მრავლით ჟამითგან მენება დუმილი მრავალთა მიზეზთათვის და არა აღებად პირისა, რამეთუ უღირსებაჲ სულისა და შიში შეუკადრებელთა შეკადრებად მიზეზ მექმნა დუმილისა, რამეთუ არა ადვილ არს, არცა უზღუარო პირველ გან[სა]წმენდისა შეხებაჲ სიწმიდეთა და უღირსთა მიახლებაჲ მიუახლებელთა.
გარნა აწინდელმან ამან ჟამმან და ახალთა ამათ ფილოსოფოსთა, რომელნი ენამჭევრობენ და მზა არიან მრავლის მეტყველად და თვით თავით თვისით გამოიკულევენ გამოუკვლეველთა და გამოეძიებენ გამოუძიებელთა და გამოთქმად მეცადინობენ გამოუთქმელთა, რომელთა პირნი მათნი დაუც ცათა შინა და ენა მათი ეთრია ქვეყანასა ზედა სიტყვისა მისებრ მეფსალმუნისა: „სამარე ზე აღებულ არს ხორხი მათი, ენითა მათითა ზაკვიდეს“.
არა ისმინენ საღმრთოთა წერილთა: არცა ბრძანებათა სამეუფოთა გულისხმაყოფენ, არამედ ახალთა და ახალთა ძიებათა შემოიღებენ და კუალად უახლესთა მიმართ მზა არიან და ვის რომელნი ვითარიცა სიბრძნე აქუნდეს ეგრეთ გამოეძიებენ არსებასა და ბუნებასა ღმრთისასა და გულის ხმის ყოფითა თვისითა ჰნებავს გონებასა შინა თვისსა დატევნად დაუტევნელისა და ახალი რამე სჯულისდება და ახალი სარწმუნოებაჲ, რომელი არა მოცემულ არს ჩვენდა წმიდანთა მოციქულთა და წინაჲსწარმეტყველთა, მახარებელთა და ჭეშმარიტთა მოძღვართა, მას ქადაგებენ და მასვე ასწავებენ და თავნი თვისნი უბრძენეს ბრძენთა მათ საკვირველთა და უწმინდეს წმიდათა მათ პირველთა და უღვთისმეტყველეს დიდთა მათ ღვთისმეტყველთა შეურაცხიეს და მათითა მით სჯულის-დებითა ყოველთა დაჴსნიან და თანაწარხდებიან თვით თავით თჳსით, მოძღვრიან, ასწავებენ და გარდააქცევენ გონებასა[მ]მარხველთა და წრფელთა. და შეიტყუვებენ უმანკოთა და უსწავლელთა.
ამისთვის დავკრძალე პირი ჩემი და დავიდევ საცო ბაგეთა ჩემთა სიტყვისაებრ დავითისა: „დავყრუვდი და დავმდაბლდი და დავდუმენ მე კეთილთაგან და სალმობა ჩემი განმიახლდა განხურდა გული ჩემი შორის ჩემსა და ზრახვასა ჩემსა აღატყდა ცეცხლი, რამეთუ სიტყვანი მათნი ვითარცა ისარნი განეწონეს გულსა ჩემსა. და არა მცირედ შესწევდა სულსა ჩემსა ამისთვის სულთ ვითქუმდ მარადის და ვიტყოდე, ჰოი მე რამეთუ წარწყმდა ღვთისმოშიში ქუეყანით და განკრძალული კაცთა შორის არღარა არს, ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უჴმარ იქმნნეს, არავინ არს, რომელმანცა ქმნა სიტკბოება არავინ არს მიერთამდე არა გულისხმაყონ ყოველთა, რომელნი იქმან უსჯულოებასა“.
აწ ძნიად სამე და უკანასკნელ აღვაღე პირი და მოვიღე სული სიტყვისაებრ წერილისა. და ვიწყე კნინ ოდენ მეტყველებად არა სიბრძნითა კაცობრიჳთა, არცა ფილოსოფოსებრ, რამეთუ სიბრძნე ამის სოფლისა სიცოფე არს წინაშე ღვთისა და სიბრძნესა ღვთისა არა უხმს სიბრძნე კაცობრივი, რამეთუ რომელი მისი უსაზღვრო სიბრძნე იქმნების უძლურებასა შინა კაცთასა, ვითარცა ეტყოდა პავლეს და სიბრძნე იგი მისი მიუწდომელი სოფელსა ცხადად საცნაურ იქმნების, ვითარცა წერილ არს: „წარვსწყმიდო სიბრძნჱ იგი ბრძენთა და მეცნიერება იგი მეცნიერთა შეურაცხ ვყო. სადა არს ბრძენი, სადა არს მწიგნობარი, სადა არს გამომეძიებელი იგი ამის სოფლისა, რამეთუ ვინათგან სიბრძნითა მით პირველითა ვერ იცნა სოფელმან სიბრძნითა თვისითა ღმერთი, ჯერ იჩინა უფალმან ქადაგებითა მით სისულელისათა ცხოვრება მორწმუნეთა მათ“.
აწ მეცა შედგომილი სწავლასა მას სულელთასა ვიტყჳ მცირედსა რასამე და კნინ ოდენსა სულელისაგან და უსწავლელისა გონებისა ჩემისა, სიბრძნესა მას ღმრთისასა საიდუმლოდ დაფარულსა.
ხოლო არა რასა ვიტყჳ თავით თჳსით და გულისხმისყოფითა თვისითა, არცა გარეშეთა რათმე შემოღებითა არამედ მათთვის წმიდათა მოციქულთა და ყოვლად ბრძენთა წინაჲსწარმეტყუელთა და ღმერთშემოსილთა მამათა მიერ თქუმულსა შემოვიღებ, რაჲთა არა ვინ ჰგონოს ჩემ მიერ უცებისა და უსწავლელისა მიერ თქუმულად, არამედ მთელ წმიდათა და ნეტართა პირთაგან დაცჳვნებულსა ნაბჭევსა შემოვკრებ და თვით თავადისა ქრისტჱს მიერ უხუებით დამოდინებულსა ცუარსა მოძღურებისასა სახედ ღრუბლისა ზრქელისა გონებისა ჩუენისა მიერ აღმოვიწრედ და ნაბჭევსა მას მათსა ცხოველსმყოფელსა შევკრებ, მძიმედ სატვირთველსა ამას გუამსა შინა ჩემთა, ვითარცა იგი მაშინ წმიდანი მოციქულნი გოდრითა მტვირთველ იქმნეს ნამუსრევსა მას, რამეთუ ძალ უც მას, რომელმან იგი მაშინ ხუთთა პურთა მიერ ხუთი ათასნი განაძღნა. და შემდეგ განძღებისა ესოდენისა ერისა ნამუსრევითა აღვსება მრავალთა გოდორთა, ეგრეთვე ძალუც უხმართა სახმარყოფა და უსწავლელთა განბრძნობად, ვითარცა ძველ ოდესმე პირუტყჳცა მამხილებელ ყო უგუნურებასა მისანთასა.
