალიზმის სახით. ვილიამ ოქამი და მისი მიმდევრები თეოლოგიის რაციონალიზაციის საპასუხოდ მეორე უკიდურესობაში გადავარდნენ. მათი სწავლებით, ღმერთი სრულიად შეუცნობადი და მოუწვდომელია ქმნილი გონებისთვის, გინდ ეკლესიის გარეთ, გინდ მის წიაღში. შესაბამისად ყველაფერს, რასაც ეკლესია გვასწავლის ღმრთის შესახებ საერთო არა აქვს, ონტოლოგიური კავშირი არა აქვს ღმერთთან, არამედ მხოლოდ ქმნილი სიმბოლოებია, რომელიც ჩვენს გონებაში არსებობენ და უბრალოდ გვაგონებენ ღმერთს. ნომინალიზმის ღმერთი ისევ უცხო და უცნობი ღმერთია. მაგალითად, მათი აზრით, ეკლესიის დოგმატები არა არის ღმერთის მიერ განცხადებული მარადიული და უქმნელი ჭეშმარიტება ღმერთის შესახებ, რომელიც ადამიანურ მეტყველებაშია შემოსილი. დოგმატები მხოლოდ ქმნილი აზროვნების ნაყოფია, რომელთაც უშუალო კავშირი არა აქვთ ღმერთან. იგივე ლოგიკა ვრცელდება ღვთისმსახურებაზე, რომლებიც მხოლოდ ცარიელი სიმბოლოებია, რომლებიც გვეხმარება ვიფიქროთ ღმერთზე, ხოლო თავისთავად მათ არ გააჩნიათ რაიმე მარადიული და უქმნელი შიგთავსი.
აი დასავლური თეოლოგიის ორი უკიდურესობა: რაციონალიზმი და ნომინალიზმი.
მათ საპირწონედ ეკლესია ყოველთვის ქადაგებდა, რომ ღმერთი რომელიც შეუცნობადია თავის არსებაში, შეცნობადია თავის ენერგიებში, ანუ მადლში. და რომ მისი შეცნობა ეკლესიის წიაღში ხდება, სადაც მან გამოგვიცხადა თავისი უქმნელი ჭეშმარიტება, რომელიც მისი ენერგიაა, და რომლითაც მოსილია ეკლესია და რომელიც გადმოედინება ყველაფრიდან რაც არის და ხდება ეკლესიაში. უქმნელი ჭეშმარიტება ღვთისა ანათებს მისი სახელებიდან, სახარებიდან, საიდუმლოებებიდან, დოგმატებიდან, ხატებიდან და ა.შ. ამ უქმნელი ჭეშმარიტებით სავსეა ეკლესია, გვწამს ან აღვიქვამთ ამას ჩვენ თუ არა. რაც მეტია ჩვენი რწმენა, მით მეტი მადლის თანაზიარნი ვხდებით, იმ მადლისა რომელიც ყოველთვის სუფევს მასში, მიუხედავად ჩვენი რწმენისა.
ღვთის მარადიული ჭეშმარიტება როგორც ენერგია ღვთისა, რომელიც თავად მან განგვიცხადა და რომლის თანაზიარებითაც თავად ღმერთს ვეზიარებით - აი მამათა პასუხი დასავლურ ცრუთეოლოგიებს, როგორც სქოლასტურ რაციონალიზმს, რომ თითქოსდა შეიძლება ღმერთის ბუნების შემეცნება ჩვენი დაცემული გონებით, იმ ჭეშმარიტებების მიღმა რომელიც ღმერთმა გამოგვიცხადა თავის ეკლესიაში; და ნომინალიზმს, რომ თითქოსდა ღმერთი სრულიად უცნობი რჩება ჩვენთვის, რადგანაც ის რაც ვიცით ღმერთის შესახებ, არ არის მის მიერ განცხადებული მარადიული ჭეშმარიტება, არამედ მხოლოდ ქმნილი სიმბოლოები და ცნებებია, რომელთაც ღმერთთან კავშირი არა აქვთ.
ეკლესიის ყველა მსახურებაში, ყოველ დღესასწაულზე იშლება დროისა და სივრცის საზღვრები, ქრისტიანები მარადისობას უერთდებიან და თანამონაწილენი ხდებიან იმ მოვლენისა რასაც დღესასწაულობენ, ერთობაში შედიან მარადისობის მაცხოვრებლებთან, ყველა დროის წმინდანებთან.
თუ ქრისტესშობას ვუგალობთ, მაშინ ჩვენ ანგელოზებთან, მწყემსებთან და მოგვებთან ერთად ვცემთ თაყვანს ბეთლემის მღვიმეში შობილ ღმერთკაცს, ნათლისღებისას მასთან ერთად გავდივართ იორდანეზე იოანე ნათლისმცემელთან შესახვედრად და ყოვლადწმიდა სამების გამოცხადების თვითმხილველნი ვხდებით. ფერისცვალებისას თაბორის მთაზე უქმნელი ენერგიების ღვთაებრივ ნათელს ვჭვრეტთ მოციქულებთან და ღვთისმხილველ წინასწარმეტყველებთან ერთად. ჯვარცმისას ყოვლაწმინდა ღვთისმშობელთან,მის საყვარელ მოწაფესთან და მენელსაცხებლე დედებთან ერთად ვდგევართ მისი ერთგულნი და მშვენიერ იოსებთან ერთად მივადგებით პილატეს,რათა ჯვრიდან გარდამოვხსნათ და საფლავს მივაბაროთ მისი სხეული. და კვლავ მენელსაცხებლებთან ერთად მივიჩქარით ''განთიად რიჟრაჟ–ოდენ'', რათა მისი მკვდრეთით აღდგომა ვახაროთ სამყაროს. მიძინებისას მოციქულებთან ერთად მოვისწრაფით სიონისაკენ ღრუბლებზე აღმხედრებულნი,რათა გეთსიმანიას მივაცილოთ ყოვლადწმინდა. მოწამეთა ხსენების დროს,მათთან ერთად ხმამაღლა ვაღიარებთ ქრისტეს– წინაშე მეფეთა და მდევნელთა და მათთან ერთად ვკვდებით,რათა ქრისტეში კვლავ აღმოვცენდეთ და საღმრთო პურად გამოვცხვეთ მარადისობაში.
მეუდაბნოეთა და მმარხველთა ღვაწლის გახსენებისას, მათი ლოცვისა და მდუმარების მიმბაძველნი, ყოველივე ამაოს დაუტევებთ და საღმრთო საიდუმლოთა მარგალიტების მაძიებელნი ღრმად ჩავდივართ საკუთარი სულის სიღრმეებში,რათა ქრისტეს მოსასვლელად განვამზადოთ ტაძარი ჩვენი გულისა. და ყოველივე ამის გონიერი თანამონაწილენი ვიბადებით,გამოვიძერწებით საღმრთო სასუფევლისთვის,რაც არის ადამიანთა მუნ–ყოფნა ღმერთთან, ''რათა დაუნაყრებლად ვნაყრდებოდეთ მარად ვერ
დასანაყრებელით''(წმ.მაქსიმე აღმსარებელი).