ხოლო ესე ყოველთა მიერ საცნობელ არს, რათა საღმრთოთა წერილთა მიერ ძუელისა და ახლისა სჯულისა მოძღურებითა სავსჱ არს ყოვლისა სოფლისა ეკლესიანი, ვითარცა მზისა ბრწყინვალებისაგან და ვითარცა ჰაერისა ამის განფენილისა რომლისა მიერ აქუს ყოველთა ცხოველობა და ვითარცა მდინარეთა ცხოველსმყოფელთა. ვითარცა წერილ არს წინაჲსწარმეტყუელთა მიერ, „ველთა დაფარნეს პირნი ყოვლისა სოფლისა“, ეგრეთ სავსე არს, ვითარცა ვთქუ ყოველი ეკლესიაჲ საღმრთოჲთა მოძღურებათა მიერ და არღარა სახმარ არს ახლითა რაჲთმე აღწერად, გინა გამოთქმად: უკუთუ ოდენ კეთილად და გულისხმისყოფით და სარგებელად ვინმე იკითხვიდენ, გინა თუ ისმენდენ.
არამედ არიან კაცნი, რომელნი არა მიხედვენ საღმრთოთა წერილთა, არცა გულისხმისყოფით და შიშით გამოეძიებენ არამედ სრულიად დაბრმავებულ არიან, ვითარცა თვალტკივნულნი ბრწყინვალებისა მიმართ მზისა.
ამისთჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: უგუნური და უცნობოჲ ერთბამად წარწყმდენ. და ვითარცა საცხოვარნი ჯოჯოხეთსა მიეახლნეს და სიკუდილი ჰმწყსიდეს მათ ზედა. ხოლო არიან სხვანი, რომელნი იკითხვენ და არა გულისხმისყოფით გამოიკულევენ, არცა ზედმიწევნით გამოეძიებენ. პირუტყვთაებრ არა წმიდათა მათდა მიცემულთა საზრდელისა მსგავსად აღმოცოხნით არა დააწულილებენ, არამედ განურჩევლად შთანთქმენ, მათთვის იტყვის საღმრთოჲ წერილი: „წყეულ იყავნ კაცი იგი, რომელმან უდებებით ყოს საქმჱ ღვთისა“ და კუალად წერილ არს: „ვიხილენ უგულისხმონი და დავდნებოდე“.
კუალად არიან კაცნი, რომელნი სურვილით იკითხჳან და გულს-მოდგინედ ისმენენ, არამედ თავით თჳსით გარდააქცევენ და სხუვად სახედ გარდაგულარძნიან და მსგავსად გონებაცდომილებისა მათისა, ვითარცა ენებოს ეგრეთ სთარგმნიან. ესე ვითართათვის იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „წყეულ არიან, რომელთა გარდააქციეს მცნებათაგან შენთა“ და კუალად ესაიას მიერ იტყვის წინაჲსწარმეტყუელისა: „ვაჲ მათდა, რომელთა მდინარჱ წმიდაჲ შემდგომად სუმისა მათისა ფერხითა მათითა აღამრღვნია. და ნათრგუნევსა ფერხთა მათთასა ცხოვართა ჩემთა ასუმდიან“.
ხოლო არიან სხვანი რომელნიმე კაცნი, უკეთუ აწ არიან სადმე, რომელნი გულისხმისყოფით გამოეძიებენ და მრავლითა სურვილითა გამოიკულევენ და ზედმიწევნით ისმენენ და გულისხმაყოფენ საღმრთოთა წერილთა და აღმოიცოხნიან და დააწულილებენ მსგავსად საცხოვართა წმიდათა და განიძღებენ სურვილსა თჳსსა.
ამათ ნატრის სულიწმიდაჲ და იტყჳს: „ნეტარ არიან რომელნი გამოიკულევენ წამებათა მისთა ყოვლითა გულითა გამოიძინენ იგი“ და თავადი ქრისტე ბრძანებს: „არამედ ნეტარ არიან რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისა და დაიმარხონ და ყონ იგი“, არამედ მტერი ბოროტი მარადის უმზირს თითოეულად კაცად-კაცადსა და ზოგად ყოველთა დაბადებულთა, თუ ვითარ სადმე ჰპოვოს თესლთა კეთილთაგანი დათესული მუშაკისა მიერ კეთილისა და შეუთესოს ღუარძლი იფქლსა შორის, იგავისა მისებრ სამეუფოჲსა. „მსგავს არს სასუფეველი ღვთისა კაცსა, რომელმან დათესა თესლი კეთილი აგარაკსა თჳსსა და ვითარცა დაიძინეს კაცთა მოვიდა მტერი მისი და დასთესა ღუარძლი შორის იფქლსა მას და წარვიდა, ხოლო ოდეს აღმოსცენდა ჯეჯილი იგი და ნაყოფი გამოიღო. მაშინ გამოჩნდა ღვარძლი იგი მოვიდნენ მონანი იგი და უთხრეს სახლისა უფალსა მას და თქუეს: უფალო ანუ არა თესლი კეთილი დასთესეა აგარაკსა შენსა, ვითარ აღმოსცენდა ღუარძლი?
ხოლო მან ჰრქუა მტერმან კაცმან ყო იგი: ხოლო მონათა მათ ჰრქუეს მას; გნებავსა რათა მივიდეთ და გამოვარჩიოთ იგი: ხოლო მან ჰრქუა მათ: არა ნუ უკუე შეკრებასა ღუარძლისასა აღმოვფხურათ იფქლიცა. აცადეთ იგი თანა აღორძინებად ურთიერთას ვიდრე ჟამადმდე მკისა და ჟამსა მკისასა უბრძანო მომკალთა მათ შეჰკრიბედ პირველად ღვარძლი იგი და შეჰკართ ძნეულად რათა დაიწუას იგი, ხოლო იფქლი იგი შეჰკრიბეთ საუნჯესა ჩემსა“. ხოლო თავიდანვე გამოგვიცხადა იგავისა ამის განმარტება და თქუა: „რომელი სთესავს თესლსა კეთილსა, ძჱ კაცისა არს: ხოლო აგარაკი იგი ესე სოფელი არს: ხოლო თესლნი იგი კეთილნი ესე არიან ძენი სასუფევლისანი და ღუარძლნი იგი არიან ძენი უკეთურებისანი.
ხოლო მტერი იგი რომელმან დასთესა იგი ეშმაკი არს. და მკა იგი არის აღსასრული ამის სოფლისა და მომკალნი იგი არიან ანგელოზნი ვითარცა იგი შეკრიბიან ღვარძლი და ცეცხლთა დაწუიან ეგრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისა: რამეთუ მოავლინის ძემან კაცისამან ანგელოზნი თვისნი. და შეკრიბნეს სუფევისაგან მისისა ყოველნი საცთურნი და მოქმედნი უსჯულოებისან. და შესთხინეს იგი სახმილსა მას ცეცხლისასა მუნ იყოს ტირილი და ღრჭენა კბილთა“.
მაშინ მართალნი გამობრწყინდნენ ვითარცა მზე სასუფეველსა მამისა მათისასა.
ხოლო ესე ყოველი იგავი ვითარცა გესმა, მწვალებელთა ზედა თქუმულ არს, რამეთუ დასაბამითგან მტერი იგი ბოროტი ეშმაკი არა დაცხრების ჟამად-ჟამად თესვად თესლისა ბოროტისა. მორჩილთა მისთა შორის: რამეთუ არა ოდეს ყოფილ არს არცა ჟამი, არცა დროჲ დასაბამითგან ვიდრე აქამომდე, არცა ძუელთა შინა სჯულთა, არცა-ახალთა, არცა პირველ ქრისტჱს მოსავთა, არცა ყოვლად ქრისტესა, რომელთამცა შორის არა დასთესნა საცთურისა თჳსისა დაწვეთებისა გესლნი.
რამეთუ ვინათგან ერთგზის დაემხუა მთავრობისაგან თჳსისა და პატივისა და მიუღო პირველი იგი ბრწყინვალებაჲ გარდამოითხია რაჲ ქუაყანად დასამკვიდრებლად მიეცა ქუესკნელს, ცეცხლთა ჯოჯოხეთისასა.
მერმე მოიგონა სიბრძნით დამბადებელმან და განმგებელმან ყოვლისმან, მრავლითა მოწყალებითა და მიუწდომელითა სახიერებითა თჳსითა. კაცი მიწისგან შექმნა და შთაბერა სული ცხოველი და შეაერთა უხილავი და ხილული და ესე დაამკვიდრა სამოთხესა მას საშუებელისასა და მისცა სჯული და მცნებაჲ, რაჲთა იმარხჳდეს ბრძანებათა დამბადებელისა თჳსისათა და მიზეზითა ამით მცირედთა მცნებათა დამარხჳთა ენება მეუფესა კაცისა მის უხრწნელად და უკუდავად აღყვანებაჲ ზეცისა დიდებასა ადგილსა მას, ვინაჲ იგი გარდამოითხია პირველი მთიები.
ესე შეშურდა მტერსა ბოროტსა და შეუხდა გულსა ევასა და ეზრახა გუელისა მიერ და რაჲთაცა თვით დაცემული იყო ამპარტავნებითა, იგიცა განღმრთობისა ქადაგებითა აცთუნა და გამოხდა სამოთხისა მისგან საშუებელისა და დაემკვიდრა ადამ ჭირ მრავალსა და საშრომელსა ამის სოფლისა და უკვდავებისა წილ მოკუდავ იქმნა და ზეცად აღსვლისა წილ მიწად მიიქცა. მიერითგან დაიპყრა ნათესავი ადამისი მტერმან ბოროტმან და თითო სახეთა საცთურთა და საფრთხეთა შთაყარნა ნათესავი მისი, მერმე აღადგინა კაენ აბელის ზედა და ძმა ძმისა მიერ მოაკუდინა და ასწავა კაცთა შური და მტერობაჲ, ზაკუვა და ორგულებაჲ, კაცის კლვაჲ და მრუშებაჲ და მერმე ბილწებით შეაგინა ყოველი ადამიანი, თვინიერ მართლისა ნოესა და ძეთა მისთა, რომელნიცა დაიცუნა ღმერთმან კიდობნისა მის მიერ და სხვათა ყოველთა ზედა მოაწია წყლით რღუნაჲ და წარირღვნა ყოველი აღმდგომი. მერმე აღძრა ძე მისი ქამ სიცილად მამასა თჳსსა ზედა რათა უხმარად გამოაჩინოს სიმართლჱ ნოესი, რაჲთაცა წყევისა ქუეშე დაისაჯა ნათესავი ქამისი.
მერმე დიდი აბრაამ, ისააკ და იაკობ მრავალ ფერითა და თითო სახითა ჭირითა განსცადა და იობ მართალი ცხადად გამოითხოვა და მრავალი ბოროტი მოაწია მის ზედა. რაჲთამცა ღმრთისმსახურებაჲ მისი შეანანა და უჴმარ ყო. ეგრეთვე შემდგომითი-შემდგომად ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი მრავალფერითა ჭირითა და ღვაწლითა გამოსცადნა მიშუებითა ღმრთისა, რათა ჩნდენ წმიდანი მისნი, ვითარცა ოქროჲ რჩეულნი განსაცდლითა ბრძმედითა გამოდნობილნი და ცრუნი იგი დაისაჯნენ, ხოლო ცრუ წინაჲსწარმეტყუელნი უმრავლესნი აღადგინა მათ შორის, რათამცა მათი იგი ჭეშმარიტი წინაჲსწარმეტყუელებაჲ მტყუვრად გამოაჩინნა, ვითარცა მოსესთვის წერილ არს, რამეთუ რაჟამს ჰყოფდა ნიშებსა და სასწაულებსა საკჳრველსა ეგვიპტეს შინა მაშინ მისანნი და ქურუმნი ეგვიპტისანი უმრავლესსა ჰყოფდეს მსგავსადვე მოსესა დადუმებად მოსეს მიერ ქმნილთა მათ საკვირველებათა და სხვათა მათ შემდგომთა წინასწარმეტყველთა და მართალთა აღუდგინა შური და მტერობაჲ მტერთა მიერ ცხოჳრებისათა.