როცა ქრისტიანები წმ. ბასილი დიდის ხსენებას აღასრულებენ, მასთან ერთად პასუხობენ მდევნელ ეპარქოსს: ''წარტყუენვისაგან უშიშ ვარ, რომელსა-ესე არაი მაქუს, გარნა ბალნისა ესე სამოსელი, რომელი მმოსიეს და მცირედნი წიგნნი, რომელთა შინა არს ყოველივე სიმდიდრე ჩემი. ხოლო შენ რაი წარმიღო მე, ანუ ექსორიობითა ვითარ მაშინებ, რომელი-ესე არა გარეშემოვიწერები ერთსა ადგილსა, არცა ესე მაქუს ჩემად, სადა ვარ? და კუალად ყოველივე ქუეყანაი ჩემი არს და უფროისად ყოველივე ღმრთისაი არს, რომლისა მე მსხემ ვარ და წარმავალ, ხოლო ტანჯვაი სადღა იყოს, რაჟამს ხორცნი არა იპოებოდიან? რამეთუ ჩემდა უხორცოებაი ბრძანებულ არს და ესე, რომელ მმოსიან, უკუეთუ მოსწყვიდნე, მადლიერ ვიყო, რამეთუ მე ფრიად მნებავს ამათი ტანჯვაი და მათ ზედა ოდენ გაქუს ძალი, ხოლო ჩემდა ტანჯვად ვერ ძალ-გიც, რამეთუ მე სული ვარ და სულსა ვერ შეეხები, ხოლო ხორცნი არა სატკივარ არიან ჩემდა. სიკუდილი კულა კეთილ არს ჩემდა, მო-თუ-აწიო ჩემ ზედა, რამეთუ ადრე წარმგზავნოს მე სიკუდილმან ღმრთისა მიმართ, რომლისა მიმართ ცხოველ ვარ და ვიყოფები, და რომლისათვის მომიკუდინებიეს თავი ჩემი, და რომლისა მიმართ მივისწრაფი''.
როდესაც წმ.იოანე ოქროპირს უგალობენ, მასთან ერთად იცავენ ობოლსა და ქვრივს ჩაგვრისა და უსამართლობისგან და მასთანავე გაივლიან ფეხშიშველნი მანძილს კონსტანტინოპოლიდან აფხაზეთამდე და იქ წარმოსთქვამენ მის უკანასკნელ სიტყვებს:''მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის''!
როდესაც დიდმოწამე არტემის მოიხსენებენ,მასთან ერთად უშიშრად ამხილებენ განდგომილ იმპერატორს:'' არა მეშინის შენგან,რამეთუ მე ის კაცი ვარ, ვინც კონსტანტინე დიდთან ერთად ვიხილე ზეცაზე გამოსახული პატიოსანი ჯვარი,რომელსაც ვარსკვლავებისგან ჰქონდა წარწერილი – ''იესო ქრისტე, ძლევა".
იოანე დამასკელთან ერთად მარჯვენას მოგვკვეთენ ხატთა თაყვანისცემის დაცვისთვის და მასთანავე გაგვიმრთელებს ხატი ყოვლადწმიდასი.
მაქსიმე აღმსარებელთანვე მოგვაჭრიან ჯერ ხელს, შემდეგ კი ენას მაცხოვნებელი სწავლების ერთგულებისთვის, რათა მასთან ერთად ვიყოთ ქრისტეში.
თეოდორე სტუდიელთან ერთად ბნელ დილეგში ჩაგდებულნი და სიმართლისათვის მასთან ერთად გაროზგილნი, ვიდრე ტყავის გაძრობამდე, ბოლომდე დავითმენთ, რათა მზეს სიმართლისას შევეთვისოთ.
ეგვიპტელ, სინაელ, სირიელ, ირლანდიელ, ათონელ, შიო–მღვიმელ, გარეჯელ, კიევო–პეჩორელ, სოლოვეცკელ ისიქასტებთან ერთად, უდიდესი მოკრძალებითა და სიყვარულით წარმოვსთქვამთ: ''უფალო იესო ქრისტე,ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი'',
რადგან ეს ლიტონი სიტყვები და ბგერები კი არაა, არამედ წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველისა და სხვა მრავალი წმინდანის თქმით, მასში ჭეშმარიტად ბინადრობს საღმრთო სული, რადგანაც იგი სიტყვისამებრ პავლე მოციქულისა, თავად სული წმიდის მიერ წარმოითქმება: ''არავის ხელ–ეწიფების თქუმად ''უფალი იესუ’', გარნა სულითა წმიდითა'' (1 კორ.12,3). და ვინც ამ ლოცვას წარმოსთქვამს იგი ღვთისგანაა,რამეთუ ნათქვამია: ''ყოველმან სულმან რომელმან აღიაროს იესუ ქრისტე, ხორციელად მოსული, იგი ღმრთისაგან არს'' (1 ინ. 4,2). და ეს ღვთაებრივი ლოცვა – მოწოდება ჩვენი მაცხოვრის სახელისა არის:
1. ლოცვაც და აღთქმაც;
2. სარწმუნოების აღმსარებლობაც;
3. ორღანოც სული წმიდის მადლთან ურთიერთობისა;
4. საღმრთო ნიჭების მოპოვების საშუალებაც;
5. გულის განწმენდაც;
6. დემონთა ძლევაც;
7. ქრისტეს დამკივიდრებაც ჩვენში;
8. სულიერ აზრთა და საღმრთო გულისხმისყოფათა სათავეც;
9. ცოდვათაგან განთავისუფლებაც;
10. სულისა და სხეულის კურნებაც;
11. ღვთაებრივი გაცისკროვნების მეოხიც;
12. უფლის წყალობათა მოზიდვაც;
13. თავმდაბალთათვის საღმრთო საიდუმლოთა განმცხადებელიც;
14. ცხონების წყაროც.
ქრისტეს სახელის რწმენით მოხმობისას, საღმრთო მადლი,ძალა,სასმელი მარადიული ცხოვრებისა ეძლევა ადამიანს : ''სასუმელი ცხოვრებისაი მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო''(ფს.115.4)
წმ.კირილე ალექსანდრიელი:'' სასუმელი ეწოდების თვით ხსენებასა მას სახელისა უფლისასა,რომელი ესე სათნო –უჩნს ღმერთსა,უფროის ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთა''.
''ყოველნი წარმართნი გარემომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ''(ფს.117.10).
წმ.კირილე:'' მოცულ რა იქმნას მოღვაწე გემოვნებისაგან ხორცთასა,გინათუ კვეთებისაგან მწვალებელთასა, მყის მოუწოდს მათ ზედა სახელსა უფლისასა და მიმოდააბნევს მათ''. (''ფსალმუნთა განმარტება''. მე–12 საუკუნის ხელნაწერი)
ქრისტეს ეკლესიაში ყოველივე წმიდაა და საიდუმლო, ანუ მადლმოსილ. ფრესკები და ხატები არ მხოლოდ წმინდანთა პორტრეტები ან ბიბლიურ სცენათა თუ ეკლესიის ისტორიის ცნობილ მოვლენათა ამსახველი პანოებია, არამედ საღმრთო მადლთან შეხების, ცოცხალი ღმერთის თაყვანისცემის და მასთან შეხვედრის ადგილები,რადგან ''ვეთაყვანებით და ამბორსვუყოფთ რა ყველა წმინდანის ხატს, ამით თავად პირველსახემდე ამაღლდება ჩვენი თაყვანისცემა,რადგანაც გვიყვარს ისინი და გვიყვარს აგრეთვე ღმერთი, რომელიც ჭეშმარიტად შეიყვარეს თვით მათ და რომელსაც ემსახურნენ ისინი. აგრეთვე თაყვანსვცემთ პატიოსანი ჯვრის მაცხოვნებელ ნიშს, საღვთო ტაძრებსა და ადგილებს, წმიდა ნივთებსა და ღვთივგადმოცემულ სიტყვებს, რადგანაც ყოველ მათგანში ღმერთი მკვიდრობს. თაყვანსვცემთ, აგრეთვე, წმინდანთა საძვალეებს, რადგანაც არ შორდება მათ უწმიდეს ძვლებს წმიდამყოფელი მადლი, ისევე, როგორც არც საუფლო სხეულს განშორებია ღმრთეება სამდღიანი სიკვდილის ჟამს.''(წმ.გრიგოლ პალამა)
სრულიად სხვაგვარად ასწავლის ნომინალიზმი, იგი კატეგორიულად უარყოფს უქმნელი ენერგიების და ადამიანთა მიერ მათი მიღების კონცეფციას. ამგვარი ფორმალისტური მოსაზრებით, ჩვენი ბუნება ყოვლითურთ ქმნილია და შეუძლებელია რაიმე ღვთაებრივი, უქმნელი იყოს მასში, შეეთვისოს მას. ადამიანებს არ ძალუძთ მონაწილეობა მიიღონ ღვთაებრივ ცხოვრებაში. მისტიკური გამოცდილება კაცთათვის მიუწვდომელია, ქრისტემ კი კაცობრიობას მხოლოდ ცოდვათა მიტევება,''გამართლება'', ერთგვარი ამინისტია მოუტანა. ამაო ყოფილა მაშინ ქრისტეს სიტყვები: ''უკეთუ ვისმე უყვარდე მე, სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყვაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ''. (იოანე. 14.23).