ხოლო ვინათგან არა იქმნა კურნებაჲ სენისა ამის ბოროტისა, არცა ხსნაჲ კაცთა ნათესავისა, თვით, თავადი სიბრძნე ღვთისა, ხატი და ძლიერება მამისა, თანადაუსაბამო და თანაგანმგებელი, ბუნებით თანასწორი ძე და სიტყვა ღმრთისა, თვით ღმერთი ჭეშმარიტი მოვიდა ზეცით ქუეყანად მიღებად ბუნებისა ჩუენისა და ჴორცთა ამათ მტერისა მიერ მოუძლურებულსა და დათრგუნვილთა შემოსად, რათა უძლურითა ამით ჴორცითა დასცეს ძლიერი იგი მოქადული, რამეთუ ყოვლითურთ გვემსგავსა, რათა ადამიანად გამოჩინებითა განდგომილი იგი მტერი შეიტყუოს და დამცემელი ადამისი დასცეს და შემუსროს და ჩვენ მოგვცეს ძლევაჲ და ვითარცა იგი იქადოდა ჩუენ ზედა, ეგრეთვე ჩვენ ვიქადოდით მას ზედა. ხოლო მოგუცნა სჯული და მცნება რაჲთა არღარა ვჰმონებდეთ მტერსა ბოროტსა, არამედ დამარხვითა მით სჯულისათა ვმონებდეთ უფალსა. ხოლო იგი დაღაცათუ მოუძლურდა, დაეცა და შეიმუსრა, არამედ მცირედ ჟამ კუალად ცხოველ არს გამოსაცდელად მონათა ღმრთისათა, რათა ბრძოლითა და მტერობითა მისითა გვირგჲინოსან იქმნენ წმიდანი და რჩეულნი მისნი და დაისაჯნენ უღირსნი და თანააშემწენი უღმრთოებისანი და ამით გამოჩნდნენ მორჩილნი ღვთისანი და ურჩნი და გარდამავალნი სჯულისანი სირცხვილეულ იქმნენ.
ამისთჲს არა დასცხრების მტერი იგი, ვითარცა ვთქუ თესვად ღუარძლისა იფქლსა მას შინა სარწმუნოებისასა პირველ ქრისტეს მოსლვისა და შემდგომად ქრისტეს განკაცებისა, ხოლო ოდეს მოვიდა ძე ღმრთისა მოლოდება იგი წარმართთა, მაშინ უმრავლესნი ღონენი აღძრნა და ეკუეთა კლდესა მას ცხოურებისასა და შურად აღუდგინნა ჰურიანი და ეგრეთვე მტყუვარნი ქრისტენი აღადგინა. ვითარცა ჰეროდე, რომელი იგი უხმობდა თავსა თვისსა ქრისტედ. მერმე სიმონ მოგჳ და იგიცა ძედ ღვთისად იტყოდა თავსა თჳსსა და მრავალსა სასწაულსა ჰყოფდა შეწევნითა ეშმაკისათა და განაკვირვებდა მრავალთა, რომელიცა დაიხსნა და განქარდა წმიდისა მოციქულისა პეტრეს მიერ. და მერმე კენობ გრძნეული, მოციქულისა და მახარებელისა იოანეს მიერ დაინთქა, და წმიდისა პავლეს მიერ მრავალნი წინააღმდგომნი, ვითარცა ალექსანდრე მჭედელი და ელჳმას მოგვი და სხუათა მათ მოციქულთა თითოეულად ცრუ მოციქულნი და წინააღმდგომნი, რომელნიცა წინა აღუდგეს და აბრკოლებდეს.
სხვა თვით ათორმეტთაგანი მოციქული ერთი განმცემელ ყო და სამეოცდაათნი, რომელნი გამოირჩინა ქრისტემან, ორი მათგანი კერპთმსახურებად მიაქცინა და შვიდთა დიაკონთაგანი, მოციქულთაგან[?] გამორჩეულნი, ერთი რომელსა ეწოდა ნიკოლოზ, წვალებასა ბოროტსა შთააგდო. ამისთჳს იტყჳს წმინდა მახარებელი იოანე: ჩუენგან განვიდეს არამედ არა იყუნნეს ჩუენგანნი. რამეთუ უკეთუმცა ჩუენგანი იყვნეს და-მცა-დგრომილ იყვნეს ჩუენთანა, არამედ, რათა ცხად იყუნენ. რამეთუ არა არნ ყოველნი ჩვენგანნი. და წმიდა მოციქული პავლე იტყჳს: რამეთუ წვალებაცა ყოფად არიან თქუენ შორის რათა რჩეულნი იგი თქუენ შორის გამოჩნდნენ და კუვალად ოდეს წამებად ეგულვებოდა ნერონის მიერ, შემოკრიბნა ხუცესნი ეკლესიისანი და ყოფად მრავლისა სასწაულისა ეტყოდა.
აჰა, მე უწყი ესე, რამეთუ შემოვიდნენ თქუენდა ყოფად განსვლისა ჩემისა, მგელნი მძიმენი, რომელნი არა ერიდებოდიან სამწყსოსა. და თჳთ თქუენგანნი აღდგნენ კაცნი რომელნი იტყოდიან გულარძნილსა, რათა განადგინნენ მოწაფენნი შედგომად მათდა. და ესრეთ ყოველსა ჟამსა არა დასცხრა მთესვარი იგი ღუარძლისა შერყევად ეკლესიისა და გარყუნად სამწყსოთა ქრისტესათა. და კუალად აღადგინა ეშმაკმან მრავალნი მწვალებელნი, ვითარცა კირინთოს ვინმე და ნიკოლოზ და მარკიონ მიმსგავსებულნი სიმონ მოგვისანი, და იგინიცა განაქარვა ძალმან ქრისტესმან და არავე დაიდუმა უცხომან მან ბოროტმან, არამედ კუალადცა აღადგინა მეფენი მეკერპენი და დევნულებაჲ დიდი ქმნა ქრისტიანეთა ზედა. იგიცა დევნულება ძლიერმან ქრისტემან განაქარვნა. და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან ეკლესიათა, სიტყვისაებრ უფლისა.