ნომინალისტურმა დამოკიდებულებამ რელიგიურ ცხოვრებაში ერთგვარი მაგიზმი შემოიტანა, ანუ მორწმუნეები გაუაზრებელ, ავტომატიზმამდე დაყვანილ გარეგნულ რიტუალიზმს ესავენ,მისი იმედი აქვთ და არა ცოცხალ ღმერთთან ამ ქვეყნად დაწყებული ცოცხალი ურთიერთობის, მეგობრობის,რომელიც ცხადია მარადისობაშიც გაგრძელდება.
ღმერთი, რომელსაც აღმოსავლეთი იცნობს, არის ცოცხალი, მუდმივმოქმედი, მამათა ჩვენთა ღმერთი, რომელიც თავისი მადლით ყოველთვის ცოცხალ ურთიერთობაში იყო წინასწარმეტყველებთან, მოციქულებთან, მოწამეებთან, აღმსარებლებთან, ასკეტებთან და ყველა დროის ყველა წმიდანთან, ანუ მის მაძიებლებთან!
უფრო მეტიც, ნომინალიზმს ათეიზმამდეც კი მიყავს ადამიანი,რადგან ნამდვილი ათეისტები ისინი კი არ არიან, ვისაც არ სჯერა ღმერთის არსებობა,არამედ ის ''მორწმუნეები'',ვისაც ღვთის სიტყვაში ეპარება ეჭვი, მის აღთქმათა აღსრულებაში. როგორ შეიძლება ასეთები მიენდნონ ღმერთს. მთელი სასოება მასზე და მის მოძღვრებაზე დაამყარონ,როდესაც მას კი არ ეძებენ, ჭეშმარიტება კი არ სწყურიათ,არამედ როგორც წესი ცრუ ავტორიტეტებისა და გაკერპებული თვალთმაქცების სჯერათ ბრმად,ერთგვარი მონური და იმავდროულად აგრესიული სიჯიუტით. და რაღა აზრი აქვს იმ ღმერთის არსებობის ''რწმენას'', თუკი თავად მას არ იცნობენ და არ ენდობიან. ნომინალიზმი ქრისტიანობას მხოლოდ წყალწყალა ეთიკის, ზედაპირული სქოლასტიკის, მდარე ესთეტიკის და სენტიმენტალური ხიბლის ამარა ტოვებს. ქრისტიანობის უმთავრესი შემადგენელი ელემენტებისთვის – ასკეტიკისთვის,გამოცხადებითი დოგმატიკისთვის და ჯანსაღი მისტიკისთვის – არანაირი სივრცე აღარ რჩება. საეკლესიო ნომინალიზმი ნამდვილად კლავს! ეს სულიერი სიკვდილი აშკარად სახეზეა და საყოველთაოდ გაბატონებულა ადამიანთა გულებში.
No comments:
Post a Comment