მაშინ კუალად სხუანი მწვალებელნი აღადგინა ეშმაკმან: მანის და მუნტიანოს, რომელნი იტყოდეს თავთა თჳსთა ვითარმედ ჩუენ ვართო ნუგეშინის მცემელნი იგი, რომელნი თქუა ქრისტემან მოვლინებად თვისთა მოწაფეთა და სხვანი მრავალნი გმობანი თქუნეს, რომელნი დაიხსნა და განქარდა იგიცა ძალითა ქრისტესითა და წარვიდა სპარსეთს და მრავალნი გმობანი დასთესა მათ შორის. და მიერითგან ოდეს სრულიად განქარვება ვერ უძლო ქრისტეანობისა, ბოროტმან ეშმაკმან ესე მოიპოვა ღონე დათესვად ღუარძლისა თვითო სახისა წვალებისასა, რათა ბრძოლანი იგი რომელნი იყუნეს კერპთმსახურებასა შინა, შემოიღოს ღვთისმსახურებასა შინა, რამეთუ მარადის მთესველი არს ღუარძლისა უკეთური იგი.
ამისთჳსცა განქარდა რა წვალება იგი მანისი და მუნტანოსი და ნავატისი, გამოაჩინა წვალება იგი არიანოზთა ბოროტი და სულთა წარმწყმედელი, რომლისა წინამძღვარი იყო არიოზ, ევნომიოზ და აეტი ევსევი, ევდუქსი და სხვანი მრავალნი მგმობნი ძისა ღვთისანი, რომელნი განყოფდეს არსებასა და ბუნებასა ღვთაებისასა მამასა და ძესა და სულსა წმიდასა სხუად და სხუად არსებად იტყოდეს. რამეთუ ამან ბოროტმან არიოზ წიგნისაგან ორიგენესა მიიღო წვალება ესე: რამეთუ ორიგენე[მ] დაწერა მამა უფრო[ს] არს ძისაო, ძე სულისა წმიდისა, ვითარცა სული წმიდა ანგელოზთა. და ანგელოზნი ჩუენ, კაცთაო. ესრედ აღმართა კიბე გმობისა. არა თუ ცად აღმყვანებელი, არამედ ჯოჯოხეთად შთამყვანებელი. ამის ბოროტისა გმობისაგან შეშინებულმან საბელიოზ შერევნითა თქუა გუამოვნება წმინდისა სამებისა: და შერწყმით და შერევნით აღიარა.
და მათ თანა გამოჩნდა აპოლინარიცა, რომელი ჰგმობდა და იტყოდა, ვითარმედ არა მიიღო ქრისტემან სრულებით ბუნება კაცთაო. არამედ უსულოდ და უ[ბ]უნებოდ იტყოდა ჴორცთა ქრისტეჲსათა.
ამას ზედა აღადგინა მაკედონიოსცა, მგმობარე სულისა წმინდისა, და თანა სწორად მამისა და ძისა არა აღიარებდა სულსა წმიდასა, არამედ უძლეველმან მან ძალმან ქრისტეჲსამან ყოველნი იგი მგმობარენი უჩინო ყვნა და არა სადა იპოების დღეს სახსენებელი მათი არიანოზთა და მაკედონიანოზთა, მბრძოლთა მათ ღვთაებისათა. მათ თანა განქარვებულ არს საბელიოზცა, შერევნისა მეტყველი და ყოველნი მსგავსნი მათნი.
ესრეთ რა მოუძლურდა უძლური და მყრალი ვეშაპი, კუალად მოიპოვა სხუათა წვალებათა ღუარძლი, რათა განკაცება ქრისტესი არა მართლმადიდებლობით იქადაგებოდეს. და ხელყო განყოფად ჴორცთა ქრისტესათა ღუთაებისაგან და ერთსა მას ქრისტესა ორად განჰკუეთდა. ამის განკუეთილებისა და განყოფისა მიზეზ და წინამძღუარ იქმნნეს თევდორე ვინმე ანტიოქიელი და დიოდოროს ტარსუსელი რომლითგან, ვითარცა ძირი სიმწარისა და ნერგი საეშმაკო, აღმოსცენდა ნესტორი და იქმნა ეპისკოპოზ კონსტანტინეპოლისა. და განიდევნა რა კრებისა მიერ თვისისა საყდრისაგან ბოროტისა მის თვის წვალებისა შუამდინარისა კერძოთა, წარვიდა და მუნ დასთესნა გესლნი თჳსისა გმობისანი და ყოველივე აღმოსავლეთისა კერძო შეაგინა.
ამას ბოროტსა წვალებასა ზედა სხვაცა აღადგინა ეშმაკმან, მსგავსი მისი სიბოროტისა, დაღაცათუ სიტყვითა წინააღმდგომად ჩანს. რამეთუ ვითარცა პირველთა მწვალებელთა ზე არიოზ და საბელიოზ წინა აღმდგომ იყუნეს ურთიერთას, რამეთუ არიოზ ერთსა მას ბუნებასა და არსებასა ღუთაებისასა განყოფდა და განჰკუეთდა, ხოლო საბელიოზ სამთა მათ გუამთა წმიდისა სამებისასა ერთად შეჰრევდა შერწყუმიდა და ორნივე შეიჩვენნეს და საუკუნოდ დაისაჯნეს.
ეგრეთვე უკუე აქაცა იქმნა, რამეთუ უღმრთომან ნესტორ ორად განყო ქადაგება ქრისტეს განკაცებისა და ორად გუამად იკადრა თქუმად განყოფილად ღუთაება და განყოფილად კაცება ქრისტესი, ამისთჳსცა ღმრთისმშობელსა უარჰყოფდა და ქრისტეს მშობლად იტყოდა წმიდასა მას ქალწულსა, ვითარცა განყოფილად იყო ღმერთი და განყოფილად ქრისტე. ხოლო ვინათგან მადლითა ღვთისათა ნეტარისა კჳრილეს მიერ და სხუათა წმიდათა მამათა შეიჩუენა და განვარდა ბილწი იგი.
ყოვლად რავდენთამე ჟამთა გამოჩნდა კონსტანტინეპოლს მონაზონი ვინმე უღმრთჲ არქიმანდრიტი მონასტრისა, სახელით ევტიქი. ამან უკეთურმან აღმოიკითხნა წიგნი მანიქეველთანი, უვალენტიანთანი და მარკიანელთანი და არიანოზთანი და მათგან ისწავნა ყოველივე ბოროტი. ამისთჳსცა აღმოსთხია მწარისა მისგან გულისა თჳსისა სიმყრალე ბოროტი. და იტყოდა, ვითარმედ საოცარ იყო განკაცება ქრისტესი. ამისთვისცა არა აღიარებდა არცა შეიწყნარებდა ორთა ბუნებათა ქრისტესათა, არამედ ერთსა ბუნებასა და ერთსა საქმესა და ნებასა იტყოდა ღუთაებისა და კაცებისა მისისა და წმიდასა მას ქალწულსა არცა იგი აღიარებდა ღმრთის მშობლად, არამედ საოცრად იტყოდა მისგან შობილსა მას ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა. ესმა მისი დიოსკოროს, ალექსანდრიის პატრიარქსა და ისწავა მისგან წვალება იგი მისი ბოროტი და მანცა უვარყო ორი ბუნება ქრისტესი.
ამას ზედა შეკრბეს ქალკედონს ექუსას ოცდაათნი მამანი და შეაჩვენეს ევტიქი და დიოსკოროს და განდევნეს იგინი წმიდისა კათოლიკე ეკლესიისგან.
რამეთუ ვითარცა ვთქუ, ბოროტნი იგი მწიგნობარნი, არიოზ და საბელიოზ, წმიდისა და ერთარსისა სამებისა მგმობელნი ურთიერთას წინა აღმდგომსა იტყოდეს, არამედ ორნივე მთხრებლსა წარწყმედისასა შთახდნენ. რამეთუ არიოზ, ბილწმან ბუნებათა და არსებათა განყოფილება თქუა წმიდისა სამებისა. ხოლო საბელიოზ გუამთა და თვითებათა შერევნა და შერწყმა თქუა. ეგრეთვე ნესტორ და მიმდგომთა მისთა: და დიოსკორე და ევტუქი და მიმდგომთა მისთა და ურთიერთას წინააღმდგომნი თქვნეს. არამედ ორნივე წარწყმდეს და შეიჩუენნეს: რამეთუ ნესტორ ურჯულომან განხორციელებული ძე ღმერთი გმო და ორ ძედ და ორ გუამად აღიარა, განყო და განაშორა ბუნება ღუთეებისა და კაცებისა გუამითა და პირებითა, ხოლო დიოსკორე ერთად შერთა და შეარწყა ბუნება ღვთაებისა და კაცებისა და ერთი ბუნება თქუა.
ესრეთ ორნივე მწვალებელნი მიმდგომთა მათთა თანა შეიჩუენნეს და განიხადნეს წმიდისა კათოლიკე ეკლესიისგან. და განიწმინდა ეკლესია ქრისტესი ღუარძლისგან და მთესველი ღუარძლისა ყოვლადბოროტი ეშმაკი სირცხვილეულ იქმნა და იყო დიდსა მშვიდობასა და ერთობასა შინა ეკლესია ქრისტესი მრავალ ჟამ.
არამედ არა დასცხრა მთესველი იგი ღუარძლისა დასაბამი ბოროტთა ეშმაკი, ვერცა თავს იდვა ესოდენი მშვიდობა და ერთობა.
კუალად აღადგინნა სხუანი მწვალებელნი მღდელთმოძღვარნი და მეფენი ურწმუნონი. და შემოიღეს გმობა პატიოსანთა ხატთა და კერპთმსახურებად შეჰრაცხეს თაუვანისცემა და პატივი ხატისა და მრავალნი ძვირნი შეამთხჳნეს თაყუანისმცემელთა წმიდათა ხატთასა: და დიდი დევნულება აღდგა ეკლესიათა ზედა და მრავალნი წმიდანი მოისრნეს და დიდი ბოროტი გარდაეფინა ყოველსა სოფელსა და მრავალ ჟამ იღელვებოდა ეკლესია ქრისტესი.
კუალად შეკრბეს წმიდანი მღდელთმოძღვარნი და ქმნეს კრება მეშვიდე ბრაძანებითა ღუთისმსახურთა მეფეთა მიხაილ და თეოდორასითა და დაამტკიცეს კუალად თაყუანისცემა პატიოსანთა და წმიდათა ხატთა და ყოველნი მწვალებელნი შეაჩვენნეს და განწმიდეს ეკლესია ქრისტესი ყოვლისა ღუარძლისაგან და იქმნა მშვიდობა და ერთობა ეკლესიათა მრავალ ჟამ.
რამეთუ ვიდრემდის მეფენი ბერძენთანი სიმტკიცესა ზედა იყუნეს და მშვიდობასა ვერცაღა უსჯულონი მტერნი ერეოდეს არცაღა ეკლესიანი და საპატრიარქონი მოუძლურებით იყუნეს. მაშინ იყო დიდი მშვიდობა და ერთობა ხუთთავე საპატრიარქოთა და ყოველთა ეკლესიათა აღმოსავლეთისა და დასავლეთისათა [და] ყოვლითურთ ბრწყინვიდა მართლმადიდებლობა და თუ სადმე აღმოეცენის ცილობა რამე ანუ წვალება კვალად ქმნიან ადგილ-ადგილ კრება და ღმრთისავე ერთობასა და მოციქულთა და მამათა მიერ მოცემულსა წესსა და კანონსა ზედა დაამტკიციან ეკლესია ქრისტესი. და მცილობელნი და წინა აღმდგომნი შეაჩვენიან და განხადიან.
ხოლო ოდეს მიშუებითა ღვთისათა აღდგეს ყოვლით კერძო მტერნი უსჯულონი და ცოდვათათჳს კაცთასა დაიპყრნეს მრავავალნი სოფელნი და ქალაქნი და მცირედ-მცირედ განირყუნეს ეკლესიანი და დამდაბლდეს სამწყსონი ქრისტესნი და საპატრიარქონი ეკლესიანი მოუძლურდეს. მერმე მოადგეს სამეფოსა ქალაქსა კონსტანტინეპოლ(?)ს ახალსა ჰრომსა და შეავიწროეს ყოვლით კერძო მეფენი ბერძენთა. ხოლო დასავლეთისა იგი კერძონი პაპა ჰრომისა და მეფენი დასავლეთისანი მშვიდობასა შინა იყვნეს და თავისუფლებასა მტერთაგან.
მაშინ იხილნეს რა მეფენი ბერძენთა მტერთა მიერ ძლიერად ბრძოლილი და საპატრიარქონი და ყოველნი ეკლესიანი აღმოსავლეთისანი დამდაბლებულნი აღიმაღლნეს წარბნი და აღიღეს თავი სამწყსოსა ზედა ქრისტესათა პაპამან და მეფეთა დასავლეთისათა და არა თანა შემწე ექმნნეს, არცა თანა მზრუნველ და ჴელის ამპყრობელ, ვითარცა ფსალმუნი იტყვის: „რომელი ღმერთმან დაამდაბლა და დასცა, მათ დევნნეს იგინი და სალმობასა წყლულთა მათთასა შესძინეს უსჯულოება“, რამეთუ მოიხსენეს ძველთა მტერობა და განაახლეს შური პირველი რომელ აქუნდა.
რამეთუ დასაბამსა ქრისტიანეთა მეფობისასა, ოდეს მოხედნა ღმერთმან და აღამაღლა რქა ქრისტიანეთა და დიდი კონსტანტინე მორწმუნე იქმნა, წარმოემართა აღმოსავლეთს და მოსცვალა ძველი ჰრომი ახლად ჰრომად და აღაშენა და განავრცელა ბიზანტია და უწოდა კოსტანტინოპოლი საშუალსა ადგილსა აღმოსავლისა და დასავლისასა, რომელი არს ახალი ჰრომი და აღამაღლა პატრიარქი ახლისა ჰრომისა, ვინაცა ძუელისაცა რომისა ეპისკოპოზი მასვე კოსტანტინეს განედიდა და ხელთ ედვა მისთვის განგება და მწყემსობა დასავლეთისა, ეგრეთვე სხუანიცა ეკლესიანი და საპატრიარქონი მასვე განედიდა და აღემაღლა: რამეთუ ვიდრე დიდისა კოსტანტინესამდე ფრიად დაგლახაკებულ და დამდაბლებულ იყუნეს კერპთმსახურთა მეფეთა მიერ და სამარადისოსა ჭირსა და დევნულებასა შინა იყვნეს ყოველნი ეკლესიანი და მეფემან კოსტანტინე, ვითარცა ვთქუ ადიდნა და აღამაღლნა და უმეტეს ეპისკოპოზი კოსტანტინეპოლისა და ეკლესია მისი განადიდა, ვინათგან სამეფო ყო ქალაქიცა მისი.
ესე ძუელი შური და მტერობა მოიხსენეს პაპამან რომისამან და მიმდგომთა მისთა დასავლეთისა კერძოთა და განადიდეს და აღამაღლნეს თავნი და თქუეს გულითა მათითა და ნათესავთა მათთა ერთად: „მოვედით დავადუმნეთ ყოველნი დღესასწაულნი ღვთისანი ქუეყანით, რამეთუ სასწაულნი მათნი ჩუენ არა ვიხილ[ო]თ, რამეთუ არღარა ვინ არს წინასწარმეტყუელ და ჩვენ არავინ გვიცნნიეს მერმეცა“ და შედგომი. და სხვა რაოდენნი წერილ არს მოსახსენებელთა შინა მაშინდელისა მის საქმისა. ოდეს მეფე იგი ბერძენთა და პატრიარქი კოსტანტინეპოლისა წარვიდეს იტალიას და ევედრნეს დასავლეთისა მყოფთა და პაპასა, რათა თანა შემწე ეყუნეს მტერთა ზედა, ხოლო მათ თქუეს, რათა სარწმუნოება პირველი უვარ-ყონ და აღიარონ სარწმუნოება მათი და მაშინღა შეეწინენ მტერთა ზედა.
ხოლო ბერძენთა არა თავს იდვეს ესე, არამედ აღირჩიეს სიკუდილი ვიდრეღა იოტა ერთი, გინა რქა ერთი სარწმუნოებისგან მამათა მიერ მოცემულისა შეცვალებად და დაკლებად ანუ შემატებად და ესრეთ განიყარნეს და განეშორნეს ურთიერთარს ბერძენნი და ჰრომნი. ვითარცა წერილ არს მაშინდელთა მოსახსენებელთა შინა ვრცელად და უნაკლოდ. ხოლო ჩუენ ნეფსით არა აღვწერეთ, რათა არა სიმრავლე წერილთა იქმნას.
მაშინ შეკრბეს ერთად დასავლეთისა იგი კერძონი და ქმნეს კრება ფლორე[ნ]ციას და უწოდეს მერვედ კრებად და დასხნეს ყოველნი წესნი და კანონი მოციქულთანი და მამათა მიერ მოცემულნი საზღუარნი და ყოველივე წინააღმდგომნი თქუეს და ქმნნეს და ვითარცა ენება, ეგრეთ დაამტკიცეს.
რამეთუ პაპა ჰრომისა ნებითა მათითა თჳნიერ კანონისა აღამაღლნეს უმეტეს ყოველთა პატრიარქთა და ღვთის მაგიერად და მეორედ ქრისტედ აღიარეს ქუეყანასა ზედა.
მერმე წმიდისა და თაყუანის საცემელისა სამებისა შორის თქუეს შერევნა და სულიწმიდა მამისა და ძისაგან გამოსვლითა აღიარეს, რომელი ესე უცხო არს ქადაგებისაგან წიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათასა, რამეთუ არა ოდეს თქმულ არს ესე სარწმუნოება, არცა ერთსა კრებასა შინა, არცა ვის ერთსა წმიდათაგანს უკადრებიეს ესრეთ თქმად, ვითარცა იგინი აღიარებენ.
მერმე წმიდა ნათლისღება, რომელი წმიდათა მოციქულთა და წმიდათა კრებათა განგვიწესეს სამ გზის წყალთა შინა დაფლვითა და მიერ აღმოშობითა სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა ესე აღიღეს და მცირედისა წყლისა შეხებითა განაწესეს ნათლისცემა მღდელთა მიერ გინა თუ ერის კაცთა, ანუ დედაკაცთა მიერ.
მერმე წმიდისა ჟამისწირვისა საიდუმლო უფოვარითა სეფითა შეწირვა, დღესა შინა ერთსა ერთისა მღდელისა მიერ მრავალგზის წირვა და საეროთა სახლთა შინა უეკლესიოდ განაწესეს.
მერმე ზიარება ერისკაცთა სხვათა სეფის კუერითა, რომლითა მღდელნი ყოვლად არა ეზიარებიან და სხვითა ლიტონითა ღვინითა რომელი არა მიახლებულ არს ტრაპეზსა, მით ზიარება განუწესნეს და ჩუილთა ყრმათა ვიდრე ათხუთმეტ წლადმდე ყოვლად არა აზიარებენ.
მერმე განყვეს ჯოჯოხეთი და სხვად და სხვად რიგად თქუეს. ერთსა მას საუკუნო უწოდეს რომელსა შინა შთასრულნი ვერა რომლითა ღონითა ვერცა ხუაიშნითა წმიდათა თანა ვერცა აქეთგან მოხმარებითა ვერარას ლხინებას ჰპოებენ და ერთი სხვა არსო ცოცხლისა სატანჯველიო, რომელსა შინა მოსავნი პაპისანი შევლენ მცირედ ჟამ და ადრე გაწმედილნი გამოვლენო.
ხოლო ლოცვა და საეკლესიო განწესებული ფსალმუნება სრულიად აღხოცეს ეკლესიით და წმიდათა მამათა მიერ განწესებული აღიღეს და თვინიერ წირვისა არღარა არს ეკლესიათა მათთა შინა არცა ფსალმუნება, არცა საგალობელი, არცა ღამისთევა.
და ვითარცა ენებოს და ვითარცა დახუდეს, ეგრეთ აღმართებენ საკურთხეველთა არა აღმოსავლეთით განწესებისაებრ წმიდათა მოციქულთასა, არამედ გინა თუ დასავლეთით კერძო, ანუ სამხრეთით ანუ ჩრდილოეთით.
ხოლო მარხვა სრულიად დაჰხსნეს და მოსპეს და არღარა არს მათ შორის მარხვა არცა ერისკაცთა, არცაღა სამღდელოთა კაცთა შორის თვინიერ მცირედთა მონაზონთა გარეშე და მათცა უკეთუ იმარხონ, თვინიერ ჴორცისა არა რასა სხვასა იმარხვენ არამედ უკრძალველად ყოველთავე იხუმევენ და ურიდად ჭამენ.
ხოლო ოთხშაბათსა ყოვლადვე არა იმარხვენ, რომელი განგვიწესეს წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათა და მისდა ნაცვლად შაბათსა იმარხვენ რომელი არა ოდეს მოცემულ არს ესე ჩუენდა თვინიერ ერთისა მის დღისა.
ხოლო დედათა მათთა ჟამსა წიდოვნებისასა და ოდესცა საწოლითა ქმართა მათთა თანა შეყოფილ იყვნენ, საკურთხეველთა აღიყვანენ და ზიარებასა მისცემენ.
და ყოველი ერი ოდეს შევიდეს ეკლესიად დიდი გინა თუ მცირე, მამანი გინა თუ დედანი თანა შეიყვანენ ძაღლთა და ეკლესიათა არა ჰრიდებენ.
და ყოველი ცოდვა მაკვდინებელი ადვილად შეჰრაცხეს და მას ღამესა რომლითაცა ვინ ბოროტითა ცოდვითა დაეცეს და შეიგინოს მას დღესა, აზიარებენ. ესე და ესევითარნი წესნი და კანონნი დასხნეს ეკლესიასა შინა და ყოველი საზღუარი და განწესება წმიდათა მოციქულთა და შვიდთა მსოფლიოთა კრებათა დასხნეს და გარდასცვითეს.
რამეთუ შვიდთა მსოფლიოთა კრებათა მიერ შვიდგზის გამოდნობილნი სიტყვანი ღვთისანი, ვითარცა ფსალმუნთა შინა წერილ არს: „სიტყვანი უფლისანი არიან სიტყვა წმინდა ვერცხლ გამოხურვებულ და გამოცდილ მიწით და განწმენდილ შვიდ წილად“, რამეთუ სიტყვანი უფლისანი წმიდა შვიდ გზის მიწიერთა კაცთაგან გამოიცადა და გამოიხურვა და უბრწყინვალეს იქმნა. ესე ყოველი, ვითარცა ვთქუ დაჰხსნეს და გარდასცვითეს და სხვა რამე წესი შემოიღეს გარეშე საზღვართა მამათასა და ვიდრე დღეინდელად დღედმდე უახლესთა და უახლესთა წესთა შემოიღებენ წინააღმდგომსა შვიდთა კრებათასა.
ხოლო ამათ ყოველთათჳს სიტყვისგება თითოეულად ქუემორე უვრცელესად აღგვიწერიეს, რომელი ცხადად საცნაურ ყოფს ყოველსავე.
ხოლო აღმოსავლეთისა ეკლესიანი და ოთხნივე საპატრიარქონი, დიდი რუსეთი და ჩვენ, ქართველნი, მასვე და ერთსა სარწმუნოებასა ზედა ვჰგიეთ შეურყეველსა და შეუცვალებელსა მოციქულთა მიერ მოცემულსა და შვიდთა მსოფლიო კრებათა მიერ დამტკიცებულსა.
და უმეტეს ჩუენ, ქართუელთა, ოდეს მოგუეცნეს სარწმუნოება ჭეშმარიტი და ნათელი ღვთის მეცნიერებისა შევიწყნარეთ წმიდისა მოციქულისა ანდრიას მიერ და მერმე ყოვლად წმინდისა ნინოს მიერ და მიერ დღითგან არღარა ოდეს მიდრეკილ არს ნათესავი ჩუენი ურწმუნოებად, არცაღა შეუწყნარებიეს ოდესცა წვალება იგი ბოროტი მთესველისა მიერ ღუარძლისა, ვითარცა იგი სხუანიცა მოსახსენებელნი გვაუწყებენ, რამეთუ დასაბამითგან ვაცანთ რა ჭეშმარიტება, მტკიცეთ ვჰგიეთ მასვე საფუძველსა ზედა, რომელი გვასწავეს წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათა, არა რა დაგვიკლიეს, არცა რა შეგვიმატებიეს. ესრეთ გურწამს, ესრეთ აღვიარებთ და ესრეთ ვქადაგებთ, ვითარცა ესერა წერილ არს. (38)
No comments:
Post a Comment